„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
10 ოქროს წესი ბავშვის ჯანსაღი ძილისთვის - ევგენი კომაროვსკი
ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში ბავშვის ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელი წესების ნუსხა გამოაქვეყნა. აღნიშნული წესების დახმარებით მშობლებს შვილების ძილის რეჟიმის მოწესრიგება მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ.
დაბადების დღიდანვე ბავშვისა და ოჯახის ძილის რეჟიმი ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. ღამის ძილისთვის მზადება ნაადრევად დაიწყეთ. ძილისთვის საკუთარი თავიც და ბავშვიც უნდა მოამზადოთ. განსაზღვრეთ დრო, როდესაც ბავშვმა უნდა დაიძინოს. ეს დრო თქვენთვისაც კომფორტული და მისაღები უნდა იყოს. დადგენილ რეჟიმს ბოლომდე უერთგულეთ.
3. გადაწყვიტეთ სად და ვისთან ერთად დაიძინებს ბავშვი
ამ შემთხვევაში სამი შესაძლებლობა განიხილება:
ბავშვის საწოლი მშობლების საძინებელშია - განსაკუთრებით გამოსადეგია წლამდე ასაკის ბავშვებთან და დასაშვებია სამ წლამდე ასაკის პატარებთან.
ბავშვის საწოლი მის საძინებელშია - იდეალურია ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის.
ბავშვს მშობლების საწოლში სძინავს - პედიატრების დიდი ნაწილი აღნიშნულ პრაქტიკას არ იზიარებს, რადგან ბავშვის ჯანსაღ ძილთან მას არაფერი აქვს საერთო.
4. ბავშვის გამოღვიძება არ უნდა გაშინებდეთ
თუ გსურთ, რომ ბავშვმა ღამით კარგად დაიძინოს, დღისით ზედმეტი ძილის უფლებას ნუ მისცემთ. სამ თვემდე ასაკში ბავშვს დღის განმავლობაში საშუალოდ 16-20 საათი უნდა ეძინოს, ექვსი თვის ბავშვს - 14,5 საათი, 12 თვის პატარას - 13,5 საათი. 2 წლის ბავშვისთვის ნორმად ითვლება დღე-ღამეში 12 საათი ძილი, 4 წლის ასაკისთვის ნორმაა 11, 5 საათი. 6 წლის ბავშვს საშუალოდ 9,5 საათი უნდა ეძინოს, ხოლო 12 წლის ასაკიდან ნორმად ითვლება 8,5 საათიანი ძილი. როდესაც ვიცით, რომ ექვსი თვის ბავშვს დღეში 14, 5 საათი უნდა ეძინოს, ღამით 8 საათიანი მშვიდი ძილისთვის აუცილებელია, რომ მას დღეში 6,5 საათამდე ეძინოს. თუ ჩვილს საშუალებას მისცემთ დღისით 9 საათის განმავლობაში ეძინოს, ღამით ის 8 საათს ძილს აღარ დაუთმობს. სწორედ ამიტომ, ბავშვის გამოღვიძებას ნუ შეუშინდებით.
5. მოაწესრიგეთ კვების რეჟიმი
ჩვილი პირველი თვის განმავლობაში ღამით 1-2-ჯერ იკვებება, 3-6- თვის ასაკის ბავშვს ღამით ერთჯერადად გამოკვებაც დააკმაყოფილებს. ექვსი თვის ასაკიდან ჩვილს ღამით კვება არ სჭირდება. ბავშვს ღამის განმავლობაში შესაძლოა ხელით ტარება, რწევა, სიმღერის მოსმენა და სხვა სახის გასართობი მოუნდეს. შესაძლებელია, მისი მოთხოვნები უფრო გახშირდეს და გაიზარდოს იმის მიხედვით, რამდენად კმაყოფილდება მისი მოთხოვნები. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ღამის საათებში ბავშვის რწევა, ხელით ტარება და პარალელურ რეჟიმში სიმღერა ნორმალურია, როდესაც დილით სამსახურში უნდა წახვიდეთ, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ. ამასთან გახსოვდეთ, რომ თუ ასე მოიქცევით, ბავშვის ჯანსაღ ძილს უნდა დაემშვიდობოთ. გირჩევთ, გართობისა და თამაშის წესები ერთხელ და სამუდამოდ მკაცრად განსაზღვროთ. ბავშვი საღამოს მსუბუქად გამოკვებეთ. მომდევნო კვებაზე (იგულისხმება ძილის წინ კვება) ის კარგად დაანაყრეთ. როდესაც ბავშვი გამოიღვიძებს და ტირის, აუცილებელი არ არის, რომ მაშინვე საკვები შესთავაზოთ. ტირილს შიმშილის გარდა ბევრი სხვა მიზეზი აქვს. ჭარბი კვება ტკივილისა და ტირილის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
სუფთა, გრილი ჰაერი ძილისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. ოთახის განიავება, სველი წესით დალაგება, ჰაერის დამატენიანებლების გამოყენება, ტემპერატურის შემოწმება - ეს ყოველივე ბავშვის ჯანსაღი ძილის ხელშემწყობი ფაქტორებია. თუ ბავშვს იმავე ოთახში სძინავს, სადაც მთელ დღეს ატარებს, ტემპერატურა 18-20 გრადუსი უნდა იყოს. თუ პატარას ცალკე საძინებელი აქვს, ტემპერატურა 16-18 გრადუსამდე უნდა მერყეობდეს. ჰაერის ტენიანობა 50-70 %-ს უნდა უტოლდებოდეს.
8. ბანაობა ბავშვს კარგად ჩაძინებაში დაეხმარება
საღამოს საათებში ბანაობა პატარას ფიზიკურადაც დაღლის და მადასაც გაუძლიერებს. გემრიელად დანაყრების შემდეგ კი მას სასიამოვნოდ ჩაეძინება. ბანაობამდე გიმნასტიკა ან მასაჟი, ხოლო ბანაობის შემდეგ თბილი ტანსაცმელი ბანაობის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.
9. საწოლი სათანადოდ მოამზადეთ
ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან ბალიში არ დაგჭირდებათ. ორი წლის შემდეგ ბალიშის გამოყენება მისაღებია. შეარჩიეთ ნატურალური ქსოვილის თეთრეული. თეთრეულის გარეცხვის დროს გამოიყენეთ სპეციალურად ბავშვისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები.
10. გამოიყენეთ ხარისხიანი საბავშვო საფენები
ერთჯერადი საბავშვო საფენები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოგონებაა. მისი დახმარებით ბავშვისა და მისი გარშემომყოფების ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ხარისხიანი საბავშვო საფენის გამოყენება 10 ოქროს წესს შორის ყველაზე მარტივად შესრულებადია. საბავშვო საფენი აუცილებლად მოსახერხებელი, საიმედო, ეფექტიანი და უსაფრთხო უნდა იყოს.