„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვი დაბადებიდან არის პიროვნება, რომელსაც თავისი პირადი საზღვრები თანდათან უყალიბდება,“ - ფსიქოთერაპევტი ნინო ნიბლაძე
ფსიქოთერაპევტი ნინო ნიბლაძე მოზარდებსა და მშობლებს შორის ურთიერთობების პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, სირთულეების გამომწვევი ხშირად მშობლების მხრიდან ჭარბი კონტროლია:
„მშობელი ცდილობს ისევ მორჩილებაში ჰყავდეს ბავშვი. მისი აზრით, მისი კონტროლის და ზედამხედველობის ქვეშ უნდა ხდებოდეს ყველაფერი. ეს საქართველოში მუდმივად გრძელდება. ამას ასაკობრივი ზღვარი არ აქვს. ბავშვი დაბადებიდან არის პიროვნება, რომელსაც თავისი პირადი საზღვრები თანდათან უყალიბდება. ამაში უნდა დავეხმაროთ ჩვენ. ჩვენ არ უნდა დავუზიანოთ ეს საზღვრები, მუდმივად შეჭრა ხდება, როდესაც სულ აკონტროლებ. როდესაც გარდატეხის ასაკი იწყება, ავტონომიურობისკენ ხდება სწრაფვა. ის ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ, მისი მოთხოვნილებები იცვლება.“
ნინო ნიბლაძე სამ ფაზას აღწერს, რომელსაც ბავშვი განვითარების გზაზე გაივლის:
„სამ ფაზას გადის ბავშვი. თავიდან არის შერწყმის ფაზა მშობელთან. მისი მოთხოვნილება არის სიყვარული, ჩახუტება, მოფერება. მეორე არის დიფერენციაციის ფაზა. მისი მოთხოვნილება უკვე არის ინტელექტუალური. ჩვენც უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ოდესღაც ისინი დაგვეწევიან და გაგვასწრებენ კიდევაც. ეს უნდა ვაღიაროთ. მშობელი ამას თითქმის არ აღიარებს. ის თვლის, რომ რადგან შვილზე უფროსია, მეტი გამოცდილება აქვს, იცის მეტი. ეს არის მისი გამოცდილება, მისი ცხოვრება. მის გამოცდილებაში სრულიად სხვა ადამიანები იყვნენ, სრულიად სხვა დროში. მშობელი უნდა იყოს ჰორიზონტალურ ურთიერთობაში შვილთან, არა - ვერტიკალურში.“
ნინო ნიბლაძის თქმით, როდესაც მშობელი ბავშვს აიძულებს, რომ მან მხოლოდ მას უსმინოს და უპირობოდ მიიღოს მისი რჩევები, ამით ის შვილს ცუდ მაგალითს აძლევს:
„მე - მშობელი ვაიძულებ, რომ მისმინოს და გაიზიაროს ჩემი რჩევები, იმიტომ, რომ მე მაქვს მეტი გამოცდილება. როდესაც ამას ვაკეთებ, რას ვაკეთებ რეალურად? რეალურად ზეწოლას ვახდენ მასზე. მე არ ვასწავლი მას მოსმენას. ჩემგან უნდა მიიღოს მოსმენის მაგალითი. მე ვაიძულებ, რომ შენ მომისმინე უპირობოდ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გავაკეთოთ.“
„მე თანდათან ვუშვებ ჩემს შვილს. უცებ კი არ ვუშვებ, ეს გაშვება ხდება თანდათან. ნდობის ხარისხი უკვე იქამდეა, რომ მე მას ვენდობი. როდესაც ის ღამე არ მოდის სახლში, ე.ი. უკვე არის იმ ასაკში, როდესაც პასუხისმგებელია თავის ქცევაზე. სრული პასუხისმგებლობა არის 18 წლის ასაკში, როდესაც ზრდასრული ჰქვია ადამიანს. ჩვენ ვაყალიბებთ მის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ. ბავშვს უყალიბდება გარკვეული დამოკიდებულება გარკვეული ტიპის ადამიანებისადმი. მე უკვე ვიცი მისი განწყობა ვის მიმართ როგორია. შემთხვევით არ აღმოჩნდებიან ასეთი ადამიანები მის ცხოვრებაში. ვიდრე მართვადია, გარკვეული ჩარჩოები აუცილებელია. უნდა ისწავლოს ბავშვმა პატარაობიდანვე რაღაცაზე „არას“ თქმა,“ - აღნიშნულ თემებზე ნინო ნიბლაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „გამარჯობა საქართველო“ ისაუბრა.