„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თუ წნევა არ არის 130:80-ზე ზემოთ, წნევის დამაქვეითებელი საშუალებების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია,“- ნინო კიკნაძე
თერაპევტმა ნინო კიკნაძემ არტერიულ წნევაზე ამინდის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წნევის ცვალებადობა მხოლოდ მეტეოროლოგიურ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული:
„რატომ მწვავდება გაზაფხულზე პრობლემა? მხოლოდ მეტეოროლოგიური ფაქტორების გამო კი არ არის. თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მას არ ეშინია არც გაზაფხულის და არც სხვა სეზონის. ზამთარში უფრო უმოძრაოდ ვართ. ზამთარში არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ ბევრი ხილი-ბოსტნეული. ვიკვებებით ნაჯერი ცხიმებით, ნახშირწყლებით. ამინდის ცვალებადობა გაზაფხულზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას. ჯანმრთელ ადამიანს ეს პრობლემა დიდად არ ეკარება, იმიტომ, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს ადაპტაციის ძალიან კარგი უნარი.“
ნინო კიკნაძის თქმით, არტერიული წნევის მატების ერთ-ერთი რისკი ასაკის მატებაა:
„ასაკის მატება არის რისკი არტერიული წნევის მატების. ირღვევა ის მექანიზმები, რომლებიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებაში. უკვე 18 წლის ასაკიდან ადამიანმა უნდა დაიწყოს წნევის გასინჯვა. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიზომოთ წნევა. თუ თანმხლები პათოლოგიებია, უფრო ხშირადაც კი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტებს, რას იღებს ადამიანი. შეიძლება, რომ ტკივილგამაყუჩებლებს იღებდეს. წნევის გაზომვის ტექნიკასაც აქვს მნიშვნელობა. თუ არასწორად იზომავთ წნევას, ამან შეიძლება ცრუ მაღალი წნევა გიჩვენოთ. ადამიანი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. მანამდე აღელვებული თუ არის, ჩვენ ცოცხალი ორგანიზმები ვართ და ჩვენი წნევაც მერყევია. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს სიგარეტი მოწეული, საკვები არ უნდა ჰქონდეს ახლად მიღებული. მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იჯდეს როგორც მინიმუმ 5 წუთი. იდაყვის ქვეშ ხელის ამოდება არ არის სწორი.“
„არტერიულ ჰიპერტენზიას სიმპტომები არ ახასიათებს, თუ არ არის 180:120-ზე ზემოთ. არტერიულ ჰიპერტენზიას თავის ტკივილთან აიგივებენ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. ერთ-ერთ კვლევაში შეადარეს თავის ტკივილის სიხშირე არტერიული ჰიპერტენზიისა და ნორმალური წნევის მქონე პაციენტებში. აღმოჩნდა, რომ არანაირი განსხვავება არ იყო. მყოლია პაციენტები, რომლებსაც 200 აქვთ წნევა და საერთოდ ვერ გრძნობენ. შესაძლებელია იყოს რაღაც დისკომფორტი გულის არეში, გულის ფრიალი, კეფის არეში ტკივილი, მაგრამ ეს არ არის სპეციფიკური სიმპტომი და ამის მიხედვით არ უნდა მივიღოთ წნევის დამწევი.ხშირ შემთხვევაში ადამიანი ემოციურად გაღიზიანებულია, ამიტომ სტკივა თავი და არა იმიტომ, რომ წნევა აქვს. როდესაც წნევას იზომავს, მატება ფიქსირდება. წნევა არის შედეგი და არა მიზეზი თავის ტკივილის. თუ წნევა არ არის 130:80-ზე ზემოთ, წნევის დამაქვეითებელი საშუალებების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია. მით უმეტეს, თუ ამას ხელს უწყობს ის, რომ ეს სტრესის გამოა ან ზედმეტი კოფეინი მიიღო,“- აღნიშნულ საკითხებზე ნინო კიკნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.