Baby Bag

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, აკადემიის ტანმოვარჯიშეებთან ერთად, გვაჩვენებს ზურგის კუნთის ვარჯიშებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

„პანდემიამდეც მოდიოდნენ აკადემიაში ბავშვები, რომლებსაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, ვატყობთ ხოლმე, რომ ზოგს პატარა გამრუდება აქვს,ზოგს ლორდოზი, კიფოზი. თუმცა პანდემიამ უფრო წინ წამოწია ეს პრობლემა და ბევრი ბავშვი მოდის, რომლებიც  მხრებში არიან მოხრილები, ან ზურგის კუნთები იმდენად სუსტი აქვთ, რომ ხერხემალს ვერ იჭერენ. ამისთვის აუცილებელია, ხერხემლის დამჭერი ზურგის კუნთების გამაგრება, ასევე ჩვევის გამომუშავება, რომ მხრებში გაიმართოს და რაც უფრო ხშირად გავუმეორებთ უკეთესია.“

ტანმოვარჯიშის რეკომენდაციით, თითოეული ვარჯიში, დილა-საღამოს, 10-10-ჯერ უნდა გავიმეოროთ.

„სპეციალურად ისეთი ვარჯიშები შეგირჩიეთ, რომლებიც სახლის პირობებში ყველას შეუძლია გააკეთოს, უბრალოდ მყარი ზედაპირი ან ხალიჩა საკმარისია.“

წყარო: ,,​პოსტ ალიონი"

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარი ჩანთა არ უნდა გაუჩხრიკო ბავშვს და შვილს უნდა ენდობოდე,“ - ზურა მხეიძე

„არავითარი ჩანთა არ უნდა გაუჩხრიკო ბავშვს და შვილს უნდა ენდობოდე,“ - ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ მოზარდებში ქუჩური სამყაროსადმი ინტერესის ზრდის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემატიკა მარადიულია:

„ეს არის მუდმივი პრობლემა. შეგიძლიათ ნახოთ ფილმი „კლასი,“ ევროპის ქვეყანა არ არის ის?! ​ეს თემები მუდმივად არსებობს. შეცდომა იყო, რომ დაახლოებით 15 წლის წინ სკოლას წაართვეს აღზრდის ფუნქცია. იყო მარტო ცოდნის მიცემის მომენტები. თქვენ ახლა ახსენეთ ქუჩური გარჩევები, მეც ვიყავი მერვე-მეცხრე კლასში. იმ ქუჩური და არა ქურდული წესების მიხედვით დანის ტარება არ შეიძლებოდა. დღეს ყველაფრის წაღება შეიძლება. ის წესი რომ მოიშალა, რასაც თითქოს ვებრძვით, არაფრით არ ჩანაცვლდა. თუ არაფრით არ ჩანაცვლდა, მაშინ ყველაფერი ნებადართულია.“

ზურა მხეიძის თქმით, ოჯახის გარდა ყველა ინსტიტუტი მოშლილია:

„ერთადერთი ოჯახი დარჩა. თქვენ თუ ვინმე ახალგაზრდას შეხვდებით, რომელიც მეტ-ნაკლებად კარგია, სავარაუდოდ ეს არის ოჯახის დამსახურება. სხვა ინსტიტუტები მორღვეულია თავიდან ბოლომდე. ერთ-ერთი მომენტი, რომელიც ჩვენ გვახასიათებს, არის ​გადაჭარბებული ზრუნვა. სანამ ბავშვი გარდატეხის ასაკს მიადგება, მანამდე მისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის შეფასება, გარდატეხის ასაკში მას ეს აღარ აინტერესებს, აინტერესებს თავისი სტატუსი. ის იწყებს ბრძოლას იმის დასამტკიცებლად, რომ დამოუკიდებელი პიროვნებაა. თუ ჩვენ ისე გავზრდით, რომ მას ჩვენთან ამის მტკიცება არ დასჭირდება, პრობლემა აღარ იქნება. ზრუნვასთან ერთად ბავშვს უნდა მისცე აღიარება, რომ ის პერსონაა.“

ზურა მხეიძემ აღნიშნა, რომ ადამიანი ბავშვობის ასაკიდანვე უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის ქცევებზე:

„ბავშვობის ასაკიდანვე ადამიანი თავის ქცევებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ბავშვი ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ გადაწყვეტილებების მიღებას. არავითარი ჩანთა არ უნდა გაუჩხრიკო ბავშვს და ​შვილს უნდა ენდობოდე. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩხრეკის, მიყურადების, თვალთვალის. აღზრდის პროცესში ნდობა უნდა გასცე და მოიპოვო კიდეც მშობელმა. მშობელი არ არის მარტო დირექტივების მიმცემი. რაც აკრძალულია, ბავშვს ყოველთვის იმის ინტერესი აქვს. ბავშვი ინტერესიანია. სათამაშოს რომ მისცემ, შეიძლება დაშალოს, რომ ნახოს რა დევს შიგნით. როდესაც რაღაცის დამალვას ვიწყებ, ის იწყებს იქითკენ სვლას.“

„ბავშვთან ურთიერთობა არ არის მარტო ის, რომ მოიკითხო, რა ხდება სკოლაში. მნიშვნელოვანი როლი აქვთ ხოლმე მამებს ურთიერთობაში. სერიოზული დეფიციტი აქვთ ურთიერთობის. ეს ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ ვკითხო, რა ხდება სკოლაში ან წავიყვანო ჩემს მეგობართან, რომელსაც იმავე ასაკის შვილი ჰყავს. მე და ის ჩემი მეგობარი ვერთობით, ესენი თავისთვის არიან. ეს არ არის ურთიერთობის პროცესი. ​მთლიანი სპექტრი სჭირდება ურთიერთობის ბავშვს,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა უქმეებზე“

წაიკითხეთ სრულად