თამარ ცირეკიძე: „რქოვანა თვალის გარეთა გარსია, რომელიც გამჭვირვალე და სფეროსებური ფორმის უნდა იყოს, რათა სინათლის სხივი ყველა მერიდიანში თანაბრად გარდატყდეს.
როდესაც რქოვანას გამჭვირვალობა სხვადასხვა დაავადების დროს ირღვევა, იქნება ეს გადატანილი ინფექციური ანთებითი პროცესებისა თუ ქიმიურ-თერმული დამწვრობის შემდგომი ნაწიბური, მისი გადანერგვა ხდება საჭირო.
არსებობს რქოვანას დეგენერაციული დაავადება - კერატოკონუსი, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება და კონუსის ფორმას იღებს. გამჭვირვალობისა და ფორმის ცვლილებით ოპტიკური ფუნქცია ირღვევა და მხედველობა უარესდება. უფრო ხშირად ამ დაავადების მესამე-მეოთხე სტადიის ქირურგიულ მკურნალობას წარმოადგენს რქოვანის შრეობრივი ან სრული გადანერგვა ლაზერის სხივის დახმარებით.
თამარ ცირეკიძე: „კერატოკონუსს რქოვანას გარსის პროგრესირებადი გათხელება ახასიათებს. დაავადების მეოთხე სტადიაში არის რისკი, რომ გაიხსნას რქოვანა და დაირღვეს თვალის კაკალის მთლიანობა, ანუ თვალი, როგორც ორგანო, დავკარგოთ.“
ოფთალმოლოგის თქმით, კერატოკონუსი 10-12 წლიდან ვლინდება და მისი პროგრესირება დაახლოებით 40 წლის ასაკში ჩერდება.
ხშირად არ ხდება მისი დიფერენციალური დიაგნოზირება ასტიგმატიზმთან. პაციენტი მკურნალობს ასტიგმატიზმის დიაგნოზით, თუმცა ეს ასტიგმატიზმი შეძლება გამოწვეული იყოს კერატოკონუსით.
მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვეკიდოთ დაავადების სიმპტომებსა (მხედველობის უეცარი დაქვეითება, სათვალის ნომრის ხშირად შეცვლის საჭიროება, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის გაორება, თვალში სიმშრალისა და ქავილის შეგრძნება) და მკურნალობას.
- კერატოკონუსის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს და რას გულისხმობს კერატოკონუსის ქირურგია?
თამარ ცირეკიძე: „კერატოკონუსის უკუსვლა არ არსებობს. ექიმის ვალია, შეაჩეროს კერატოკონუსი იმავე სტადიაზე, რა სტადიაზეც მომართავს პაციენტი. ამიტომ დროულ დიაგნოსტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თუ კერატოკონუსი პროგრესირებადი ხასიათისაა, აუცილებელია ქირურგიული მეთოდების გამოყენება. კერატოკონუსის დასაწყის სტადიაზე ტარდება ქროს-ლინქინგი ანუ რქოვანას გარსის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება, „ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი აპარატურით ტარდება და სულ რაღაც 10-წუთიანი პროცედურაა.
ასევე მეორე-მესამე სტადიაზე ტარდება რკალების იმპლანტაცია. რქოვანაში სინთეზური რკალების ჩასმით ვცვლით რქოვანის კონუსისებურ ფორმას და ხშირ შემთხვევაში ვაუმჯობესებთ მხედველობას. პროცედურა Carl Zeiss-ის ფემტო ლაზერის გამოყენებით ტარდება, რაც მეტად უსაფრთხო და ზუსტ შედეგს გვაძლევს.
ხოლო მესამე სტადიის ბოლოს და მეოთხე სტადიაში კი მივმართავთ რქოვანის შრეობრივ ან სრული სისქის გადანერგვას ფემტო ლაზერის გამოყენებით.
ამდენად, თანამედროვე ქირურგიული მეთოდების დასანერგად პროფესიონალიზმთან ერთად მაღალტექნოლოგიურ აპარატურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“
R.