Baby Bag

„მითია, რომ ბრონქული ასთმის დროს ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა არ შეიძლება“ - მაია გოთუა

„მითია, რომ ბრონქული ასთმის დროს ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა არ შეიძლება“ - მაია გოთუა

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა მაია გოთუამ ბრონქულ ასთმაზე ისაუბრა. მისი თქმით, მითია, რომ ბრონქული ასთმის დროს ბავშვი არ უნდა გაინძრეს, ფიზიკური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს:

„​ხშირად არის, როდესაც ასთმის დროს ბავშვს ეუბნებიან: არ გაინძრე, აბა, რა მოგიტანო, ცუდად არ გახდე. მართალიც არის იმიტომ, რომ შეიძლება ფიზიკური დატვირთვისას, მაგალითად, სიცილზე, მოძრაობაზე, ბავშვს დაეწყოს ხველა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ანტიანთებითი შესაბამისი წამლების დანიშვნა და აბსოლუტურად შეუზღუდავად შეიძლება ბავშვმა განვითარება გააგრძელოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მითია, რომ არ უნდა გაინძრეს, ფიზიკური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს. თუ დავადგენთ, რაზე აქვს ბავშვს ალერგია, ჩვენ შეიძლება სპეციალურად შევურჩიოთ სპორტი, რომელიც მისცემს მას კარგ ფიზიკურ განვითარებას და გარდა ამისა, მისცემს საშუალებას, რომ ისევე იყოს სოციალურად აქტიური, არამარტო აკადემიურად, არამედ ფიზიკურად, რაც აუცილებელია განვითარებისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია გოთუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: „პირადი ექიმი - მარ​ი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა ვიცოდეთ ხელოვნურ და ბუნებრივ დამატკბობლებზე?

რა უნდა ვიცოდეთ ხელოვნურ და ბუნებრივ დამატკბობლებზე?
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ხელოვნურ და ბუნებრივ დამატკბობლებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

​ყველა ე.წ. დამატკბობელი კლასიფიცირდება, როგორც სინთეზური ან ბუნებრივი. სინთეზური, ანუ ხელოვნური დამატკბობლები მზადდება ქიმიური ნაერთებისგან, ხოლო ბუნებრივი - ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებისგან. ძირითადი განსხვავება ორი ტიპის დამატკბობლებს შორის ასევე არის მათი ენერგეტიკული ღირებულება: ხელოვნური დამატკბობლები უკალორიოა, ხოლო ბუნებრივ დამატკბობლებს აქვს სხვადასხვა ხარისხის კალორაჟი. გარდა ამისა, ხელოვნური დამატკბობლები გაცილებით ტკბილია, ვიდრე შაქარი და მათი გამოყენება ძალიან მცირე დოზებშია შესაძლებელი. ბუნებრივი დამატკბობლები კი უფრო ნაკლებად ტკბილია, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი. ბუნებრივს მიეკუთვნება ქსილიტი, სორბიტი, თაფლი, ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა, სტევია და სხვა. სინთეზურს მიეკუთვნება: სუკრაზინი, საქარინი, ციკლამატი, ასპარტამი და სხვა.

​ხელოვნური თუ ბუნებრივი დამატკბობლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეცნიერების აზრი გაყოფილია. არსებობს მონაცემები, რომ განსაკუთრებით ხელოვნური დამატკბობლები იწვევენ ცხიმოვანი უჯრედების გააქტივებას იმ პირებში, ვინც სიმსუქნით არიან დაავადებულნი, შესაბამისად, მათი ნული კალორაჟის მიუხედავად, ისინი უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანის წონაზე. ასევე მკვლევარების მიერ შეგროვებული მონაცემებით, ხელოვნური დამატკბობლები იწვევენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკის ზრდას. ამავე დროს გერმანელ ენდოკრინოლოგთა საზოგადოება მოსახლოებას მოუწოდებს მაქსიმალურად შეამცირონ რაციონში ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება, ღვიძლზე და თირკმელზე მათი სავარაუდო უარყოფითი გავლენის გამო. შედარებით უსაფრთხო პროდუქტებად ითვლება ბუნებრივი დამატკობლები, მაგრამ, რადგან ისინი არიან ნაკლებად ტკბილი, რაციონში ხდება მათი ჭარბად მოხმარება, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის წონაზე.

​შესაჯამებლად კი რეკომედებულია: უარი ვთქვათ და/ან მინიმუმამდე დავიყვანოთ, როგორც ხელოვნური ასევე ბუნებრივი დამატკბობლები ჩვენს რაციონში. ამავდროულად მინიმუმამდე შევამციროთ რაფინირებული შაქრის მოხმარება. დღის მანძილზე მივირთვათ მრავალფეროვანი ხილი, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას და შაქარი მივიღოთ ამ სახით. აქვე გვახსოვდეს ყველანაირი პროდუქტის მიღების დროს საჭიროა ზომიერების დაცვა, მათ შორის, ხილის მირთმევის დროსაც, რადგან ჭარბი რაოდენობის ხილის მოხმარებაც ხელს უწყობს წონაში მატებას.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად