პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის დონის მატების სიმპტომებზე ისაუბრა:
„ტყვიის ყველაზე ზემოქმედება არის მისი გონებრივი განვითარების შეფერხება. ეს ყველაზე მეტად თვალშისაცემია და დიდ გავლენას ახდენს ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე. კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება ტყვიასთან იყოს დაკავშირებული, არის შეკრულობა. თუ შეკრულობას მკურნალობთ დიდი ხნის განმავლობაში და შედეგი არ გაქვთ, აუცილებლად საჭიროა დაფიქრდეთ, ხომ არ არის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა. ასევე რეზისტენტული ანემიები, როდესაც ჰემოგლობინის დონე დაქვეითებულია და მკურნალობა უშედეგოა, შესაძლოა, იყოს ტყვიის მომატების ნიშანი.“
ივანე ჩხაიძის თქმით, ტყვიის მაჩვენებლის მატება ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია:
„უხშირესი არის გონებრივი განვითარების შეფერხება, ქცევის ცვლილება, ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. ითვლება, რომ ხუთი ბავშვიდან, რომელსაც ამ სინდრომის დიაგნოზს ვუსვამთ, ერთში მიზეზი სწორედ ტყვიის მომატებული მაჩვენებელია.“
„აუცილებლად ორი რამ უნდა გაკეთდეს. საჭიროა კვალიფიციური ექიმის დეტალური შეფასება და ტყვიის დონის განსაზღვრა. ამის შემდგომი გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დონით არის მომატებული ტყვიის დონის მაჩვენებელი,’- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: რადიო „ფორტუნა“
წაიკითხეთ სრულად