„აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები“
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი პაციენტების მართვაზე სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:
„ის კადრები, რაც ვიხილე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ, დიახ, ახალ და „თანამედროვედწოდებულ“ რეანიმაციულ განყოფილებაში, ესაა სრული კატასტროფა. წელიწადნახევრის წინ, 2020 წლის აპრილში, ვსაუბრობდით ინტენსიური და მართვითი სუნთქვის კოვიდიანი ადამიანების ჰიგიენაზე, დისტანციაზე, საწოლებშორის უბრალო გამყოფებზე და ამდენი თვეების მერე ისევ იქა ვართ... არა, უარესად ვართ.
მაშინ ექიმებს ფფპ 2 პირბადეები და მაღალჰიგიენური ეპიკიური მაინც ჰქონდათ. გინდაც 15-ჯერ იყოს აცრილი ექიმი და იყოს უსიმპტომო, ის კოვიდის გადამტანია მაინც, ყველაფერია კოვიდის გადამტანი - ადამიანიც, ხელსაწყოც, ამონასუნთქი ჰაერიც, ამონახველიც, დაცემინებაც და ყველაფერი, თუ ასე თევზებივითაა ერთიმეორეს მიწყობილნი ადამიანები.
რა გახდა ეს გამყოფი ცელოფანი მაინც, არ მესმის და ვერ ვიგებ. რა თქმა უნდა, ისიც საშინელ მანკად და კატასტროფულ დაუნახაობად რჩება, რომ ადამიანი, რომელიც ინტერვიუს აძლევს ტელევიზიას, არ უნდა იყოს მართვით სუნთქვაზე, არ შეიძლება ასეთი ადამიანების ასე სრული იმობილიზება და საწოლში გამწესება არაა არავითარი ფიზიოთერაპია.
როცა ორსულობის ბოლო კვირაში ორსულ ქალს დააწვენ, არ გაანძრევ და გამოკეტავ კოვიდიანებთან ერთად რეანიმაციაში, ის ნაღდად დაიღუპება, რადგან ორსულობისას რამდენიმე ათეულჯერაა აწეული თრომბოემბოლიის რისკი. მაგრამ აქვთ საქართველოში ალიბი აბსოლუტურად ყველაფრისათვის: „არ იყო აცრილი და მოკვდებოდა, აბა რაო“. ესაა დანაშაულებრივი აზროვნება და ქმედება. ეს ასეა. ფაქტია.
აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები.
ამას ესაჭიროება კარგი ვენტილაცია, რამდენიმე ასეული მეტრის დეზიფექციის შესაძლებლობის მქონე ცელოფნის საფარი, რამდენიმე ათეული ფიზიოთერაპევტი და ადამიანების საავადმყოფოებში არშეყრა. რეზიდენტი ექიმების და უსაქმოდ დარჩენილი ტაქსის მძღოლების მეშვეობით რამდენიმე ასეული მობილური ჯგუფის შექმნა და პაციენტებს სახლში, სოფლებში, საკუთარ ოჯახებში, მის ეზო-კარმიდამოში მართვა უნდა ამას ყველაფერს.
2020 წლის აპრილიდან ერთი მისხალიც კი არ გაკეთებულა ამ მხრივ. ეს დანაშაულია, სამარცვინოა ეს ყველაფერი და საკუთარ სახეს სარკეში ვერ შეხედავთ ამ სისტემის „გამპარვებელი“ ექიმები, ახლა რომ ყველაფერს არაცრილობას ატენით.
ნორმალური პირბადეები მაინც გაიკეთეთ. მე მიკეთია აცრილს და კოვიდგადატანილს ხუთოთახიან და ღიაფანჯრებიან პრაქსისში ფფპ2 პირბადე მთელი დღის განმავლობაში.
სამარცხვინოა ეს საქციელი.
ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ ინფექცია არის უპირველესად ჰიგიენა და მართვა, ყოველთვის გამოძებნიან მიზეზს გაამართლონ ადამიანთა სიკვდილი, მაგალითად, აუცრელობით. ვითომდა მხოლოდ ერთი ინფექცია არსებობდეს დედამიწაზე და თუ ის მოვთოკეთ, სხვა არაფერია საჭირო.
ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ კორონა ინფექცია არის უმეტესწილად, 80%-ში მხოლოდ და მხოლოდ გამშვები მექანიზმი სხვა დაავადებისა, სხვა გართულებისა, რომელსაც უნდა უმკურნალო ისე, როგორც ეს წესი და რიგია, ყოველთვის დაადანაშაულებენ თავად გარდაცვლილს და გარემოს დაუდევრობაში და სიბნელეში.
ყველა გარდაცვლილის უკან არის განვლილი გზა. აი, ამ გზის თითოეულ ნაბიჯს უნდა ანალიზი,“ - წერის ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
,,ეს ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი მიზეზია, თუ რატომ გვაქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი''
ექიმი-რეზიდენტი აკაკი ავალიანი სოციალურ ქსელში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზებზე წერს:
,,კოვიდ პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დაგვანახა საქართველოს ჯანდაცის სისტემის სისუსტე, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მართლაც რომ სავალალოა ამ პატარა ქვეყნისთვის, ხშირად მისვამენ კითხვას თუ რა არის ასეთი მაღალი სიკვდილოანობის მიზეზი, ახლა შევეცდები მოკლედ აგიხსნათ. ეს ნამდვილად არ ეხება ექიმების კომპეტენციას ან იმას რომ რაიმეს არასწორად ვაკეთებთ და არასწორად ვმართავთ პაციენტებს, მთავარი მიზეზი ისევ ჯანდაცვის პირველი რგოლია, სუსტი პირველადი ჯანდაცვა განსაზღვრავს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტატუს, იქიდან გამომდინარე რომ მოსახლეობსი უმეტეს ნაწილს არ აქვს შესაძლებლო(ზოგს სურვილი), რომ გეგმიურად იარონ კვლევებზე და სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდნენ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ უამრავ პრობლეას ქმნის დღევანდელ სიტუაციაში, კლინიკაში მოხვედრილი პაციენტის კვლევა იწყება ნულიდან და გზადაგზა აღმოვაჩენთ, რომ უამრავი ქრონიკული დაავადების მატარებელია პაციენტი, რაც რათქმაუნდა განსაზღვრას მკურნალობის მიმდინარეობს, ეს პრობლემა მხოლოდ კოვიდის დროს არ წარმოქმნილა, ჩვენს ქვეყანაში აქამდეც , როდესაც პაციენტს ექმნებოდა რაიმე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა პირდაპირ რეანიმაციაში ხვდებოდა მიზეზი კი ის იყო რომ არასოდეს ყოფილა ექიმთან, არ იცოდა მისი დაავადებების შესახებ რამაც ერთიანად გამოიწვია სავალალო შედეგი და პაცინეტი მიიყვანა უმძიმეს მდგომარეობამდე.
ეს ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი მიზეზია თუ რატომ გვაქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, ამის გამოსასწორებლად კი დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა.
გამოსავალი:
1. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს კერძო დაზღვევა, სახელმწიფომ უნდა დააფინასოს მხოლოდ ბავშვების, პენსიონრებისა და სოციალურად დაუცველების მკურნალობა.
2. გეგმიურად უნდა ვიკეთოთ კვლევები, არ მიყვარს სიტყვა „სავალდებულოს“ გამოყენება, თუმცა 6 თვეში ერთხელ ნამდვილად სავარდებულო უნდა იყოს გამოკვლევების ჩატარება.
3. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჯანდაცვის პირველი რგოლის, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებაა, რისთვისაც არაერთი გზა არსებობს, ამ ეტაპზე არ დავკონკრეტდები თუმცა ამის განხილვაც შეიძლება,'' - აღნიშნა აკაკი ავალიანმა.