„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორ დავიცვათ ბავშვები მზის სხივებისგან - 6 მარტივი რჩევა
ბავშვობაში მიღებულმა მხოლოდ რამდენიმე სერიოზულმა მზის დამწვრობამაც კი შეიძლება გაზარდოს კანის კიბოს რისკი ზრდასრულობისას. იმისათვის, რომ ბავშვებმა მზის ზედმეტი სხივები მიიღონ, სულაც არ არის აუცილებელი მათი დიდხანს ყოფნა აუზსა ან პლაჟზე. თუნდაც გარეთ სეირნობისას მათ კანს განსაკუთრებული დაცვა ესაჭიროება. გთავაზობთ რჩევებს, რომელთა მეშვეობით გაუმკლავდებით მზის ულტრაიისფერ სხივებს.
დაისვენეთ ჩრდილში
შუადღისას ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით საზიანოა, ამიტომ უმჯობესია თუ დღის ამ მონაკვეთისთვის ისეთ აქტივობებს დაგეგმავთ, რომ გარეთ გასვლას არ საჭიროებდეთ. მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, მოძებნეთ ჩრდილი ხის ან ქოლგის ქვეშ. ეს ხერხი დაგეხმარებათ დამწვრობის თავიდან ასაცილებლად.
სწორად შეარჩიეთ ბავშვის სამოსი
გრძელმკლავიანი მაისურები, გრძელი შარვლები საუკეთესო გამოსავალია მზის სხივებისგან თავის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ მჭიდროდ ნაქსოვი ტანსაცმელი და სველი მაისურები უკეთ გვიცავს მზის მავნე გამოსხივებისგან. ასევე, საჭიროა სწორად შევარჩიოთ ფერებიც, უმჯობესია ღია ფერის ტანისამოსის გამოყენება. ზოგიერთი ტანსაცმელი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის დამოწმებული ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავდასაცავად.
აუცილებლად გამოიყენეთ ქუდი
საზაფხულო ქუდი, რომელიც ფარავს სახეს, სკალპს, ყურებსა და კისერს მარტივი გამოსაყენებელია. ასევე, ე.წ „ბეისბოლის კეპი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში, თუმცა ის ვერ იცავს ყურებსა და კისერს, ამიტომ ნაკლებად რეკომენდებულია. თუ ბავშვი მაინც კეპს აირჩევს, ყურისა და კისრის მიდამოები უნდა დამუშავდეს მზისგან დამცავი კრემით.
ატარეთ სათვალე
სათვალე იცავს ბავშვის თვალს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, რომელთა გავლენამ შესაძლოა, მოგვიანებით კატარაქტაც კი გამოიწვიოს. აუცილებელია, შეარჩიოთ სათვალე, რომელიც 100 %-ით დაფარავს თვალს და ამგვარად, უზრუნველყოფს საიმედო დაცვას.
გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები
სასურველია, მზისგან დამცავი კრემი გამოიყენოთ გარეთ გასვლამდე ნახევარი საათით ადრე. არ დაგავიწყდეთ, კრემი თანაბრად გადაანაწილოთ ცხვირზე, ყურებზე, ტუჩებზე. სასურველია, კრემი მთელი დღე თან ატაროთ და საჭიროებისამებრ გამოიყენოთ. აუცილებელია, ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას. მზისგან დამცავი ყველა კრემი არ შედგება ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან, თუ ბავშვი ალერგიულია რომელიმე ინგრედიენტზე, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, რის შემდეგადაც მარტივად გამოცვლით კრემს.
როგორ მოვიქცეთ მზის დამწვრობის დროს?
დაუცველი კანისთვის დაახლოებით 15 წუთიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ფერი შეიცვალოს და მოვარდისფრო გახდეს. დამწვრობის საბოლოო სახის გამოსავლენად კი 12 საათია საჭირო. ასე, რომ დღეს ბავშვის ოდნავ ვარდისფერი კანი, ხვალ შესალოა, დამწვრობად იქცეს, ამიტომ, პირველ რიგში, ბავშვი მზეს უნდა მოვარიდოთ.
სიგრილე ან მოღრუბლული დღე? ბავშვის კანს მაინც სჭირდება დაცვა. ღრუბელი და შედარებით დაბალი ტემპერატურა სულაც არ „ბლოკავს“ ულტრაიისფერ სხივებს. გამოსხივება კვლავ საშიშია.
ზუსტად დაგეგმეთ თუ რამდენი ხანი უნდა გაატაროს ბავშვმა ღია ცის ქვეშ, ვინაიდან, დამწვრობების გამომწვევი მიზეზი, საკმაოდ ხშირად, გაუთვალისწინებელი შემთხვევებია. ისევ შეგახსენებთ, რომ მუდმივად თან ატარეთ მზისგან დამცავი კრემი. მისი შენახვა შეგიძლიათ მანქანაში, ხელჩანთაში ან ბავშვის ზურგჩანთაში.