„აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები“
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი პაციენტების მართვაზე სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:
„ის კადრები, რაც ვიხილე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ, დიახ, ახალ და „თანამედროვედწოდებულ“ რეანიმაციულ განყოფილებაში, ესაა სრული კატასტროფა. წელიწადნახევრის წინ, 2020 წლის აპრილში, ვსაუბრობდით ინტენსიური და მართვითი სუნთქვის კოვიდიანი ადამიანების ჰიგიენაზე, დისტანციაზე, საწოლებშორის უბრალო გამყოფებზე და ამდენი თვეების მერე ისევ იქა ვართ... არა, უარესად ვართ.
მაშინ ექიმებს ფფპ 2 პირბადეები და მაღალჰიგიენური ეპიკიური მაინც ჰქონდათ. გინდაც 15-ჯერ იყოს აცრილი ექიმი და იყოს უსიმპტომო, ის კოვიდის გადამტანია მაინც, ყველაფერია კოვიდის გადამტანი - ადამიანიც, ხელსაწყოც, ამონასუნთქი ჰაერიც, ამონახველიც, დაცემინებაც და ყველაფერი, თუ ასე თევზებივითაა ერთიმეორეს მიწყობილნი ადამიანები.
რა გახდა ეს გამყოფი ცელოფანი მაინც, არ მესმის და ვერ ვიგებ. რა თქმა უნდა, ისიც საშინელ მანკად და კატასტროფულ დაუნახაობად რჩება, რომ ადამიანი, რომელიც ინტერვიუს აძლევს ტელევიზიას, არ უნდა იყოს მართვით სუნთქვაზე, არ შეიძლება ასეთი ადამიანების ასე სრული იმობილიზება და საწოლში გამწესება არაა არავითარი ფიზიოთერაპია.
როცა ორსულობის ბოლო კვირაში ორსულ ქალს დააწვენ, არ გაანძრევ და გამოკეტავ კოვიდიანებთან ერთად რეანიმაციაში, ის ნაღდად დაიღუპება, რადგან ორსულობისას რამდენიმე ათეულჯერაა აწეული თრომბოემბოლიის რისკი. მაგრამ აქვთ საქართველოში ალიბი აბსოლუტურად ყველაფრისათვის: „არ იყო აცრილი და მოკვდებოდა, აბა რაო“. ესაა დანაშაულებრივი აზროვნება და ქმედება. ეს ასეა. ფაქტია.
აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები.
ამას ესაჭიროება კარგი ვენტილაცია, რამდენიმე ასეული მეტრის დეზიფექციის შესაძლებლობის მქონე ცელოფნის საფარი, რამდენიმე ათეული ფიზიოთერაპევტი და ადამიანების საავადმყოფოებში არშეყრა. რეზიდენტი ექიმების და უსაქმოდ დარჩენილი ტაქსის მძღოლების მეშვეობით რამდენიმე ასეული მობილური ჯგუფის შექმნა და პაციენტებს სახლში, სოფლებში, საკუთარ ოჯახებში, მის ეზო-კარმიდამოში მართვა უნდა ამას ყველაფერს.
2020 წლის აპრილიდან ერთი მისხალიც კი არ გაკეთებულა ამ მხრივ. ეს დანაშაულია, სამარცვინოა ეს ყველაფერი და საკუთარ სახეს სარკეში ვერ შეხედავთ ამ სისტემის „გამპარვებელი“ ექიმები, ახლა რომ ყველაფერს არაცრილობას ატენით.
ნორმალური პირბადეები მაინც გაიკეთეთ. მე მიკეთია აცრილს და კოვიდგადატანილს ხუთოთახიან და ღიაფანჯრებიან პრაქსისში ფფპ2 პირბადე მთელი დღის განმავლობაში.
სამარცხვინოა ეს საქციელი.
ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ ინფექცია არის უპირველესად ჰიგიენა და მართვა, ყოველთვის გამოძებნიან მიზეზს გაამართლონ ადამიანთა სიკვდილი, მაგალითად, აუცრელობით. ვითომდა მხოლოდ ერთი ინფექცია არსებობდეს დედამიწაზე და თუ ის მოვთოკეთ, სხვა არაფერია საჭირო.
ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ კორონა ინფექცია არის უმეტესწილად, 80%-ში მხოლოდ და მხოლოდ გამშვები მექანიზმი სხვა დაავადებისა, სხვა გართულებისა, რომელსაც უნდა უმკურნალო ისე, როგორც ეს წესი და რიგია, ყოველთვის დაადანაშაულებენ თავად გარდაცვლილს და გარემოს დაუდევრობაში და სიბნელეში.
ყველა გარდაცვლილის უკან არის განვლილი გზა. აი, ამ გზის თითოეულ ნაბიჯს უნდა ანალიზი,“ - წერის ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
ფილტვების ანთება კორონავირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს - ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე ისევ კლინიკაში რჩება
ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანს ზურა ბალანჩივაძეს კორონავირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს ფილტვების ანთება აქვს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
„დაგვიანებული პოსტისთვის ბოდიში. უბრალოდ, დღეს ბევრი ამბავი დამიგროვდა. როგორც არაერთხელ ითქვა, ვირუსი შეიძლება ისევ გააქტიურდეს და ამისთვისაც უნდა იყოთ მზად. ასე და ამგვარად, ბოლო სამი დღეა, შუადღისით მაქვს 37 - 37.1 სიცხე. ანალიზებმაც აჩვენა, რომ სისხლის შედედებასთან ერთად, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებელიც მაქვს მომატებული. შესაბამისად, დღეს კიდევ გადამიღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა ამჯერად კონტრასტიც დაამატეს. ჰოდა ორივე ფილტვის ძალიან პატარა დოზით ინფილტრაცია მაქვს, ანუ ანთება.
როგორც ექიმმა ამიხსნა, მარტივი ფორმაა და საგანგაშო არ არის. ყოველ შემთხვევაში, ანტიბიოტიკი დამიმატეს და კიდევ რაღაც წამალი ღვიძლისთვის. კონტრასტმა ფილტვში ემბოლია არ აჩვენა, რაც კარგი მანიშნებელია.
ირაკლის აქვს პერიოდულად ხველა, თუმცა ანალიზები კარგი. სიცხეც პერიოდულად 37. ჩემგან განსხვავებით, ანტიბიოტიკებს სვამს შემოსვლის დღიდან და ველოდებით მის შედეგებს.
სიმართლე გითხრათ, უფრო დავმშვიდდი, რადგან გარკვეული დიაგნოზი მიჯობს გაურკვეველ მდგომარეობას. ყველაზე ძნელი მომენტი ეჭვის მდგომარეობაში ყოფნაა, როცა კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატში სუნთქვაშეკრული წევხარ და ორად ორ რამეზე ფიქრობ: რა მჭირს და როგორ ვუთხრა მშობლებს.
როცა საკმარის ძალას და ენერგიას მოიკრებ, რომ ყველაფერს თვალი გაუსწორო (ალბათ, ნაწილობრივ ფეხზეც იკიდებ ყველაფერს იმ მომენტში, რადგან სხვანაირად ძნელია არასასურველი ფრაზების ამოთქმა), მერე ერთი პრობლემით ნაკლები გრჩება. სამწუხაროდ, კორონას ძალიან ძალიან ძალიან ბევრი უსარგებლო ემოცია ახლავს, რომელიც არასდროს და არაფერში არ დაგეხმარებათ.
უნდა დავრჩენილიყავი სახლში? არ ვიცი. ალბათ, არა. მთავარი პრობლემაც და გამოცანაც ეს არის: ზოგთან კორონა ლამის ფეხის თითის ტკივილიდან იწყება, ზოგთან სიცხით, ხველით, ყელის ტკივილით და ა.შ. ანუ სიმპტომებიც ძალიან განსხვავებულია და შემდგომი განვითარებაც. მთავარია, ერთმანეთი არ დაანევროზოთ. უბრალოდ, არ ქნათ ეგ. გთხოვთ.
ხოლო თქვენ, ვისაც კიდევ არ გჯერათ კორონას არსებობის, თქვენ გაქვთ სრული უფლება, გჯეროდეთ ან არ გჯეროდეთ იმის, რაც გინდათ ან არ გინდათ. მთავარია, თქვენი რწმენა სხვის ჯანმრთელობის პრობლემა არ გახდეს და ისე კი რაც გინდათ, ის გიქნიათ.
დაბოლოს, რაიმე კარგი და სხარტი მინდა, გითხრათ ბოლოს და ისევ მარკ ტვენს დავესესხები: „პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ."