„აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები“
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი პაციენტების მართვაზე სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:
„ის კადრები, რაც ვიხილე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ, დიახ, ახალ და „თანამედროვედწოდებულ“ რეანიმაციულ განყოფილებაში, ესაა სრული კატასტროფა. წელიწადნახევრის წინ, 2020 წლის აპრილში, ვსაუბრობდით ინტენსიური და მართვითი სუნთქვის კოვიდიანი ადამიანების ჰიგიენაზე, დისტანციაზე, საწოლებშორის უბრალო გამყოფებზე და ამდენი თვეების მერე ისევ იქა ვართ... არა, უარესად ვართ.
მაშინ ექიმებს ფფპ 2 პირბადეები და მაღალჰიგიენური ეპიკიური მაინც ჰქონდათ. გინდაც 15-ჯერ იყოს აცრილი ექიმი და იყოს უსიმპტომო, ის კოვიდის გადამტანია მაინც, ყველაფერია კოვიდის გადამტანი - ადამიანიც, ხელსაწყოც, ამონასუნთქი ჰაერიც, ამონახველიც, დაცემინებაც და ყველაფერი, თუ ასე თევზებივითაა ერთიმეორეს მიწყობილნი ადამიანები.
რა გახდა ეს გამყოფი ცელოფანი მაინც, არ მესმის და ვერ ვიგებ. რა თქმა უნდა, ისიც საშინელ მანკად და კატასტროფულ დაუნახაობად რჩება, რომ ადამიანი, რომელიც ინტერვიუს აძლევს ტელევიზიას, არ უნდა იყოს მართვით სუნთქვაზე, არ შეიძლება ასეთი ადამიანების ასე სრული იმობილიზება და საწოლში გამწესება არაა არავითარი ფიზიოთერაპია.
როცა ორსულობის ბოლო კვირაში ორსულ ქალს დააწვენ, არ გაანძრევ და გამოკეტავ კოვიდიანებთან ერთად რეანიმაციაში, ის ნაღდად დაიღუპება, რადგან ორსულობისას რამდენიმე ათეულჯერაა აწეული თრომბოემბოლიის რისკი. მაგრამ აქვთ საქართველოში ალიბი აბსოლუტურად ყველაფრისათვის: „არ იყო აცრილი და მოკვდებოდა, აბა რაო“. ესაა დანაშაულებრივი აზროვნება და ქმედება. ეს ასეა. ფაქტია.
აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა. პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება - პაციენტის მართვა, ჰიგიენა. ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები.
ამას ესაჭიროება კარგი ვენტილაცია, რამდენიმე ასეული მეტრის დეზიფექციის შესაძლებლობის მქონე ცელოფნის საფარი, რამდენიმე ათეული ფიზიოთერაპევტი და ადამიანების საავადმყოფოებში არშეყრა. რეზიდენტი ექიმების და უსაქმოდ დარჩენილი ტაქსის მძღოლების მეშვეობით რამდენიმე ასეული მობილური ჯგუფის შექმნა და პაციენტებს სახლში, სოფლებში, საკუთარ ოჯახებში, მის ეზო-კარმიდამოში მართვა უნდა ამას ყველაფერს.
2020 წლის აპრილიდან ერთი მისხალიც კი არ გაკეთებულა ამ მხრივ. ეს დანაშაულია, სამარცვინოა ეს ყველაფერი და საკუთარ სახეს სარკეში ვერ შეხედავთ ამ სისტემის „გამპარვებელი“ ექიმები, ახლა რომ ყველაფერს არაცრილობას ატენით.
ნორმალური პირბადეები მაინც გაიკეთეთ. მე მიკეთია აცრილს და კოვიდგადატანილს ხუთოთახიან და ღიაფანჯრებიან პრაქსისში ფფპ2 პირბადე მთელი დღის განმავლობაში.
სამარცხვინოა ეს საქციელი.
ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ ინფექცია არის უპირველესად ჰიგიენა და მართვა, ყოველთვის გამოძებნიან მიზეზს გაამართლონ ადამიანთა სიკვდილი, მაგალითად, აუცრელობით. ვითომდა მხოლოდ ერთი ინფექცია არსებობდეს დედამიწაზე და თუ ის მოვთოკეთ, სხვა არაფერია საჭირო.
ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ კორონა ინფექცია არის უმეტესწილად, 80%-ში მხოლოდ და მხოლოდ გამშვები მექანიზმი სხვა დაავადებისა, სხვა გართულებისა, რომელსაც უნდა უმკურნალო ისე, როგორც ეს წესი და რიგია, ყოველთვის დაადანაშაულებენ თავად გარდაცვლილს და გარემოს დაუდევრობაში და სიბნელეში.
ყველა გარდაცვლილის უკან არის განვლილი გზა. აი, ამ გზის თითოეულ ნაბიჯს უნდა ანალიზი,“ - წერის ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
,,მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება''
თინა ხიდაშელმა კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ დაამარცხა. თუმცა ვირუსის გართულებებს დღემდე ებრძვის. ვაქცინაციისა და ვირუსის შესახებ პოლიტიკოსი სოციალური ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,ქვეყანა ერთი დიდი სიკვდილის ქრონიკად იქცა. ყოველდღიურად, უფრო კი დღეში რამდენჯერმე მორიგ სულისშემძვრელ ისტორიას ვკითხულობ კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებზე. ერთ ერთი ასეთი ისტორია ჩემიც შეიძლება ყოფილიყო. მე გადავრჩი! მაგრამ უკვე ექვსი ათასზე მეტი ადამიანი ემახვერპლა ამ ვერაგ ვირუსს.
არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ როგორ დასრულდება თქვენი კოვიდ ისტორია. ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, მით უმეტეს ვერც პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები ტელევიზორიდან …
მხოლოდ თქვენ თავად წყვეტთ როგორი იქნება თქვენი ხვედრი კოვიდით ინფიცირების შემდეგ.
რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო ვაქცინაციაზე, მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება. დიახ, სიცოცხლით! ვერაფერს ვწერდი. აცრა რომ უალტერნატივოა ისეთი მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის რომ არ ვიცი როგორ უნდა მოგიწოდოთ, როგორ მოგმართოთ.
ეხლა როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს ყველას ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გაშინიათ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ
- ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის.
- ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე.
- ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მედგარი ხასიათი და სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს. აქაც ძალიან კონკურენტუნარიანი ვიყავი.
მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა!