Baby Bag

რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში საინტერესო პასუხი გასცა ერთ-ერთი მშობლის კითხვას. მშობელი ღელავდა, რომ მისი შვილები დიდი რაოდენობით ხილს მიირთმევდნენ, რაც მათ მადას უქვეითებდა და სხვა სახის საკვებისადმი გულგრილს ხდიდა. ევგენი კომაროვსკის პასუხს ჩვენს სტატიაში უცვლელად გთავაზობთ:

ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის, ​ხილი ერთ-ერთ ყველაზე ბუ​ნებრივ და ამავე დროს სასარგებლო საკვებს წარმოადგენს. პირველყოფილი ადამიანისთვის ხილი თითქმის ერთადერთი საკვები პროდუქტი იყო, სწორედ ამიტომ ჩვენთვის ხილი დღემდე გემრიელ და ჯანსაღ საკვებად რჩება.

თუ ბავშვი ბევრ ხილს მიირთმევს, მის რაციონში არ შედის შაქრის დანამატების შემცველი პროდუქტები, შოკოლადი და სხვა ტკბილეული, მაგრამ ამავე დროს ის ნორმალურად იზრდება, ვითარდება, ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, მას ხილის რაოდენობა არ უნდა შეუზღუდოთ. ბავშვმა იმდენი ხილი უნდა მიირთვას, რამდენიც სურს.

რა ხდება მაშინ, როდესაც ​ბევრი ხილის მირთმევა ბავშვს მადას უქვეითებს და ის დღის განმავლობაში სხვა საკვების მიღებაზე უარს აცხადებს? თუ ბავშვი შეწყვეტს ბოსტნეულის, თევზის, ხორცის მიღებას და მხოლოდ ხილით დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რაციონის კორექცია აუცილებელია. როგორც ყოველთვის, ოქროს შუალედის დაცვა აქაც მნიშვნელოვანია.

​სრულფასოვან საუზმესა და სრულფასოვან სადილს შორის ბავშვები თუ ბევრ ხილს მიირთმევენ, ეს მათ მხოლოდ სარგებელს მოუტანს და ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. ამ შემთხვევაში ნუ შეუზღუდავთ ბავშვს ხილის რაოდენობას. მთავარია, რომ საუზმის შემდეგ ხილის მიღებამ ბავშვს ხელი არ შეუშალოს სრულფასოვანი სადილის მიღებაში.

​წყარო

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

,,დღეში 4 ულუფა ბოსტნეული და 3 ულუფა ხილი უნდა მიიღოს ბავშვმა. ჩვენს პაციენტებს კი კვირაში...
სიმაღლეში ზრდის თემაზე ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია საუბრობს. მისი თქმით, ბავშვის სიმაღლეში ზრდას გენეტიკასთან ერთად კვებაც განაპირობებს:,,მნიშვნელოვანია რამდენად დაბალა...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დაიკლო წონაში ნინო სურგულაძემ ტყუპების გაჩენის შემდეგ?

ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ, ნინო სურგულაძემ „იმედის დღეში“ ახალბედა დედობის გამოცდილების შესახებ ისაუბრა:

„ოჯახში სერიოზული მატება გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა სოციალურ ქსელში. ხომ იცით, დედები როგორ ვდებთ ფოტოებს? ხან გულს დააფარებ სახეს, ხან რას. მეუბნებოდნენ, არ გვინდა ეს ნაწილობრივი ფოტოები, მთლიანად გვაჩვენეო. მერე რომ დავდე ფოტოები, ყველას ძალიან გაუხარდა და ძალიან ვაფასებ იმ სითბოს, რომელსაც ადამიანებისგან ვიღებ. გუშინ ბავშვებს სამი თვე შეუსრულდათ. ჩემი ცხოვრების წესი დიდი ხანია შეიცვალა. არამხოლოდ ეს სამი თვე, წინა ცხრა თვეც შეცვლილი იყო.“

ნინო სურგულაძის თქმით, მას ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში ყველაზე მეტად სწორი კვების რეჟიმი დაეხმარა:

„სწორ კვებას ადრეც ვაქცევდი ყურადღებას. ჩვენს ოჯახში ამას დიდი ყურადღება ექცევა ჩემი ძმის გამო. ჩემი ძმა ექიმია, დედა ბიოლოგია. ჩემს ოჯახში სულ იყო იმაზე საუბარი, რომ არ ვარგა შემწვარი, შებოლილი საკვები. სულ მახსოვს დედა ბაზარში რომ მიოდიოდა (ამ პროცესზე გიჟდება და მეც ძალიან მიყვარს, აარჩევდა პომიდორს არა ლამაზს, პრიალას და დიდს, არამედ უფრო ჭიებიანს, რომ არ ყოფილიყო გენმოდიფიცირებული. ამას თვალით ვერ დაინახავ, მაგრამ მგონია, რომ ამითაც შეიძლება ბევრი რამ შეფასდეს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარეც, რომ მე ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი ვყოფილიყავი ყურადღებას ვაქცევდი კვებას. როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, მივხვდი, რომ მარტო ჩემს თავზე არ მქონდა პასუხისმგებლობა აღებული, არამედ ორ ბავშვზეც. ძალიან დიდი ყურადღებით მივყევი ჩემი გინეკოლოგის რჩევებს. მან დამიდო ოთხდღიანი დიეტა, რომელმაც გადამარჩინა. თავიდან, სანამ ასეთ კვებას დავიწყებდი, მაშინვე მოვიმატე 4-5 კილო, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიკვებებოდი არანაირად განსხვავებულად, ვაგრძელებდი ჩვეულ რეჟიმში კვებას, მაგრამ ამ დროს ხომ ვიცით, რა პროცესები ხდება ორგანიზმში და ცოტა არ იყოს შემეშინდა.“

ცნობილმა მეცო-სოპრანომ ოთხდღიან დიეტაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორსულობისას ფეხითაც ბევრს დადიოდა:

„საოცარი საჩუქარი მოვიდა, ოთხდღიანი დიეტა, რომელიც ვატრიალე ცხრა თვე და დამატებით ერთი თვე. ეს იყო საათობრივი კვება, რომელიც ჩემთვის რთული იყო, მაგრამ კოვიდი დამეხმარა იმაში, რომ ეს შემესრულებინა. ზოგი ჭირი მარგებელია. სამ ან ოთხ საათში ერთხელ მივირთმევდი, იყო მცირე ულუფა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ხორცი. პური პირდაპირ ამოვარდა, შეიძლებოდა ყოფილიყო ორი ნაჭერი ოთხ დღეში, წყალი დიდი რაოდენობით, ყოველდღე ოთხ კილომეტრს დავდიოდი ფეხით. მიუხედავად კოვიდისა, ისეთ ადგილებს ვპოულობდი, სადაც ნაკლებად საშიში იყო. ხილს ცალკე ვჭამდი, გამოყოფილად. მე ამდენი ხილი ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამია, მაგრამ თურმე შვილისთვის რას არ გააკეთებ. გარდა ამისა, ვიღებდი ვიტამინებს. ეს არის ინვესტიცია, ალბათ, ყველა დამეთანხმებით. იმ ბაზას აშენებ და იმ საძირკველს, რომელზეც მერე აღიზრდება ბავშვი, შენი მომავალი და ქვეყნის მომავალიც.“

ნინო სურგულაძის თქმით, ორსული ქალი სტრესისგან დაცული უნდა იყოს და მას ყველა ემოციურ კომფორტს უნდა უქმნიდეს:

„ვეთანხმები, რომ ორსულის ირგვლივ სულ პოზიტივი უნდა იყოს. სტრესი რომ ორგანიზმში უარყოფით ძვრებს იწვევს ეს ცნობილი ფაქტია. პოზიტივი ისედაც გვჭირდება და მით უმეტეს, ამ მდგომარეობაში. ორსულობა საკმაოდ რთული პროცესია და დიდი დატვირთვაა. მე თავად ვცდილობდი შემექმნა პოზიტივი ჩემ გარშემო. ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემ გარშემო იყო, დედაჩემის, ჩემი მეუღლის. პატარა რაღაცაც მაბედნიერებდა. პანდემიის მიუხედავად ვერაფერს ვგრძნობდი. როგორ არ განვიცდიდი, რაც ხდებოდა, მაგრამ ამ დროს იმდენად ბედნიერი ხარ, რომ ბევრ რამეს ვერ ხედავ. ახლობლები უნდა დაგეხმარონ, რომ ეს გაათმაგდეს და გაასმაგდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესის დახმარებით საერთოდ გასაოცარ მდგომარეობაში ხარ, ბავშვებიც კარგად არიან. ხომ არის ორსულობის დამახასიათებელი ცნობილი ნიშნები, ნეგატიურს ვგულისხმობ, მინდოდა მეგრძნო, მაგრამ არაფერი ყოფილა. ექიმები მეუბნებოდნენ, ბავშვებს რა სასწაული ხერხემალი აქვთო, გამიკვირდა, ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავდა. თქვენ არ იცით, როგორი ბავშვები მოდიანო. მესმის, უჭირთ ადამიანებს, ვერ ყიდულობენ საკვებს, წამალს, მაგრამ რისი შესაძლებლობაც გვაქვს, ის უნდა გავაკეთოთ, არ დავლიოთ, არ მოვწიოთ, ვიმოძრაოთ ბევრი. ხორცს თუ ვერ ყიდულობ, ხაჭო ჭამე, ნუ იყიდი ბურგერს.“

„არცერთი კილო არ მომიმატია. სამშობიაროში თურმე ვმღეროდი და არ ვიცოდი. ყველაფერმა ისე კარგად ჩაიარა, რომ ბოლოს სიმღერით დაგვირგვინდა. „ავე მარიას“ ვმღეროდი, ეს ინსტინქტურად მოხდა. ოპერაციის დროს რა ხდებოდა არ მახსოვს. მეგობარმა გადაიღო, რომ ვმღეროდი. სახლში მოვედი ჯანმრთელი, არცერთი კილო არ მქონდა მომატებული. მადლიერი ვარ იმ ჩემი თავის, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი, რომელსაც დავუჯერე. ცნობილი ფრაზაა, რომ რასაც ვჭამთ ის ვართ და ეს მართლა ასეა. ეს ხასიათზეც კარგად მოქმედებს, მომავალზეც. მშობლობა რთული პროფესიაა, მთავარია ჩვენს შვილებს რა მაგალითს მივცემთ. ყველაფერი გენიალური საბოლოო ჯამში მარტივისკენ მიდის,“ - აღნიშნა ნინო სურგულაძემ. 

წაიკითხეთ სრულად