„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბავშვისთვის კონკრეტულ დროს დაძინებაზე მეტად მნიშვნელოვანი ერთი და იმავე დროს დაძინებაა - რა პერიოდიდან და როგორ უნდა დავურეგულიროთ ბავშვს ძილის რუტინა?
ძილის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გვესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე, რომელმაც განგვიმარტა, თუ რა პერიოდიდან და როგორ უნდა დავურეგულიროთ ბავშვს ძილის რუტინა:
- როგორც ვიცით, ბავშვს დაბადებიდან თავისი ძილის რეჟიმი აქვს. უნდა ჩავერიოთ და დავარეგულიროთ ეს, თუ მივცეთ ბავშვს უფლება, როცა უნდა დაიძინოს?
- ყველა ბავშვი იბადება გარკვეული ბიოლოგიური პრიორიტეტებით და რიტმით, რომელიც აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ამ პროცესში უხეში ჩარევა არ იქნება გონივრული. თუმცა ფრაზა „როცა უნდა დაიძინოს“ ყოველთვის გამართლებულიც ვერ იქნება. ამ დროს გააჩნია ასაკს და იმ გამოწვევებს, რასაც ბავშვის ყოველდღიური საჭიროებები გვკარნახობს. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ყურადღებით დავაკვირდეთ ბავშვის ინდივიდუალურ პრიორიტეტებს და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, ნაბიჯ-ნაბიჯ დავარეგულიროთ. მაგალითად, ეტაპობრივად გადმოვანაცვლოთ ჩაძინების დრო, ვასწავლოთ ბავშვს ძილის დამოუკიდებლად შებრუნება, გამოვუმუშავოთ ძილისწინა რუტინა. გაითვალისწინეთ, ბავშვისთვის კონკრეტულ დროს დაძინებაზე მეტად მნიშვნელოვანი ერთი და იმავე დროს დაძინებაა. ძილის რეჟიმის ნაწილია გაღვიძებაც, რომლის დროც ასევე რეგულარული უნდა იყოს. ძალიან ხშირად ჩაძინების რეჟიმის მოწესრიგებას სწორედ დილით ერთი და იმავე დროს გაღვიძებით ვიწყებთ.
- არის თუ არა ჩვილებში ღამის და დღის ძილს შორის სხვაობა და როგორია ძილის ფაზები?
- ძილის ფაზებს შორის განსხვავება შესამჩნევია ასაკის ცვლილებასთან ერთად. დღის და ღამის ძილი ამ მხრივ ნაკლებ განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, ე.წ. სწრაფი ძილის ფაზა უფრო ხანგრძლივია და შეადგენს საერთო ძილის 50%-ს. ასაკთან ერთად მცირდება და ზრდასრულ ასაკში 25%-ია. ასევე ადრეული ასაკის ბავშვებს უფრო მცირე დრო სჭირდებათ ღრმა ძილის დადგომისთვის, ვიდრე ზრდასრულებს. ამის პარალელურად ბავშვების ძილი გაცილებით უფრო მოწყვლადია და რუტინაზე დამოკიდებული, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. ძილის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემებიც უფრო დრამატულია ადრეულ ასაკში. თუმცა ძილის ხანგრძლივობისა თუ ხარისხის შემცირება არც ზრდასრულებისთვისაა უსაფრთხო. - რა პერიოდიდან იწყება ძილის რეჟიმის რეგულირება? - პირველი რამდენიმე თვე თავად ბავშვიც ძიებაშია და ეტაპობრივად ადაპტირდება საკუთარ ბიოლოგიურ რიტმებთან. ეს პერიოდი მშობლების მხრიდანაც უფრო დაკვირვების პერიოდია. ვადები აბსოლუტურად ინდივიდუალურია. არიან ბავშვები, რომლებიც პირველივე კვირებიდან თავად არეგულირებენ ძილ-ღვიძილის რეჟიმს. თუმცა უმრავლესობას ჩვენი მხრიდან დახმარება სჭირდება. ერთი კონკრეტული ასაკი ამისთვის არ არის, თუმცა საშუალოდ 6 თვისთვის, როდესაც უკვე ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება შერეული კვების ეტაპი და დედის თუ ადაპტირებული რძის პარალელურად იწყებენ დამატებით ბოსტნეულის თუ ბურღულის ფაფების მიღებას, კვების რეჟიმი ხდება უფრო ორგანიზებული, ვიდრე იყო მანამდე. ასევე, დაახლოებით ამ პერიოდიდან ღამის კვებაც ეტაპობრივად მცირდება და შუალედი იმატებს. ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება დღის და ძილის რეჟიმის დარეგულირებაში. ამავე პერიოდიდან სასურველია, რომ საღამოც ბოლო კვებასა და ღამის ძილს შორის გარკვეული შუალედი დავიცვათ. ანუ, თუ მანამდე ბავშვს შეიძლება კვების დროს ჩასძინებოდა და უმეტესად ასეც ხდება ხოლმე, განსაკუთრებით ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში, 6 თვიდან სასურველია, ეს ტრადიცია ნელ-ნელა დავარღვიოთ. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ პირველივე მცდელობები წარმატებული იქნება. მიზანი ამ სტრატეგიის არის ის, რომ ბავშვმა ეტაპობრივად დაიწყოს დამოუკიდებლად ჩაძინების სწავლა და ჩაძინების რიტუალის ნაწილი აღარ იყოს საკვების მიღება.
დაახლოებით 1-1,5 წლის ასაკისათვის ძილის რეჟიმი უკვე პროგნოზირებადია ხოლმე. ანუ გამოკვეთილია კონკრეტული ბავშვის დღის და ღამის ძილის პერიოდები. გაითვალისწინეთ, რომ ძილი ბავშვის ყოველდღიურობის ნაწილია. შესაბამისად, იზოლირებულად ძილის რეჟიმზე მუშაობა არასწორი და არაეფექტურია ხოლმე. დღის მანძილზე საკვების რეგულარული მიღება და რეჟიმის დაცვა, ფიზიკური და სამაგიდო აქტივობების სწორად გადანაწილება იდეალური წინაპირობაა საღამოს დროულად ჩაძინების და ღამის განმავლობაში ძილის შენარჩუნებისთვის.
- უძილობამ ან ძილის არევამ რა ნეიროფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება წარმოშვას ბავშვში? - ძილი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. ზუსტად ისეთი, როგორც საკვების თუ წყლის მიღება. ძილის დროს თავის ტვინი, ერთი მხრივ, „ისვენებს“ ახალი ინფორმაციისა და სტიმულებისგან, თუმცა ამ პერიოდს იყენებს უკვე მიღებული გამოცდილების გადამუშავების და ორგანიზებისთვის. მნიშვნელოვანია ძილის არა მხოლოდ ხანგრძლივობა, არამედ ხარისხიც. ორგანიზმს, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული რესურსი და პირველივე უძილო ღამე დრამატულ ცვლილებებს არ მოგვიტანს. თუმცა თუ უძილობას და რეჟიმის დარღვევას აქვს რეგულარული ხასიათი, მაშინ, სამწუხაროდ, რეალური პრობლემების წინაშე ვდგებით. ადრეული ასაკის ბავშვებში ძილის დეფიციტი გამოიხატება ადვილად გაღიზიანებადობით, ჭირვეულობით, მოუსვენრობით, გონებაგაფანტულობით და ყურადღების დეფიციტით. შედარებით მოზრდილებში ჭარბობს მოდუნება და დღის ძილიანობა. ყურადღების დეფიციტი და გაფანტულობა ამ შემთხვევაშიც აქტუალურია, ისევე როგორც ინფორმაციის გადამუშავების და ასევე უკვე ნასწავლის გახსენების შენელება. ბუნებრივია, რაც უფრო მოზრდილი ასაკისაა ბავშვი, მოთხოვნა მისი კოგნიტური უნარების მიმართ იმატებს და დეფიციტიც უფრო თვალსაჩინოა. თუ ძილის დარღვევა დროში მეტისმეტად გახანგრძლივდა და სტაბილური სახე მიიღო, ორგანიზმისთვის ეს უკვე ქრონიკული სტრესული მდგომარეობაა, რაც პრაქტიკულად ყველა სისტემას აზარალებს - მათ შორის იმუნურ სისტემას. ასეთი ბავშვები მეტად ავადმყოფობენ, უჭირთ გარემოსთან ადაპტირება როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. - როდის არის დრო, რომ მშობლემა შვილის უძილობის ან არეული ძილის პრობლემების გამო ექიმს უნდა მიმართოს? - თუ უძილობამ და რეჟიმის დარღვევამ მიიღო სისტემატური ხასიათი. თუ ეს პრობლემა დისკომფორტს ანიჭებს, პირველ რიგში, ბავშვს. ანუ ბავშვი წვალობს ჩაძინებაზე, დამშვიდების და მოდუნების ნაცვლად უფრო ღიზიანდება და ჭირვეულობს, არ ამშვიდებს საყვარელ ადამიანებთან ჩახუტება და მოფერება. დღის მანძილზეც ემოციურად ლაბილურია ან მოთენთილი, ძილიანი და ირღვევა მისი ყოველდღიური აქტივობა.
ექიმთან მიმართვის ჩვენებაა ასევე ძილში ხანმოკლე და განმეორებითი არაბუნებრივი ქცევა. ასეთ დროს ძალიან გვეხმარება წინასწარ ვიდეოჩანაწერის გაკეთება და მისი წარმოდგენა ექიმთან. საბედნიეროდ, ასეთი ეპიზოდების უმრავლესობა ძილის ფიზიოლოგიური, ან არაორგანული ბუნების ასაკდამოკიდებული ფენომენებია ხოლმე, მაგრამ სიფხიზლე მაინც აუცილებელია, რადგან არ ვართ დაზღვეული ისეთი მდგომარეობებისგან, როგორებიცაა მაგალითად, სუნთქვასთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, ან ძილის ეპილეფსიური გულყრები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადრეული ასაკის ბავშვებში ძილის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი არათანმიმდევრული რეჟიმია ხოლმე. ძილისწინა რუტინის არარსებობა, გაჯეტების გადაჭარბებული მოხმარება, გვიანი ვახშამი და ტკბილეული, ძილის წინ ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა, იმ იმედით, რომ „დაიღლება და უკეთ დაიძინებს“, ყველაზე გავრცელებული შეცდომები და მითებია. არსებობს წესები და რეკომენდაციები, რომლებიც გვეხმარება რეჟიმის სწორად ორგანიზებაში, ხოლო ჩვენს პატარას მშვიდად ჩაძინებაში. აღნიშნული რეკომენდაციების ინდივიდუალურად მისაღებად ასევე შეიძლება მივმართოთ შესაბამის სპეციალისტებს.