Baby Bag

„ორი წლის ასაკში ბავშვის სიმაღლე მისი საბოლოო სამიზნე სიმაღლის ნახევარს წარმოადგენს,“ - ენდოკრინოლოგი ეკატერინე ფაცაცია

„ორი წლის ასაკში ბავშვის სიმაღლე მისი საბოლოო სამიზნე სიმაღლის ნახევარს წარმოადგენს,“ - ენდოკრინოლოგი ეკატერინე ფაცაცია

ენდოკრინოლოგმა ეკატერინე ფაცაციამ ბავშვებში სიმაღლეში ზრდის სამ მნიშვნელოვან პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის სიმაღლე ორი წლის ასაკში საბოლოო სამიზნე სიმაღლის ნახევარს წარმოადგენს:

„როგორც ყველა პროცესს, ზრდასაც აქვს თავისი პერიოდები. ნულიდან ორ წლამდე არის ჩვილობის პერიოდი. ამ პერიოდში ბავშვი „ეძებს“ თავის გენეტიკურ ტრაექტორიას სიმაღლესთან მიმართებაში. ორი წლის ასაკში ბავშვის სიმაღლე მისი საბოლოო სამიზნე სიმაღლის ნახევარს წარმოადგენს. ​პირველ წელიწადს ბავშვი სწრაფად იზრდება და მისი ზრდის ტემპი არის დაახლოებით 25-30 სანტიმეტრი. თუ ის არ გაიზარდა პირველ წელიწადს 25-30 სანტიმეტრის ფარგლებში, უკვე განგაშის საფუძველი გვაქვს.“

ეკატერინე ფაცაციას თქმით, მეორე წელიწადში ზრდის ტემპი იკლებს, რაც ფიზიოლოგიური მოვლენაა:

„მეორე წელიწადს ზრდის ტემპი იკლებს, ამის ნუ შეგეშინდებათ. ეს არის ფიზიოლოგიური. მეორე წელიწადში ბავშვი 12-15 სანტიმეტრს იმატებს. სამი წლიდან პუბერტატის ასაკამდე არის ბავშვობის პერიოდი, სადაც სიმაღლეში ზრდა იკლებს. ბავშვი წელიწადში 6-8 სანტიმეტრს იმატებს წელიწადში. 6-7 წლის ასაკში არის ზრდის ნახტომი. პიკი არის რვა წლის ასაკში. რვა წლის ასაკში ბავშვის სიმაღლე არის მისი საბოლოო სიმაღლის ¾.“

„პუბერტატის ასაკამდე გოგონები და ბიჭები მიდიან თანაბრად. როდესაც სასქესო ჰორმონები გამოდიან უკვე ასპარეზზე, იქ უკვე გვაქვს ცვლილება. მესამე ფაზა არის პუბერტატული პერიოდი. პუბერტატი ბიჭებში არის 9 წლიდან 14 წლამდე. გოგონებში 9 წლიდან 13 წლამდე დიაპაზონია. ბიჭები თითქმის ორი წლით გვიან მწიფდებიან. ვაჟებს უფრო მეტი დრო აქვთ, რომ სიმაღლეში მოიმატონ. ​პუბერტატული ნახტომი გოგონებში არის 6-8 სანტიმეტრი, ბიჭებში კი - 10-16 სანტიმეტრი,“- აღნიშნულ საკითხებზე ეკატერინე ფაცაციამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის შოუ“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად