Baby Bag

პირველად საქართველოში - ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით განხორციელდა

პირველად საქართველოში - ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით განხორციელდა
თანამედროვე სამედიცინო სფეროს წარმატება პროფესიონალიზმსა და მაღალტექნოლოგიურ აპარატურას ეფუძნება. საერთაშორისო ტენდენციებს საქართველოშიც აქტიურად უწყობენ ფეხს და ჩვენს მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს ისეთი სახის ქირურგიული მკურნალობა, როგორიც არის რქოვანის სრული ან შრეობრივი გადანერგვა ლაზერის სხივის გამოყენებით.
ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი სწორედ ის ადგილია, სადაც საქართველოში პირველად, თამარ ცირეკიძემ რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ჩაატარა ლაზერის საშუალებით და 14-წლიანი გამოცდილებისა და ათასზე მეტი წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ახალი სიტყვა თქვა ქართულ მედიცინაში.
​MomsEdu.ge-ს რესპონდენტი სწორედ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი ​თამარ ცირეკიძეა, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
„ნიუ ჰოსპიტალსში 2 უნიკალური ოპერაცია ჩატარდა, რაც ლაზერით რქოვანას სრული სისქის გადანერგვასა და ასევე ლაზერით რქოვანას შრეობრივ გადანერგვას გულისხმობს, ეს უკანასკნელი კი საქართველოში პირველად განხორციელდა.
მანუალური გადანერგვა აქამდეც ტარდებოდა, ოპერაციებს გამორჩეულს კი ლაზერის სხივის გამოყენება ხდის. ამ მეთოდით ძალიან ნატიფი და ზუსტია განაკვეთი, შედეგად, ნაკლებ ნაკერს მოითხოვს რქოვანა, მცირდება ასტიგმატიზმის ხარისხი და უფრო მაღალია ხედვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მკვეთრად მცირდება ალბათობა პაციენტის და დონორის რქოვანის შეუთავსებლობის.
აღსანიშნავია, რომ დაზიანებული რქოვანას შეცვლა დონორის ჯანსაღი რქოვანათი ხდება, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსს“ აშშ-დან, ბალტიმორის თვალის ბანკიდან მიეწოდება. რქოვანას გარსი არ შეიცავს სისხლძარღვებს და სხვა ქსოვილებთან შედარებით მისი შეთავსებადობა მაღალია.
- მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რა არის რქოვანას გადანერგვა და რა შემთხვევაში ხდება საჭირო?

თამარ ცირეკიძე:
„რქოვანა თვალის გარეთა გარსია, რომელიც გამჭვირვალე და სფეროსებური ფორმის უნდა იყოს, რათა სინათლის სხივი ყველა მერიდიანში თანაბრად გარდატყდეს.

​როდესაც რქოვანას გამჭვირვალობა სხვადასხვა დაავადების დროს ირღვევა, იქნება ეს გადატანილი ინფექციური ანთებითი პროცესებისა თუ ქიმიურ-თერმული დამწვრობის შემდგომი ნაწიბური, მისი გადანერგვა ხდება საჭირო.

​არსებობს რქოვანას დეგენერაციული დაავადება - კერატოკონუსი, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება და კონუსის ფორმას იღებს. გამჭვირვალობისა და ფორმის ცვლილებით ოპტიკური ფუნქცია ირღვევა და მხედველობა უარესდება. უფრო ხშირად ამ დაავადების მესამე-მეოთხე სტადიის ქირურგიულ მკურნალობას წარმოადგენს რქოვანის შრეობრივი ან სრული გადანერგვა ლაზერის სხივის დახმარებით.

​- რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კერატოკონუსი და რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს პაციენტი უყურადღებობის შემთხვევაში?

თამარ ცირეკიძე:
„კერატოკონუსს რქოვანას გარსის პროგრესირებადი გათხელება ახასიათებს. დაავადების მეოთხე სტადიაში არის რისკი, რომ გაიხსნას რქოვანა და დაირღვეს თვალის კაკალის მთლიანობა, ანუ თვალი, როგორც ორგანო, დავკარგოთ.“

​ოფთალმოლოგის თქმით, კერატოკონუსი 10-12 წლიდან ვლინდება და მისი პროგრესირება დაახლოებით 40 წლის ასაკში ჩერდება.

​ხშირად არ ხდება მისი დიფერენციალური დიაგნოზირება ასტიგმატიზმთან. პაციენტი მკურნალობს ასტიგმატიზმის დიაგნოზით, თუმცა ეს ასტიგმატიზმი შეძლება გამოწვეული იყოს კერატოკონუსით.

​მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვეკიდოთ დაავადების სიმპტომებსა (მხედველობის უეცარი დაქვეითება, სათვალის ნომრის ხშირად შეცვლის საჭიროება, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის გაორება, თვალში სიმშრალისა და ქავილის შეგრძნება) და მკურნალობას.

- ​კერატოკონუსის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს და რას გულისხმობს კერატოკონუსის ქირურგია?

​თამარ ცირეკიძე: „კერატოკონუსის უკუსვლა არ არსებობს. ექიმის ვალია, შეაჩეროს კერატოკონუსი იმავე სტადიაზე, რა სტადიაზეც მომართავს პაციენტი. ამიტომ დროულ დიაგნოსტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

​თუ კერატოკონუსი პროგრესირებადი ხასიათისაა, აუცილებელია ქირურგიული მეთოდების გამოყენება. კერატოკონუსის დასაწყის სტადიაზე ტარდება ქროს-ლინქინგი ანუ რქოვანას გარსის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება, „ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი აპარატურით ტარდება და სულ რაღაც 10-წუთიანი პროცედურაა.

​ასევე მეორე-მესამე სტადიაზე ტარდება რკალების იმპლანტაცია. რქოვანაში სინთეზური რკალების ჩასმით ვცვლით რქოვანის კონუსისებურ ფორმას და ხშირ შემთხვევაში ვაუმჯობესებთ მხედველობას. პროცედურა Carl Zeiss-ის ფემტო ლაზერის გამოყენებით ტარდება, რაც მეტად უსაფრთხო და ზუსტ შედეგს გვაძლევს.

​ხოლო მესამე სტადიის ბოლოს და მეოთხე სტადიაში კი მივმართავთ რქოვანის შრეობრივ ან სრული სისქის გადანერგვას ფემტო ლაზერის გამოყენებით.

​ამდენად, თანამედროვე ქირურგიული მეთოდების დასანერგად პროფესიონალიზმთან ერთად მაღალტექნოლოგიურ აპარატურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“

​R.

შეიძლება დაინტერესდეთ

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ ბავშვის სქესის წინასწარი დაგეგმვის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდები მედიცინაში არ არსებობს:

„ბავშვის სქესს განსაზღვრავს მამაკაცი. ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრის არც უსაფრთხო და არც ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს. ეს არის მითი. სისხლის განახლების მეთოდით სქესის დადგენის მტკიცებულებები არ არსებობს. ეს მეთოდი არ არის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული. ეს, რა თქმა უნდა, ხალხში გავრცელებული მითია, თუმცა რაღაც ლოგიკა შიგნით შეიძლება იყოს. რაღაც დამთხვევები არსებობს.“

დავით გაგუას თქმით, ფოლიკულის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როდის არის განაყოფიერება შესაძლებელი:

„ფოლიკულის მონიტორინგი ხდება სამედიცინო თვალსაზრისითაც, როდესაც უშვილობასთან გვაქვს საქმე, ან არ ვიცით, როდის არის ოვულაცია. ფოლიკულის მონიტორინგს აქვს ზუსტად ეს მნიშვნელობა, რომ დადგინდეს, როდის იქნება განაყოფიერების შესაძლებლობა.“

„სქესი ყალიბდება ჩასახვისთანავე. უკვე განპირობებულია, რომელი სქესის ახალშობილი იქნება. 6-7 კვირაზე ყალიბდება საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები. ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპი არის მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირა. ეს არის, როდესაც ხდება შიდა და გარე გენიტალიების ჩამოყალიბება. 11-12 კვირაზე ცდომილება ძალიან დიდია. სქესის განსაზღვრა ზუსტად შეიძლება 16 კვირის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად