Baby Bag

ყველაფერი, რაც ​მენსტრუალურ ციკლზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც ​მენსტრუალურ ციკლზე უნდა ვიცოდეთ

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია მენსტრუალურ ციკლზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

სქესობრივი მომწიფებიდან მენოპაუზამდე ქალის ორგანიზმი განიცდის ჰორმონულ ცვლილებებს. ამ ხნის განმავლობაში ქალს უნდა ჰქონდეს რეგულარული მენსტრუალური ციკლი. ყველა ქალისთვის მენსტრუალური ციკლი ინდივიდუალურია და ნორმად ითვლება ციკლიდან ციკლამდე 21-35 დღიანი შუალედი, თვითონ მენსტრუალური გამონადენის ხანგრძლივობა კი 3-7 დღე. მენსტრუალური ციკლი იყოფა 4 ფაზად:

  • მენსტრუალური ფაზა
  • ფოლიკულური ფაზა
  • ოვულაცია
  • ლუთეინური ფაზა


​მენსტრუალური ფაზა - 
ეს არის პირველი ფაზა და მოიცავს იმ დროს, როდესაც გეწყებათ მენსტრუალური გამონადენი. (ეს გულისხმობს იმას, რომ წინა ციკლიდან კვერცხუჯრედი ვერ განაყოფიერდა და შესაბამისად, არ შედგა ორსულობა). საშუალოდ ეს ფაზა გრძელდება 3-დან 7 დღემდე.

ფოლიკულური ფაზა - ისევე როგორც მენსტრუალური ფაზა, იწყება ციკლის დაწყების პირველ დღეს და სრულდება ოვულაციის დღეს. ამ ფაზაში ხდება თქვენი ფოლიკულების ინტენსიური ზრდა და მზადება ოვულაციისთვის. ოვულაციის დროს ხდება 1 ლიდერი (დომინანტი) ფოლიკულის მომწიფება (იშვიათ შემთხვევაში ხდება 2 ფოლიკულის ერთდროულად მომწიფება).

ოვულაცია - ეს პროცესია, როდესაც საკვერცხეში ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედის გასკდომა და გადასვლა კვერცხსავალ მილში, სადაც ხდება მისი განაყოფიერება (კვერცხუჯრედი სიცოცხლისუნარიანია 17-24 სთ-მდე). ოვულაცია ძირითადად ხდება მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-14 დღეს (რეგულარული ციკლის ფონზე, რომელიც საშუალოდ 28-დღიანია).

ლუთეინური ფაზა - მას შემდეგ, რაც მოხდება ოვულაცია, საკვერცხეში ოვულირებული კვერცხუჯრედის ადგილზე წარმოიქმნება ე.წ. ყვითელი სხეული. ყვითელი სხეულის მოვალეობაა პროგესტერონის და ესტროგენის გამოყოფა, რათა მოხდეს საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის (ენდომეტრიუმის) გასქელება და მომზადება განაყოფილერებული კვერცხუჯრედის ჩასანერგად. თუ დადგა ორსულობა, ყვითელი სხეული განაგრძოს ფუნქციონირებას. იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა არ დადგა, ყვითელი სხეული განილევა და იწყება მენსტრუალური გამონადენი.

იმისთვის, რომ დააკვირდეთ საკუთარი ციკლის რეგულარობას, სასურველია, აწარმოოთ მენსტრუალური კალენდარი, ან გამოიყენოთ რომელიმე აპლიკაცია. თუ გეგმავთ ორსულობას, უნდა ჩატარდეს მინიმუმ ფოლიკულის მონიტორინგი, რომ ინახოს ფოლიკულების რაოდენობა, რამდენად იზრდება ფოლიკული, ხდება თუ არა ოვულაცია, რამდენად იზრდება ენდომეტრიუმი. 

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედები​ს ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ