Baby Bag

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ თუ არანაირი სიმპტომი არ გაწუხებთ, ნიშნავს თუ არა ეს რომ იმუნური სისტემა არ მუშაობს?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ თუ არანაირი სიმპტომი არ გაწუხებთ, ნიშნავს თუ არა ეს რომ იმუნური სისტემა არ მუშაობს?
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ თუ არანაირი სიმპტომი არ გაწუხებთ, ნიშნავს თუ არა ეს რომ იმუნური სისტემა არ მუშაობს? - აღნიშნულის შესახებ ექიმი ​ზაზა თელია წერს:

,,აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ შეიძლება შეგვხვდეს გვერდითი ეფექტები - სიცხე, შემცივნება, დაღლილობა და თავის ტკივილი, ასევე ტკივილი და შეშუპება იმ ადგილის სადაც ინექცია მოხდა.

ზოგის მოსაზრებით გვერდითი ეფექტები კარგია, რადგან ის მოწმობს იმუნური სისტემის მუშაობას.

მაგრამ თუ შენ ვაქცინაციის შემდგომ არანაირ სიმპტომი არ გაწუხებს, ნიშნავს თუ არა ეს რომ ან ვაქცინა ან შენი იმუნური სისტემა არ მუშაობს?

თუ ჩვენ კვლევების მონაცემებს გადავხედავთ დავინახავთ, რომ უმეტეს ნაწილს ვაქცინირებულებისა არ ჰქონდათ არანაირი გვერდითი ეფექტი.

50%-ზე მეტი ვაქცინირებულებისა არ აღნიშნავს არანაირ გვერდით ეფექტს, მაგრამ მათ მაინც ექნებათ ანტისხეულები ვირუსისგან დასაცავად.

ამიტომ თუ ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი ეფექტები არ ვითარდება, ამაზე არ უნდა ვიდარდოთ, ჩვენი იმუნური სისტემა მაინც მუშაობს.

მეორეს მხრივ კარგია ვიცოდეთ, თუ რა ხდება ორგანიზმში ვაქცინაციის შემდგომ.

მაგალითად, თუ ჩვენ ვიკეთებთ რნმ-ის ტიპის ვაქცინას (მაგალითად ფაიზერი), პატარა ლიპიდური წვეთები, რომელშიც მოთავსებულია ვირუსის რნმ, ინექციის შემდგომ შეითვისება უჯრედების მიერ მხრის კუნთში. შეყვანის შემდეგ.

ამის შემდგომ ეს უჯრედები იწყებენ "spike" ცილის სინთეზს (წარმოქმნას), რის გამოც ორგანიზმს ჰგონია რომ კუნთის უჯრედები მასიურად არიან დაინფიცირებული კორონავირუსით.

აქედან გამომდინარე სხეული ცდილობს ებრძოლოს სიმულაციურ ინფექციას ამ უჯრედებში. სწორედ ამის გამო ხდება გარკვეული ანთებითი პროცესი რომელსაც ადამიანები განიცდიან.

შემდგომ ეს უჯრედები რომლებმაც მოახდინეს COVID-19-ის "spike" ცილის (RNA) რეპლიკაცია (გამრავლება) დაჭერილ არიან იმუნური უჯრედების მიერ, რომლებიც თვის მხრივ აწვდიან ინფორმაცია სხვა იმუნურ უჯრედებს რომლებიც გამოიმუშავებენ ანტისხეულებს.

ამ ურთიერთკავშირის საფუძველზე SARS-CoV2-ის სპეფიციკური ანტისხეულები წარმოიქმნება.

ეს პრიცესი ჩვენს ადაპტაციურ იუმუნურ სისტემაში ხორციელდება.

ხოლო ჩვენი ნატიური იმუნური სისტემა და მისი უჯრედებია ის ვინც პირველად ამოიცნობს ინფექციას (მხრის კუნთის უჯრდებში) და ახდენს შეტევას მასზე ("ფრონტის წინახაზის ჯარისკაცები")

სწორედ ნატიური იმუნური სისტემის პირველადი პასუხის გამოა რომ ვითარდება გვერდითი ეფექტები როგორებიცაა - მხრის ტკივილი, სიცხე ან კუნთების ტკივილი - ასე ვთქვათ ნატიური იმუნური სისტემა "გიჟდება".

ზოგადად ვაქცინას შეუძლია გამოასწოროს ის იმუნური დისბალანსი რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს პირველადი დაინფიცირების შემთხვევაში, რადგან მათ ვისაც შეიძლება ჰქონდეს პოტენციური პრობლემა ადაპტაციური იმუნური სისტემის მიერ ანტისხეულების სწრაფად წარმოქმნასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის შემთხვევაში (იმის მიუხედავად ადამიანს აქვს თუ არა ანტისხეულები) ის ეხმარება იმუნურ სისტემას ანტისხეულების წარმოქმნაში.

ასევეა გადატანილი ინფექციის შემთხვევაშიც - შესაძლებელია იმუნურმა სისტემამ მიიღოს სერიოზული სარგებელი.

უფრო დეტალურად

COVID-19 და იმუნური სისტემა მოკლე Შეჯამება:

1. CD4+ T უჯრედები ეხმარებიან B უჯრედებს ანტისხეულების გამომუშავებაში და CD8+ T უჯრედებს ეხმარებიან ვირუსით ინფიცირებული უჯრედების განადგურებაში

2. T უჯრედების მიერ წარმოებული ერთ-ერთი დომინანტური ციტოკინი არის ინტერფერონ გამა, ვირუსული ინფექციის კონტროლის მთავარი მოთამაშე

3. ლიმფოპენია არის COVID-19 ინფექციის ძირითადი მახასიათებელი, რომელიც ახდენს გავლენას CD4+ T უჯრედებზე, CD8+ T უჯრედებსა და B უჯრედებზე და უფრო მკვეთრადაა გამოხატული მძიმე ავადმყოფებში

4. მძიმედ დაავადებულ პაციენტებში T უჯრედების პასუხი შეიძლება იყოს დაქვეითებული, ზედმეტად გააქტიურებული ან შეუსაბამო.
საჭიროა ამ საკითხის შემდგომი შესწავლა მკურნალობის სტრატეგიების ჩამოსაყალიბებლად.

5. არსებობს სეზონურ/ენდემურ კორონავირუსებთან ჯვარედინი რეაქციის გარკვეული მტკიცებულებები

6. გარკვეული კვლევების თანახმად, COVID-19 დაავადებული ადამიანების უმეტესობას ან უმრავლესობას განუვითარდებათ ძლიერი და ფართო T უჯრედოვანი პასუხი, როგორც CD4, ასევე CD8 და ზოგიერთ მათგანს აქვს მეხსიერების ფენოტიპი, რაც პოტენციურ გრძელვადიანი იმუნიტეტზე აისახება.

7. COVID-19 პრევენციისა და მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს T უჯრედების სხვადასხვა ქვეჯგუფის როლის შესწავლას ორგანიზმის დაცვასა და დაავადების პათოგენეზში.

რა როლი აქვთ T უჯრედებს და ანტისხეულებს იმუნიტეტში?

B უჯრედების მსგავსად, რომლებიც ანტისხეულებს წარმოქმნიან, T უჯრედებიც ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ იმუნურ პასუხში ცენტრალური მოთამაშეები არიან.

როდესაც SARS-CoV-2 ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, აინფიცირებს ეპითელურ უჯრედებს, მაგალითად სასუნთქ გზებში, ის რეპლიკაციას (გამრავლებას) ახდენს უჯრედების შიგნით, მასპინძელი უჯრედის ბიოქიმიური მექანიზმის გამოყენებით.

ეს იწვევს მასპინძელ უჯრედში დაპროგრამებული უჯრედის სიკვდილს, რის შემდგომაც ხდება მოლეკულების გამოთავისუფლება, რომლებსაც ეწოდება დაზიანებასთან-დაკავშირებული მოლეკულური ნიმუშები (მაგ. ნუკლეინის მჟავები და ოლიგომერები).

შემდეგ რა ხდება?

ეს მოლეკულები იდენტიფიცირებულია მაკროფაგებისა და მეზობელი ენდოთელური და ეპითელური უჯრედების მიერ, რის შედეგადაც ისინი წარმოქმნიან პრო-ანთებით ციტოკინებს, მათ შორის ქემოკინებს მაგალითად:

1. ინტერლეიკინი-6 [IL-6];
2. ინტერფერონ გამა-ინდუცირებული ცილა 10 (IP-10, ასევე ცნობილი როგორც CXCL10)
3. მაკროფაგების ანთებითი ცილა 1α და 1β;
4. მონოციტების ქიმიოტრაქციული ცილა 1 [MCP-1, ასევე ცნობილი როგორც CCL2].

ამის შემდეგ მონოციტები, მაკროფაგები და T უჯრედები ინფექციის ადგილზე მოზილიზდება ქემოკინების და სხვა ციტოკინების დახმარებით და ხელს უწყობენ შემდგომ ანთებას.

ამ ანთებითი პასუხის ფარგლებში, დაკომპლექტებული T უჯრედები წარმოქმნიან ინტერფერონ-გამას (IFNγ).

ამ იმუნურ პასუხში მონაწილეობენ რამდენიმე ტიპის T უჯრედები:

CD4+ T ჰელპერი (Th) უჯრედები ურთიერთქმედებენ CD8+ T უჯრედებთან, რომლებიც წარმართავენ ციტოტოქსიკურ რეაქციას, რომელიც კლავს ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებს.

CD8+ T უჯრედები პირდაპირ ამოიცნობენ ვირუსულ პეპტიდებს, რომლებიც წარმოდგენილია ინფიცირებული უჯრედების ზედაპირებზე, რაც იწვევს აპოპტოზს (უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი) და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციას ახდენენ.

ფოლიკულური ჰელპერ T (TFH) უჯრედები წარმოადგენს CD4+ T უჯრედების სპეციალურ ქვეჯგუფს, რომელიც ეხმარება B უჯრედებს უჯრედ-უჯრედული ურთიერთქმედებით და ციტოკინების გამოყოფით, რაც იწვევს B უჯრედების მიერ ანტისხეულების გამომუშავებას.

ამ გამანეიტრალებულ ანტისხეულებს შეუძლიათ ამოიცნონ უშუალოდ მთლიანი ვირუსი და იმოქმედონ ვირუსის დაბლოკვით უჯრედების დაინფიცირებისგან.

და ბოლოს:

ალვეოლური მაკროფაგები ამოიცნობენ განეიტრალებულ ვირუსებსა და აპოპტოზურ უჯრედებს (რომელიც მოკლულია CD8+ T უჯრედების მიერ) და ასუფთავებს მათ ფაგოციტოზით.

სწორედ ამის შემდეგ ხდება ვირუსული ინფექციის დასრულება.

რა ვიცით T უჯრედულ იმუნურ პასუხზე და ანტისხეულების წარმოქმნის შესახებ COVID-19 დაავადებული პაციენტებში?

SARS-CoV-2–ით ინფიცირებული პაციენტების კლინიკური მახასიათებლების შეფასების გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ინკუბაციური პერიოდი მოიცავს სიმპტომების გამოვლენამდე 4-დან 7 დღემდე და დამატებით 7-10 დღეს მძიმე დაავადებაში პროგრესირებამდე.

მრავალი პირველადი ვირუსული ინფექციისთვის, ჩვეულებრივ იმუნურ სისტემას 7-10 დღე სჭირდება ადაპტაციური T უჯრედების იმუნური პასუხის ჩამოყალიბების და გაფართოებისთვის, იმისათვის რომ მოახდინოს ვირუსის კონტროლი და ეს კორელაციაშია იმ პერიოდთან, რომელიც საჭიროა COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის, ან გამოჯანმრთელების ან მძიმე დაავადების განვითარებისათვის.

ეს ბადებს შესაძლებელ დაშვებას, რომ ცუდი საწყისი T უჯრედული პასუხი ხელს უწყობს SARS-CoV-2–ის გახანგრძლივებას და მდგომარეობის დამძიმებას, მაშინ, როდესაც ადრეული ძლიერი T უჯრედული პასუხი შეიძლება იყოს დამცავი.

ლიმფოპენია

SARS-CoV-2 ინფექციის ერთ-ერთი მახასიათებელი, განსაკუთრებით მძიმე ინფექციის დროს, არის ლიმფოპენია (ლიმფოციტების რაოდენობის პათოლოგიური შემცირება), რომელიც სწორდება პაციენტების გამოჯანმრთელებისას.

არსებობს მონაცემები დაავადების სიმძიმის ხარისხსა და ლიმფოპენიას შორის კორელაციის შესახებ;

მაგალითად, ინფიცირებულ ბავშვებში, რომელთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, იშვიათად აღინიშნება ლიმფოპენია, ხოლო ხანდაზმულ ასაკში, სადაც სიკვდილიანობა უფრო მაღალია, უფრო ხშირად ხდება ლიმფოპენიის განვითარება, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში.

ასევე არსებობს მონაცემები რომ სხვა იმუნურ უჯრედებთან ერთად ხდება CD4+ T უჯრედების, CD8+ T უჯრედების და B უჯრედების დაქვეითება.

მართალია ჯერჯერობით შეზღუდულია COVID-19-ის დროს ლიმფოპენიის მექანიზმის გაგება, მაგრამ მძიმე დაავადების მქონე ბევრ პაციენტს აქვს შემცირებული T უჯრედების რიცხვი, განსაკუთრებით CD8+ T უჯრედებისა, მაგრამ ჯერჯერობით გაუგებარია, რატომ არის ასე.

ლიმფოპენია დაფიქსირებულია სხვა რესპირატორული ვირუსებით გამოწვეული ინფექციების დროს, მაგალითად, გრიპი (ინფლუენზა), მაგრამ, როგორც ჩანს, COVID-19–ის დროს ის უფრო მეტხანს გრძელდება და შეიძლება უფრო რთული იყოს.

CD4+ T უჯრედების რეაქცია COVID-19-ის დროს

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მძიმე COVID-19 პაციენტებში არსებობს CD4+ T უჯრედების ფუნქციონირების დაქვეითება, მათ შორის IFNγ წარმოების შემცირება, სხვები კი ამ T უჯრედების ზედმეტად გააქტიურებას ვარაუდობენ.

საერთო ჯამში, CD4+ T უჯრედების რეაქცია მწვავე SARS-CoV-2 ინფექციის დროს იქნება ეს დაქვეითებული, ზედმეტად გააქტიურებული ან შეუსაბამო და როგორ უკავშირდება ეს დაავადების შედეგებს, ჯერჯერობით რჩება გაურკვეველი და ამის შესწავლა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

განსაკუთრებით მაღალია CD4+ T უჯრედული პასუხის მაღალი სიხშირე, რომლებიც სპეციფიკურია ვირუსის სპაიკ ცილისადმი - აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ COVID-19-გან, და ეს მსგავსია გრიპის ვირუსყან.

14 პაციენტზე ჩატარებულ ერთ მცირე კვლევაში, ცირკულირებადი ვირუსის სპეციფიკური CD4+ T უჯრედები გამოვლინდა ყველა მათგანში, ვინც გამოჯანმრთელდა SARS-CoV-2, რაც ასევე ადასტურებს T უჯრედების მეხსიერების განვითარების პოტენციალზე და შესაძლოა უფრო გრძელვადიანი იმუნიტეტსაც კი.

CD8+ T უჯრედული პასუხი COVID-19-ის დროს პაციენტებს შორის იმუნური პასუხები ჰეტეროგენურია.

ზოგიერთ კვლევაში ნათქვამია, რომ მძიმე COVID-19 პაციენტთა CD8+ T უჯრედებმა შეამცირეს ციტოკინის წარმოება in vitro სტიმულაციის შემდეგ, ზოგიერთმა კი აჩვენა შესაძლო გამოფიტული T უჯრედები;

ამის საპირისპიროდ, სხვა კვლევებში აღნიშნულია ზედმეტად-აგრესული CD8+ T უჯრედული პასუხი ან ძლიერ გააქტიურებული CD8+ T უჯრედები ციტოტოქსიური პასუხის ზრდით COVID-19 პაციენტებში.

ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ როგორ უკავშირდება CD8+ T უჯრედული პასუხის ჰეტეროგენურობა დაავადების თავისებურებებს, რომელიც შეიძლება მართული იყოს მაგალითად პაციენტის იმუნოტიპით ან რესპირატორული ეპითელური უჯრედების და ციტოტოქსიკური T უჯრედები ურთიერთქმედების ბუნებით და რეაგირების დონით.

მოხდა ქემოკინის რეცეპტორების რამდენიმე გენის (მათ შორის CCR9, CXCR6 და XCR1) და ABO სისხლის ჯგუფის მაკონტროლებლის გამოვლენა, რომ ისინი ასოცირდებიან მძიმე დაავადებასთან;

ამასთან, არის თუ არა ეს გენები პირდაპირ ან არაპირდაპირი კავშირი COVID-19-ის T უჯრედების რეაქციებთან, რჩება უცნობი.

CD8+ T უჯრედული პასუხის უფრო მაღალი წილი დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებსაც მხოლოდ მსუბუქი დაავადება აქვთ განვითარებული, რაც მიგვითითებს CD8+ T უჯრედული პასუხის პოტენციურ დამცავ როლზე.

CD8+ T უჯრედული პასუხების უმეტესობა სპეციფიკური იყო ვირუსის შინაგანი ცილებისთვის, ვიდრე სპაიკ (ვირუსის გარსზე არსებული ცილა) ცილებისა, რომლებიც გასათვალისწინებელია ვაქცინის შემუშავებისას.

SARS-CoV-2 სპეციფიკური CD8+ T უჯრედები გვხვდება გამოჯანმრთელებული პაციენტების დაახლოებით 70%-ში, რაც ვირუსის სპეციფიკური CD8+ T უჯრედული პასუხის და CD8+ T უჯრედების მეხსიერების არსებობის დადასტურებაა.

თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია აქვთ თუ არა ამ უჯრედებს შესაძლებლობა დაიცვან ორგანიზმი მომავალი ინფექციისგან.

ჯვარედინი რეაქტიული იმუნიტეტი

ერთ კვლევაში, SARS-CoV-2– რეაქტიული CD4+ T უჯრედები ასევე გამოვლენილია არადაინფიცირებული პირების დაახლოებით 40–დან 60%–მდე, რაც იმას ნიშნავს რომ ჯვარედინი-რეაქტიული T უჯრედული მეხსიერება შესაძლებელია არსებობდეს კორონავირუსის სხვა სახეობებს რომელიც იწვევს "ჩვეულებრივ გაციებას" და SARS-CoV-2-ს შორის.

სხვა გამოკვლევამ ასევე აჩვენა ჯვარედინი-რეაქტიული მეხსიერების T უჯრედები იმ პაციენტებში, რომლებიც SARS-CoV–ით გამოჯანმრთელდნენ 17 წლით ადრე (n = 23) და ასევე პირებში, რომელთაც SARS–ის ინფექცია არ ჰქონდათ ისტორიაში (n = 37). ეს კვლევები გაკეთდა მცირე რაოდენობის პაციენტებში და საჭიროებს გადამოწმებას.

პოტენციური გრძელვადიანი იმუნიტეტი

ადრეული კვლევების თანახმად, ანტისხეულები SARS-CoV-2–ით ინფიცირებულ ადამიანებში მნიშვნელოვნად დაეცა 2-3 თვეში ინფექციის გადატანიდან, რაც იწვევს შეშფოთებას, რომ ჰუმორული იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ შეიძლება სწრაფად დაეცეს.

თუმცა, ეს იმუნური პასუხის ნორმალური ნაწილია, რომ ანტისხეულების დონე იკლებს ინფექციის გადატანის შემდეგ.

მაგალითად, სეზონური კორონავირუსული ინფექციების დროს ანტისხეულები იწყებენ დაქვეითებას დაინფიცირებიდან დაახლოებით ერთ კვირაში და ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში რჩებიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინფექციის გადატანის შემდგომ ფორმირდება მეხსიერების T და B უჯრედები.

ის შეიძლება ხელახლა გააქტიურდეს იმ შემთხვევაში თუ იგივე ვირუსით მოხდება კიდევ ერთი ინფექციის განვითარება და ის უზრუნველყოს ხანგრძლივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.

წინასწარი კვლევის შედეგებით, რომელსაც ჯერ არ გაუვლია მიმოხილვა, აჩვენა, რომ მეხსიერების T და B უჯრედები აღმოაჩინეს COVID-19 მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ და ეს უჯრედები შენარჩუნებულია, რაც მიანიშნებს გრძელვადიანი იმუნიტეტის პოტენციალზე.

SARS-CoV-2 სპეციფიკური მეხსიერების T უჯრედები ასევე გამოვლენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ სერონეგატიურ ჯანმრთელ პირებში (დადასტურებული შემთხვევების ნათესავები), რამაც შეიძლება მიუთითოს უსიმპტომო ინფექციაზე.

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კონტაქტში მყოფ ასიმპტომურ პირთა დაახლოებით 93%-ს ჰქონდა T უჯრედული პასუხი SARS-CoV-2–ზე, სეროპოზიტიურობის მიუხედავად, შემთხვევათა მხოლოდ 60%-ში.

ამიტომ ასიმპტომური ინფექციები რეალურად შეიძლება უფრო ხშირი იყოს და მხოლოდ ანტისხეულების კვლევამ სწორად ვერ შეაფასოს ინფექციის ზუსტი გავრცელება ან პოპულაციის იმუნიტეტი.

SARS-CoV-2 სპეციფიკური T უჯრედები ამ კვლევაში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა უმეტესობაში აღმოჩნდა, რაც იმედისმომცემი ნიშანია, რომ ინფექციამ შეიძლება განაპირობოს იმუნიტეტი,'' - აღნიშნავს ზაზა თელია. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმ​რთელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„თავი აარიდეთ შემაშფოთებელი ახალი ამბების ყურებას“ - როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში

„თავი აარიდეთ შემაშფოთებელი ახალი ამბების ყურებას“ - როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში

ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები თარგმნა, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რეკომენდაციები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის:

ზოგადი მოსახლეობისთვის

1. COVID-19 გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, გთხოვთ, არ დააკავშიროთ ის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა. მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ.

2. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს „კორონავირუსის შემთხვევებს”, „მსხვერპლებს”, „კორონავირუსიან ოჯახებს” ან „ავადმყოფებს”. ისინი არიან „ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, „ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, “ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID19-სგან განთავისუფლების შემდგომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.

3. თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომლებიც თქვენში შფოთვას ამძაფრებს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯანმოს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან - იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ

4. თავი დაიცავით და სხვებსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.

5. ეცადეთ, გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად - გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს.

6. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.

ჯანდაცვის მუშაკებისთვის

7. ჯანდაცვის მუშაკები ამჟამად იღებენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც სტრესს იწვევს. ამიტომ, მოცემულ ვითარებაში აბსოლუტურად ნორმალურია იგრძნოთ სტრესი. სტრესი და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები/გრძნობები არ არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საქმის კეთება, ან რომ სუსტი ხართ. პირიქით. საკუთარი სტრესის მართვა ასეთ დროს იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ფიზიკური მდგომარეობის მართვა.

8. დაუკვირდით და შეეცადეთ, დაიკმაყოფილოთ თქვენი საბაზო საჭიროებები და გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები: აუცილებლად მიეცით თავს დასვენების საშუალება - როგორც სამუშაო დღის მსვლელობაში, ასევე მორიგეობებს შორის ინტერვალში, იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური, იყავით კონტაქტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თავი აარიდეთ სტრესთან გამკლავების საზიანო სტრატეგიებს: თამბაქოს, ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკებს. გრძელვადიანი პერსპექტივით ამას შეუძლია თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება. ეს უნიკალური და უპრეცედენტო გამოცდილებაა ჯანდაცვის ბევრი მუშაკისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში თუ მათ არ აქვთ მსგავსი კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის გამოცდილება. მიუხედავად ამისა, წარსულში გამოცდილი კონსტრუქციული გამკლავების სტრატეგიების გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ.


9. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა, გამოსცადოს ახლობლების, ოჯახის წევრების, მეზობლების მხრიდან თავის არიდების ქცევა - სტიგმისა და შიშის გამო. ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო დაგიმძიმოთ სტრესული გამოცდილება. თუ შესაძლებელია, იყავით კავშირში თქვენს საყვარელ ადამიანებთან დიგიტალური საშუალებების გამოყენებით. ასევე, ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა კოლეგების წრეში, თქვენს მენეჯერთან ან სხვა სანდო ადამიანებთან - თქვენი კოლეგები, შესაძლოა, იმავე სირთულეებს განიცდიან, რასაც თქვენ და ერთმანეთის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი.

10. განსაკუთრებული (ინტელექტუალური, შემეცნებითი, ფსიქოსოციალური) საჭიროებების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციისას ვირუსზე გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა. თუ ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, არ შეიზღუდოთ თავი კომუნიკაციის მხოლოდ წერილობითი ფორმით.

ჯანმრთელობის დაცვის და სამკურნალო ორგანიზაციების მენეჯერებსა და ლიდერებს

11. შეეცადეთ, დაიცვათ თქვენი თანამშრომლები ქრონიკული სტრესისგან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან - ამ შემთხვევაში ისინი უკეთ შეძლებენ თავისი მოვალეობების განხორციელებას.

12. უზრუნველყავით თქვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციის მაღალი ხარისხი და ინფორმაციის რეგულარული განახლება. გააკეთეთ მუშაკების როტაცია მუშაობის მაღალი სტრესისა და დაბალი სტრესის პირობების მონაცვლეობით. ნაკლები გამოცდილების თანამშრომლები ამუშავეთ პარტნიორობაში უფრო გამოცდილ კოლეგებთან. ორგანიზაციაში/გუნდში წაახალისეთ უერთიერთდახმარების კლიმატი - ეს უზრუნველყოფს მხარდაჭერას, ერთმანეთის სტრესის მონიტორინგსა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვას. ადამიანები, ვინც თემში გადიან სამუშაოდ, აუცილებლად უნდა მუშაობდნენ წყვილებში. წაახალისეთ, გაუწიეთ მონიტორინგი და თავად გააკეთეთ ინიცირება სამუშაო შესვენებებისა, საჭიროების მიხედვით. გააკეთეთ მოქნილი გრაფიკი იმ თანამშრომლებისთვის, ვინც უშუალოდ ექვემდებარება მასტრესირებელ მოვლენებს, ან ვისი ოჯახიც დაექვემდებარა ამგვარ მოვლენებს.

13. თუ გუნდის ან სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი ხართ - უზრუნველყავით ის, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მენეჯერებიცა და გუნდის ხელმძღვანელებიც სტრესორთა იმავე სისტემის ზემოქმედებას განიცდიან, რასაც მათი თანამშრომლები, და ზოგჯერ - გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, კიდევ უფრო მეტს. ამიტომ, მნიშვენლოვანია, ერთი მხრივ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, და მეორე მხრივ - მენეჯერებმა პირადი მაგალითით უჩვენონ თანამშრომლებს სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები.

14. გაათვიცნობიერეთ პირველადი ემოციური და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდებში და პრაქტიკულ ხერხებში მედპერსონალი, სასწრაფოს მძღოლები, მოხალისეები, მასწავლებლები, ისინი, ვინც შემთხვევებს ავლენენ და კარანტინის მუშაკები.

ბავშვებზე მზრუნველ პირთათვის (მშობლები, სხვა ოჯახის წევრები, ძიძები და ა.შ.)

15. დაეხმარეთ ბავშვებს, მონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რომ გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები - მაგ., შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.

16. ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. თუ აუცილებელი გახდა ბავშვის დაშორება მის ძირითად მზრუნველთან, მაშინ დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას უწევენ და რომ სოციალური მუშაკი ან მისი ექვივალენტი რეგულარულად შეამოწმებს ბავშვის კეთილდღეობას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი თავის ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან - იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეოზარი თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომუნიკაციის ფორმატი (მაგ, სოციალური მედია).

17. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, ჰქონდეს ურთიერთობა და ითამაშოს სხვებთან - თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია.

18. სტრესისა და კრიზისის პერიოდში ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდეც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა, შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის სიტუაციაში.

მათთვის, ვინც ხანდაზმულებზე ზრუნავს

19. ხანდაზმულებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც იზოლაციაში არიან ან, ვინც დემენციის მდგომარეობაშია, შესაძლოა, მეტად ინერვიულონ, მიიღონ სტრესი ან გაითიშონ ამგვარი კრიზისის/კარანტინის დროს. გაუწიეთ პრაქტიკული და ემოციური დახმარება არაფორმალური კავშირების (ოჯახის) და პროფესიონალების დახმარებით.

20. გაუზიარეთ მარტივი ფაქტები იმის თაობაზე, თუ რა ხდება და მკაფიო ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ინფიცირების რისკის დაქვეითება - ისეთი ფორმით, ადვილად გასაგები იყოს შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოხუცებისთვისაც. რამდენჯერაც საჭირო იქნება, გაიმეორეთ ინფორმაცია. ინსტრუქციები უნდა იყოს არტიკულირებული მკაფიოდ, მოთმინებითა და პატივისცემის გამოხატვით. შესაძლოა დაგეხმაროთ ასევე, წერილობითი ფორმით, ან ნახატების სახით გამოხატვაც. ჩართეთ ოჯახის წევრები და სხვა დამხმარეები ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესში და აგრეთვე, თავდაცვითი ქცევის გავარჯიშების მიზნით (მაგ., ხელების დაბანვის).

21. წაახალისეთ ხანდაზმულები (მაგ., კეთილდღეობაში მცხოვრები პენსიონრები), რომ მოხალისეობრივი აქტივობები ჩაატარონ თემში - დაეხმარონ თანატოლებს, გადამოწმონ მეზობლების მდგომარეობა, იზრუნონ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის შვილებზე და ა.შ.

მათთვის, ვინც იზოლაციაშია

22. დარჩით დაკავშირებული თქვენს სოციალურ ქსელებთან. იზოლაციაშიც კი შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი ყოველდღიური ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ, რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაკავშირებული სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით.

23. სტრესის დროს მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები ყველა ქვეყანაში მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.

24. თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებგვერდზე და თავი აარიდეთ ჭორების მოსმენას, რაც დისკომფორტს იწვევს.

წაიკითხეთ სრულად