Baby Bag

,,ჩემს პირად პრაქტიკაში მახსენდება შემთხვევები, როდესაც წიწვოვან კურორტზე ყოფნისას აღენიშნათ სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი'' - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი

,,ჩემს პირად პრაქტიკაში მახსენდება შემთხვევები, როდესაც წიწვოვან კურორტზე ყოფნისას აღენიშნათ სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი'' - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი

გაზაფხულზე ალერგიული გამოვლინებები მატულობს ბავშვებში, რასაც შესაძლოა გართულებები მოჰყვეს. რა სახით ვლინდება და რა უნდა გააკეთონ მშობლებმა? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი.


- განსაკუთრებით ხშირია ალერგიული გამოვლინებები გაზაფხულზე. რა სახით შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში?

- სეზონური ალერგია ბავშვებში უხშირესად 1 წლის ასაკის შემდგომ ვლინდება, სეზონურ ალერგიას ანუ პოლინოზს ძირითადად განაპირობებს ბალახების, სარეველების, ხეების ყვავილის მტვრის მარცვლები. მათი დიამეტრი საშუალოდ 0.05 მმ-ია, ამიტომ შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია დავინახოთ. მცენარის ეს მარცვლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს. არსებობს მცენარეული ყვავილის მტვრის ორი სახე: ერთი, რომელიც ქარით დამტვერვადია, ისინი შეიძლება დაახლოებით 100 კმ რადიუსის მანძილზე გავრცელდეს. მეორე მწერებით დამტვერვადია, მათი ყვავილები კაშკაშა ფერითა და სურნელით ხასიათდებიან, რადგან მათი მტვრის გავრცელება მწერების საშუალებით ხდება, ნაკლებად ხვდება ჰაერში. ამის გამო, ასეთი მტვრის მქონე მცენარეების მიმართ ალერგია შედარებით იშვიათია.

პოლინოზის ძირითადი სიმპტომებია:

  • ცხვირის ქავილი;
  • ცხვირიდან უხვი წყლისებური გამონადენი;
  • გახშირებული ცემინება;
  • ყელის ქავილი და/ან ტკივილი;
  • ხმის ტემბრის შეცვლა;
  • თვალების სიწითლე და/ან ქავილი;
  • თვალის ქვედა ქუთუთოების შეშუპება და კანის ფერის გამუქება ე.წ. „მუქი რგოლების“ არსებობა;
  • ყურების და ყელის ქავილი, იშვიათად ტკივილის შეგრძნება;
  • პირღია სუნთქვა;
  • ღამით ხშირი გაღვიძება და ა.შ.
- თუ მშობელმა დროულად ვერ შენიშნა, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

- ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 20-40%-ს ასევე აღენიშნებათ ასთმაც, რომელსაც ახასიათებს ხველა და/ან მსტვინავი სუნთქვა, სულხუთვა, სუნთქვის გახშირება შეტევის დროს, რაც აუცილებლად საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას.

- ზოგადად, რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ მოიქცნენ ალერგიის გამოვლენის შემთხვევაში?

- ალერგიული სიმპტომების გამოვლენისას მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, შემდგომში გართულებების თავიდან აცილების მიზნით. ალერგიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია კანის სინჯების ჩატარება საეჭვო ალერგენების მიმართ, რაც გულისხმობს, მაგალითად, მცენარეული მტვრის ალერგენის, წვეთის სახით, წინამხარზე მოთავსებას და კონკრეტული მცენარის მიმართ ალერგიის გამოვლენას. პროცედურა არის ძალიან მარტივი, ნაკლებად მტკივნეული და 30 წთ-ში პასუხი მზად არის. გასათვალისწინებელია, რომ პაციენტი გამოკვლევამდე, საშუალოდ 7 დღის განმავლობაში, არ უნდა იღებდეს ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. თუ კანის პრიკ-ტესტირება ვერ ტარდება, მაგალითად ადრეულ ასაკში, უმჯობესია სისხლში სპეციფიკური იმუნოგლობულინების განსაზღვრა, ან ბევრი ფაქტორის მიმართ ალერგიის შემთხევაში, მძიმე მიმდინარეობისას რეკომენდებულია იმუნოლოგიური ტესტი, თანამედროვე ბიოჩიპის მეთოდით (ISAC), რომლის დროსაც შესაძლებელია ანალიზი ჩატარდეს ალერგენების 112 კომპონენტზე ერთდროულად.

დიაგნოსტიკის შემდგომ მარტივია საპრევენციო ღონისძიებების დაგეგმვა. სეზონური ალერგიის გართულების თავიდან აცილების მიზნით მნიშნელოვანია ალერგენების თავიდან არიდება!

ალერგიული მცენარის ყვავილობის დროს, ამ მცენარეზე ალერგიული ადამიანი უნდა მოერიდოს ქარიან ამინდში გარეთ აქტივობას, უმჯობესია სეირნობა წვიმის დროს ან შემდეგ, რადგან გარკვეულწილად სუფთავდება ყვავილის მტვრისგან ჰაერი;
მანქანით მგზავრობისას დახურეთ ფანჯარა და გამოიყენეთ კონდინციონერი, უმჯობესია HEPA გამწმენდი ფილტრით;
გამოიყენეთ მზისგან დამცავი სათვალე, რათა ნაკლებად მოხვდეს ალერგენები თვალის ლორწოვანში;
სახლში დაბრუნებისას რეკომენდებულია დროულად შხაპის მიღება, რათა მოხდეს ალერგიული მტვრის ნაწილაკების ჩამორეცხვა სხეულიდან;
ხშირად უნდა მოხდეს ცხვირის ლორწოვანის გამორეცხვა, ზღვის მარილის შემცველი ხსნარებით;
ოთახის დასუფთავება უმჯობესია მოხდეს სველი წესით და HEPA ფილტრის მქონე მტვერსასრუტით;
ტანსაცმელი და თეთრეული სასურველია გაშრეს საშრობ ოთახში პრობლემურ სეზონზე;

თუ ალერგიული ჩივილები, პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, მუდმივია და მედიკამენტის დოზების გაზრდას საჭიროებს, რეკომენდებულია ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის ჩატარება ( ე.წ. ანტიალერგიული აცრა), რაც განკურნების და შემდგომში გართულების თავიდან არიდების შანსს გვაძლევს.

- როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

- ზოგჯერ პაციენტებს უჭირთ განასხვაონ ალერგიული სიმპტომები გაციებისგან და მიმართავენ თვითმკურნალობას, გაციებას იწვევს ვირუსის დახლოებით 200-მდე ქვეტიპი. იგი თვითგანკურნებადი დაავადებაა, მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება. მიმდინარეობს სიმპტომების მსუბუქი გამოვლინებით, ახასიათებს ყელის ტკივილი, ცემინება, ცხვირის გაჭედვა და/ან ცხვირიდან გამონადენი, უფერო ან მომწვანო-მოყვითალო ფერის, მსუბუქი ხველა, რომელიც უხშირესად უმჯობესდება ცხვირის და ყელის სიმპტომების ალაგების შემდეგ. იშვიათად ახასიათებს ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება ყურის და სახის არეში. თუ სიმპტომები არის ხანგრძლივი, იწვევს ყოველდღიურ აქტივობაში შეზღუდვას, უმჯობესია დროულად მიმართონ ექიმს.

- რამდენად დიდია შანსი სეზონური ალერგიისკენ მიდრეკილების მქონე ადამიანს, საკვების მიმართაც ჰქონდეს ალერგიული გამოვლინება?

- კვებითი ალერგია, როგორც წესი, ადრეული ასაკიდან ვლინდება და ასაკის მატებასთან ერთად იკარგება. ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია: ძროხის რძე, კვერცხი, თევზი და თევზისნაირები, სოიო, თხილეული. იშვიათ შემთხვევაში მათ მიმართ ალერგია მთელი ცხოვრება შეიძლება დარჩეს. მცენარეების მტვრის მარცვლის მიმართ ალერგიულებს შესაძლოა გამოუვლინდეთ ე.წ. ორალურ-ალერგიული სინდრომი. ეს არის კვებითი ალერგიის ტიპი, რომელიც გამოწვეულია თერმულად დაუმუშავებელი ხილით, სუნელითა და თხილით. აღმოჩნდა, რომ გარკვეული მცენარეების მტვრის მარცვალს და მრავალ ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს და სუნელსაც კი შესაძლოა ჰქონდეს მსგავსი სტრუქტურის ცილები. ეს ცილები ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ აღიქმება, როგორც საშიში და განაპირობებენ ალერგიული რეაქციების პროვოცირებას. ყველაზე ხშირი სიმპტომებია პირის ღრუსა და ხორხის შეშუპება, რომელიც იწყება ძალიან სწრაფად საკვების პირის ღრუში მოხვედრისთანავე და როგორც წესი საკვების გადაყლაპვიდან რამდენიმე წუთი გრძელდება.

სიმპტომები: პირის ღრუს, ხორხის, ზოგჯერ ტუჩების ქავილი და მცირე შეშუპება;

სიმპტომები, როგორც წესი, იწყება პრობლემური საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ხოლო გადაყლაპვის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩივილები გადის; ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ხელების ქავილი, სიწითლე, შეშუპება გათლილ ხილთან ან ბოსტნეულთან შეხების შემდეგ, მაგალითად: მანგო, ვაშლი ან კარტოფილი.

ორალური ალერგიული სინდრომის მქონე პაციენტების დაახლოებით 10%-ს აღენიშნება გულისრევა და მუცლის ტკივილი, ხოლო დაახლოებით 5 %-ს უფრო მძიმე სისტემური რეაქცია, როგორიცაა ხორხსა და გულმკერდში შებოჭვის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, დიარეა ან ცნობიერების დაკარგვა. აღსანიშნავია, რომ ორალური ალერგიული სინდრომის სიმპტომები დამოკიდებულია მცენარეების ყვავილობის სეზონზე. სიმპტომები, როგორც წესი შესამჩნევია ამ სინდრომთან დაკავშირებული მცენარეების ყვავილობისას და გრძელდება კიდევ რამდენიმე თვე.

- ამბობენ, რომ გაზაფხულზე ნაძვის მტვერი კარგია ბავშვებისთვის და მიჰყავთ მთის კურორტზე. რამდენად გამართლებულია? რეალურად არის თუ არა ბავშვებისთვის კარგი თუ პირიქით, ალერგიის გამომწვევია?

- სამწუხაროდ, მაღალი მტკიცებულების კვლევები იმის შესახებ, რომ ნაძვის მტვერს ჯანმრთელობისთვის რაიმე სასარგებლო თვისება აქვს, არ მოგვეპოვება. სუფთა ჰაერზე ყოფნა ნებისმიერ სეზონზე კარგია, თუმცა გასათვალისწინებელია პოლინოზის არსებობა, ჩემს პირად პრაქტიკაში მახსენდება შემთხვევები, როდესაც წიწვოვან კურორტზე ყოფნისას აღენიშნათ სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი, მაღალი კონცენტრაციით ხე-მცენარის მტვრის შესუნთქვის ან საკვებად მიღების დროს.


ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო შორს უნდა დავდგათ კომპიუტერი" - თეა ადამია

,,რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო შორს უნდა დავდგათ კომპიუტერი" -  თეა ადამია

,,როდესაც ბავშვი ზის კომპიუტერთან ან წიგნთან, მიაქციეთ ყურადღება, რომ ორივე ყურის ბიბილო იყოს ერთ დონეზე და მხრებთან გასწორებული", - ამის შესახებ ექიმმა რეაბილიტოლოგმა, თეა ადამიამ გადაცემაში ,,შუადღე" ისაუბრა.

,,ამ მდგომარეობიდან  ნებისმიერი გადახრა არის პრობლემა იმიტომ, რომ ეს არღვევს კუნთების დატვირთვას და ხერხემლის  ბიომექანიკას. სამუშაო მაგიდის სიმაღლე უნდა იყოს მისი მხრის დონეზე. რაც შეეხება სკამს - ბავშვის ფეხების ქვეშ უნდა იყოს რაიმე, ანუ მისი ფეხები არ უნდა იყოს ჰაერში, ეს ძალიან მნიშნელოვანია. უკნიდან საზურგე ისე უნდა იწყებოდეს, რომ სკამზე ბარძაყის 2/3 უნდა მოთავსდეს. სკამის უკან ვდებთ დიდ ბალიშს, რათა პატარასთვის მოცულობა იყოს შევსებული  და თუ ის ფეხით ვერ წვდება იატაკს, სულ ერთია - რა იქნება, თუნდაც - ფეხსაცმლის ძველი ყუთი, უნდა დავუდოთ. 

ბევრ რაიმეს გააჩნია - ასაკს, როგორ იზრდება ბავშვი და ა.შ. სწრაფად მზარდი ბავშვები სწორად ჯდომას უფრო მეტად ვერ უძლებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს საყრდენი. ეს ჩვენს სკოლებში არ აქვთ - მერხი არის ვიწრო და როდესაც ბავშვი წიგნს გადაშლის, მისი ხელისთვის ადგილი აღარ რჩება. ამიტომ, ბავშვი ხრის წიგნს და მასთან ერთად იხრება ხელიც. ის ყველა წესს არღვევს, რადგან ფიზიკურად არ აქვს მეტი ადგილი. ბუნებრივია, ეს მერხები კომერციულად არის წარმოებული. ალბათ, უნდა იყოს ვალდებულება და მოწმდებოდეს ისინი. ჩვენს სკოლებში ეს სტანდარტი დარღვეულია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, თუ სკოლას აქვს ვარიაციის საშუალება.

რაც შეეხება კომპიუტერს - არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს კომპიუტერის წინ უნდა ჰქონდეს სამუშაო სივრცე. რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო შორს უნდა დავდგათ კომპიუტერი. თუ ბავშვს სჭირდება ბიფოკალური სათვალე, ეკრანი უნდა იყოს გადახრილი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, საიდან ხვდება განათება - შეიძლება, ეკრანზე იყოს ანარეკლი, რაც ბავშვს აიძულებს, შეცვალოს კომპიუტერის მდებარეობა. იდეალურად მიიჩნევა, თუ ჩემი თვალის ხაზი არის ეკრანის ზედა ნაწილიდან, დაახლოებით, 6-8 სმ-ით დაბლა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კლავიატურა და მაუსი უნდა იყოს ერთმანეთთან ახლოს", - გვირჩევს თეა ადამია.

წყარო: ​,,შუადღე"

წაიკითხეთ სრულად