COVID-19 და კვლევები - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„როგორც მკურნალობის, ასევე გამოკვლევების კუთხით, COVID-19-თან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არ ხდება სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინება.
სამწუხაროდ, უსიმპტომო პაციენტებთან ან მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში უხშირესად ხდება გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, რომლის დასხივების ხარისხი ანუ რადიაციული დოზა=7mSv გახლავთ ბუნებრივი დასხივების 2-წლიანი პერიოდის ტოლფასი (ანუ დასხივება, რასაც ადამიანი 2 წლის განმავლობაში ბუნებრივად იღებს). ხშირად კი COVID-19-ის დროს კტ-ს რამდენიმეჯერ უკეთებენ პაციენტებს - 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ.
პოტენციურად კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებით გამოწვეული ჯანმრთელობის პოტენციური საფრთხეები თავს მომავალში იჩენს.
კოქრეინის სისტემური მიმოხილვით დადგინდა, რომ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის ეფექტური გამოკვლევის საშუალება COVID-19 დიფერენცირებისათვის სხვა რესპირატორულ დაავადებებთან.
Fleischner Society - COVID-19-ის დროს გულმკერდის (ფილტვების) გამოსახვის პროტოკოლი
პაციენტები COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომებით (Patients with mild features of COVID-19)
გულმკერდის გამოსახვა (Imaging - რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) რეკომენდებულია მხოლოდ პაციენტებში COVID-19-ის პროგრესირების რისკ-ფაქტორებით.
გამოსახვა არ არის რეკომენდებული ასიმპტომურ პაციენტებში ან მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ის დროს თუ ამ პაციენტებს არ აქვთ დაავადების პროგრესირების რისკები.
პაციენტები საშუალოდან-მძიმე ფორმის COVID-19-ით (Patients with moderate-to-severe features of COVID-19)
გამოსახვა მიზანშეწონილია COVID-19-ის ლაბორატორიული პასუხის გარეშე ან იმის მიუხედავად ხელმისაწვდომია თუ არა ვირუსზე ტესტირება - იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საშუალოდან - მძიმე ფორმის სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს COVID-19-ზე და ინფექციის არსებობის პრე-ტესტური შესაძლებლობა (pre-test probability of infection)
გამოჯანმრთელებული პაციენტები (Patients recovered from COVID-19)
გამოსახვა რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ფუნქციური გაუარესება ინფექციის დროს და/ან ჰიპოქსია (სუნთქვის გაძნელება) მას შემდეგ, რაც ისინი გამოჯანმრთელდნენ.
სხვა სცენარი (Other scenarios)
ყოველდღიური გულმკერდის რენტგენოგრაფია არ არის რეკომენდებული სტაბილურ, ინტუბირებულ (აპარატზე მყოფ) პაციენტებში COVID-19-ით“, - წერს ექიმი ზაზა თელია.
სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაქსიმუმ ორ დღეში იქნება ცნობილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით მაქსიმუმ ორ დღეში იქნება გადაწყვეტილება ცნობილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშა, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებაზე:
„დღესაც მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებასა და გამკაცრებაზე, აქ შედის, სკოლაც, უმაღლესი სასწავლებლებიც და ა.შ. ბევრი რამ განიხილება, მე ახლა არ დავაკონკრეტებ, ალბათ, ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი გადაწყვეტილებები, შესაბამისად იქნება სკოლებთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.