„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ცისტიტის გამომწვევი მიზეზები და კლინიკური ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოეპაროთ მშობლებს - თემაზე პედიატრი, ნეფროლოგი თამთა ხუჯაძე საუბრობს
რამ შეიძლება გამოიწვიოს ცისტიტი ბავშვებში და რა კლინიკური ნიშნები აქვს? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ნეფროლოგი თამთა ხუჯაძე.
- ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა არის ცისტიტი?
- ცისტიტი, ქვედა საშარდე გზების ინფექცია, იგივე შარდის ბუშტის ანთება არის ინფექციური დაავადება, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება ბავშვებში. ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით, გოგონებში მეტად ხშირია, ვიდრე ბიჭებში. ცისტიტი ბაქტერიული ინფექციაა, შესაბამისად, გამომწვევის ზუსტ გამოვლენას ლაბორატორიული დადასტურება სჭირდება. უმეტესად, გამომწვევი ნაწლავის ჩხირია (E.Coli), რომელიც ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე მარტივად ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან საშარდე სისტემაში და დაავადების განვითარების მიზეზი ხდება. საშარდე გზებში ბაქტერიის შეღწევა შეიძლება მოხდეს არასათანადო ჰიგიენის, ტუალეტის გამოყენების შემდეგ არასწორი გაწმენდის (უკნიდან წინა მიმართულებით) ან შარდის ბუშტის სრულად არდაცლის გამო. ძირითადად, პრაქტიკაში გვხვდება გართულებული და გაურთულებელი ცისტიტი. გაურთულებელი ცისტიტი მოიცავს ქვედა საშარდე გზებს და როგორც წესი, გვხვდება 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, რომელთაც არ აღენიშნებათ საშარდე სისტემის ანატომიური და ფიზიოლოგიური დარღვევები. ასევე, გაურთულებელი ცისტიტი გამოწვეულია პათოგენებით, რომლებიც მგრძნობიარეა გამოყენებული ანტიმიკრობული აგენტების მიმართ. რაც შეეხება რთულად მიმდინარე პროცესს, ხასიათდება გამოყენებული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობით, ამასთანავე, ავადობა ასოცირებულია თანმხლებ, თანდაყოლილ საშარდე სისტემის ანატომიურ ან ფიზიოლოგიურ დარღვევებთან, მაგალითად, როგორებიცაა: საშარდე გზების ობსტრუქცია და შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის არსებობა და ა.შ. რომელთა დიაგნოსტირებისათვის მოწოდებულია დამატებითი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები და რეკომენდებულია შესაბამისი სპეციალისტის (ნეფროლოგი/ურლოგი) ჩართულობა. დროული რეაგირებისა და მკურნალობის შემთხვევაში ცისტიტი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა უნდა გავითვალისიწნოთ, რომ არასწორმა მკურნალობამ ან მკურნალობის არჩატარებამ შესაძლოა, გართულება გამოიწვიოს.
- რა იწვევს ცისტიტს?
- ცისტიტის განვითარებისათვის არსებული რისკ-ფაქტორებია: სექსუალური აქტივობა, საშარდე სისტემის განვითარების ანომალიები, მუდმივი შარდის ბუშტის კათეტერი, გარკვეული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, იმუნოდეფიციტი, სტრესი, გაციება, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, საფენის დიდხანს გამოუცვლელობა, როდესაც მიკრობი დიდი ხნის განმავლობაში არის კანთან კონტაქტში ხდება მისი რაოდენობის გაზრდა და ამ გზით შარდის ბუშტის ანთების გამოწვევა.
- რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებას და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ დაეხმაროს პატარას?
- კლინიკური ნიშნები, რომლებიც შეიძლება შენიშნოს მშობელმა არის: ხშირი შარდვა, შარდვის გაძნელება, შარდის შეუკავებლობა, წვა და ტკივილი შარდვის დროს, უსიამოვნო სუნისა და მუქი შეფერილობის, ზოგჯერ სისხლის შემცველი ულუფებით შარდვა, უმადობა, მუცლისა და წელის ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია. აღნიშნული ჩივილებით მშობელმა რეკომენდებულია მიმართოს სპეციალისტს, მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება და შერჩეულ იქნას მკურნალობის ტაქტიკა. ცისტიტის დიაგნოზირება ხდება კლინიკური ჩივილების, ფიზიკური გამოკვლევისა და დამატებითი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. დიაგნოსტირებისათვის ინიშნება ლაბორატორიული ანალიზები, რომლებიც ადასტურებს ან გამორიცხავს ინფექციის არსებობას:
1) შარდის საერთო ანალიზი, რომლისთვისაც მასალის აღება უნდა მოხდეს შესაბამისი ჰიგიენური წესების დაცვით;
2) შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომელიც გვეხმარება გამომწვევის გამოვლენასა და შესაბამისად, ჩატარებული მკურნალობის სქემის შედგენაში;
3) საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც გამოავლენს თანდაყოლილ ან მწვავე ინფექციის ფონზე განვითარებულ ცვლილებებს, დაგვეხმარება სამომავლო ტაქტიკის დაგეგმვაში. მკურნალობა წარიმართება სიმპტომური საშუალებებითა და ანტიბიოტიკოთერაპიით, რომლის არჩევაც ხდება ინდივიდუალურად სიმპტომატიკისა და ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით, აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს სრულფასოვანი მკურნალობა, რაც მოიცავს სრული კურსის დასრულებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ სიმპტომები შემსუბუქდება ან გაქრება.
- როგორ დავიცვათ თავი ცისტიტისგან?
- პედიატრიულ პოპულაციაში დაავადების სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვი ზუსტად ვერ აღწერს სიმპტომებს, ამიტომ ხშირად დაავადება შეუმჩნეველი ხდება და მკურნალობა დროულად არ ტარდება. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიცვათ პატარების პირადი ჰიგიენის წესები, რათა ბაქტერიები შარდის გამომყოფ გზებში არ მოხვდეს. საშარდე გზებში ბაქტერიის შეღწევა შეიძლება მოხდეს არასათანადო ჰიგიენის, ტუალეტის გამოყენების შემდეგ არასწორი გაწმენდის დროს (უკნიდან წინა მიმართულებით).
ასევე, მშობლებს ვურჩევთ, ხშირად უცვალონ საფენი პატარებს, თითქმის ყველა მიშარდვის შემდეგ (ძირითადად ეხება ახალშობილებს). 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დროულად უნდა შეწყდეს საფენების გამოყენება, შესაბამისად, აუცილებელია მშობლის მიერ კონტროლდებოდეს რეგულარულად შარდის ბუშტის დაცლა, რითაც ავირიდებთ შარდის ბუშტში ბაქტერიების გამრავლებას. გოგონებს უნდა ვასწავლოთ სწორი ჰიგიენის ჩვევები: ასაკობრივად გათვალისწინებული დასაბანი საშუალებებით აბაზანის მიღება, წინა მხრიდან უკანა მხრივი მიმართულებით. ხშირად უნდა მოხდეს საცვლების შეცვლა, განსაკუთრებით თუ ის სველია ან გამოყენებულია საცურაო აუზში/მდინარეში/ ზღვაზე. რეკომენდებულია სითხეებით დატვირთვა - წყლის რეგულარული მიღება ასევე გვეხმარება დაავადების პრევენციაში.
- როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
- დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აქვს ცხელება, რომლის ზუსტი მიზეზი უცნობია და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჩივილი: მუცლის და/ან წელის ტკივილი, სისხლისნი ან მუქი შეფერილობის ცუდი სუნის მქონე შარდი, უმადობა, შეუპოვარი ღებინება ან უჩვეულოდ გაღიზიანებულია. ასევე აუცილებელია სპეციალისტის ჩართულობა და დამატებითი შეფასება მორეციდივე ან ატიპიური გამომწვევით გამოწვეული ცისტიტის შემთხვევაში, ანტიმიკრობული თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში. მკურნალობის ტაქტიკა გაცემული რეკომენდაციები და სამომავლო მართვა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებსა და არსებულ ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ მონაცემებზე შესაბამისად, აუცილებლად საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას.