Baby Bag

„თუ წნევა სისტემატურად იწევს მაღლა, ანტიჰიპერტენზიული თერაპია არავითარ შემთხვევაში არ უნდა ატარებდეს კურსობრივ ხასიათს,“ - კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე

„თუ წნევა სისტემატურად იწევს მაღლა, ანტიჰიპერტენზიული თერაპია არავითარ შემთხვევაში არ უნდა ატარებდეს კურსობრივ ხასიათს,“ - კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე

კარდიოლოგმა არჩილ ჩუხრუკიძემ არტერიული წნევის მერყეობის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არტერიული წნევის სრულყოფილი განკურნება შეუძლებელია:

„ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ არტერიული წნევის სრულყოფილად განკურნება არ არსებობს. მედიცინა არ ფლობს იმის შესაძლებლობას, რომ რაღაც წამალი დავნიშნოთ ერთჯერადად მისაღები, გავიკურნოთ და წნევამ აღარ შეგვაწუხოს. ​თუ წნევა სისტემატურად იწევს მაღლა, ეს ადამიანები აუცილებლად უნდა იღებდნენ სისტემატურად ანტიჰიპერტენზიულ თერაპიას. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ატარებდეს კურსობრივ ხასიათს. 2-3 კვირა დავლიე წნევის წამლები, მერე შევწყვიტე და განვიკურნე წნევისგან, ასეთი რამ, სამწუხაროდ, არ არსებობს.“

არჩილ ჩუხრუკიძის თქმით, ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის განვითარებას უწყობს ხელს:

„ქოლესტერინი არ არის ისე სალანძღავი, როგორც ვლანძღავთ. ჩვენ ვსაუბრობთ ქოლესტერინის მოჭარბებულ რაოდენობაზე. თუ ადამიანს აქვს ცუდი ქოლესტერინის მაჩვენებლები მომატებული, ​ეს წარმოადგენს რისკ-ფაქტორს იმისთვის, რომ მას განუვითარდეს გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ჯანმრთელია და ცოტათი მომატებულ ქოლესტერინს ნახავს, ფიქრობს, რომ ეს საგანგაშოა და ცდილობს რაიმე მედიკამენტის მიღებას. ეს ნამდვილად არ არის ასე.“

​სტრესები არტერიული წნევის წინასწარგანწყობას განაპირობებს. ადამიანისთვის, რომელსაც სტრესის ფონზე ეწევა არტერიული წნევა, პირველი ნაბიჯი აუცილებლად არის ანტიდეპრესანტების გამოყენება, რომელიც მის ემოციურ მდგომარეობას დაარეგულირებს. თუ ეს ვერ ხერხდება კონკრეტული მედიკამენტების გამოყენება, მერე უკვე უნდა შეირჩეს წნევის წამლების დოზირება. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებთან ფსიქოთერაპევტების მუშაობაც საჭიროა. ეს არ არის პრობლემა, რომელიც ერთი ორგანოს პრობლემაა მხოლოდ,“ - აღნიშნულ საკითხზე არჩილ ჩუხრუკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https:/​/www.facebook.com/babybag.momsedu.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავის და არაფერს თავი არ უნდა დაანგრევინო და თუ ანგრევინებ, ეს შენი არჩევანია,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ სტრესისა და ემოციური გადაწვის დაძლევის გზებზე ისაუბრა:

„პირველ რიგში უნდა ამოვიცნო, რა მჭირს. თუ არ ვიცი, რა მქვია, სად ვარ, ვინ ვარ, რთულია. ხან წარსულში ხარ, ხან მომავალში და აქ არ ხარ. 5 კითხვაა, რომელზეც უნდა გასცეს ადამიანმა პასუხი: ვინ ვარ მე? როგორი ვარ? რა მინდა? რა მჭირდება და რა შემიძლია? შეიძლება მინდა, მაგრამ არ შემიძლია, მჭირდება, მაგრამ არ მინდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის სახელდება მოხდეს და გავარკვიოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარი თავის მიღება, პატივისცემა. ასეთი წესი არსებობს: ჩამოწეროს ადამიანმა საკუთარი უარყოფითები. დღის ბოლოს გადახედოს მას და თითოეულ ამ უარყოფითს მადლობა გადაუხადოს, განსაკუთრებით იმას, რაც მოცემულობაა: მაგალითად, დაბალია, მაღალია. უნდა თქვა: „მე ამით ვარ განსაკუთრებული. ეს არის ის, რითაც მე ვარ ჩემი თავი. ეს ჩემი ნაწილია და ამიტომ მადლობა მას.“ მერე ჩამოვწეროთ ის თვისებები, რომლის შეცვლა შემიძლია, რომელიც არ მომწონს. ჩვენი სუსტი მხარეები შეიძლება ისე დავატრიალოთ, რომ საყრდენი გახდეს. თუნდაც შიში, რომელიც გააჩნია რისი შიშია.

არაფერზე არ უნდა გაგიჟდე... რაზეც გაგიჟდები და ვისზეც გაგიჟდები, ის მოგიყოლებს და გაგსრესს. ბალანსი უნდა დაიცვა და დამოკიდებული არ უნდა გახდე. ზოგი ამაყობს, რომ არ ისვენებს არც შაბათს, არც კვირას, არცერთი წუთი არ აქვს. ეს ხომ არჩევანია. რატომ უნდა დაგიკრან ტაში ამის გამო? რომ ამადლი მერე შენს თავს სხვებს...

ოთხი ნაბიჯი აქვს სტრესის გამკლავებას. პირველი, რომ შემოულაწუნო შენს თავს გადატანითი მნიშვნელობით, დაიწყო ღრმა სუნთქვა, დაჯდე და დაფიქრდე, ჩამოწერო, რაზე ნერვიულობ, რისი შეცვლა შემიძლია. თუ შეცვლა შემიძლია, ახლავე დავიწყო ეს, თუ არ შემიძლია, გავიარო ყველა სტადია და მივიღო რეალობა. არავის და არაფერს თავი არ უნდა დაანგრევინო და თუ ანგრევინებ, ეს შენი არჩევანია.

ძალიან დიდი შეცდომაა, რომ არავის არაფერი არ უნდა სთხოვო და ყველაფერი შენით გააკეთო. თუ არ აკაკუნებ, კარი არ გაგეღება, თუ არ ითხოვ, არ მოგეცემა. გაღებული კარი შენთვის არ არის. ის ისედაც ღიაა. ან შეხვალ, ან არა. ცოტა მცდელობა უნდა იყოს,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

წაიკითხეთ სრულად