ცალკეულ შემთხვევებზე დაყრდნობით სტატისტიკაზე ლაპარაკი არასწორია და არ მიყვარს, მაგრამ ამ ერთეული შემთხვევების ერთობლიობა (ჩემამდე მოსული) მაფიქრებინებს, რომ კოვიდის პირველი აცრის შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
„ამის მიზეზი არ ვიცი რა არის, მაგრამ სავარაუდოა, რომ ან ადამიანები პირველივე აცრის შემდეგ მცდარად მშვიდდებიან, რომ რისკი შეუმცირდათ და სათანადოდ აღარ იცავენ სიფრთხილის წესებს, ან აცრის დროს და აცრის შემდგომ მოსაცდელ სივრცეებში ინფექციის კონტროლი კარგად არ ხდება და ზოგიერთები იქ ინფიცირდებიან.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი პირადი ვარაუდებია, მაგრამ მეტი სიფრთხილე არ გვაწყენდა.
გარდა ამისა, ძლივს ცოტა მივიწყებული გადაკოცნა ყოველი შეხვედრისას (მათ შორის ფორმალური ჟესტის სახით, სულ რომ არ გიჟდები იმ ადამიანის კოცნაზე), მგონი ისევ აღდგა და არა მგონია, კარგი იდეა იყოს. კოვიდი ჯერ არსად არ წასულა და მართლა ვისთანაც ჩახუტება გვინდა, იმათ თუ გვინდა თავისუფლად ჩავეხუტოთ, სხვა ადამიანებისგან დისტანცირება ამ მხრივ ძალიან გამოგვადგება,“ - წერს მაია ბუწაშვილი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)