Baby Bag

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანაშვილმა ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც გულმა ტკივილი არ იცის პრობლემის დროს:

„გულმა ტკივილი იცის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მას აქვს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, გადადის ხელზე, ამოდის ყბის დონეზე ან გადაეცემა კუჭს“.

მისი თქმით, აუცილებელია კუჭის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გულის პრობლემების გამოსარიცხად:

,,ყოფილან პაციენტები, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ერთი წელი სვამდნენ ბორჯომს, წყალში ურევდნენ სოდას და ეს უმშვიდებდა კუჭის ტკივილს, რეალურად კი ჰქონდათ სისხლძარღვის შევიწროვება.

რაც შეეხება, სხვა პათოლოგიებს, იქიდან გამომდინარე, რომ გული კუნთოვანი ორგანოა, მას აქვს ადაპტაციის, შეგუების უნარი. ჩემს პაციენტებს უკვირდათ ხოლმე, არასდროს არ მაწუხებდა და რატომ მაქვს აორტის სარქვლის შევიწროებაო“.

კარდიოქირურგმა აღნიშნა, რომ ხშირად, გულის აჩქარების მიზეზი შეიძლება სითხის ნაკლებობა იყოს. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა უნდა იყოს შევსებული. გააჩნია ადამიანის წონას, მაგრამ 1,5 - დან 2 ლიტრამდე წყალი ეს ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რათა სწორად იფუნქციონიროს.

წყარო: „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი - რატომ არის ის საშიში?

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი - რატომ არის ის საშიში?

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი - რატომ არის ის საშიში? - ამ თემაზე გთავაზობთ პედიატრ თამარ ობგაიძის ​ბლოგს.

„1946 წელს ამერიკელმა ბავშვთა რადიოლოგმა John Caffey-მ აღწერა რადიოლოგიური სურათი შემთხვევისა, რაც ბავშვის უხეშ შენჯღრევას მოჰყვა - ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, თვალის ბადურას დაზიანება.

​სრული კლინიკური სურათი შემდგომ ბრიტანელმა ნეიროქირურგმა Norman Guthkelch-მა აღწერა. დაზიანებებს ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ეწოდა.


​როდის ხდება ბავშვის შენჯღრევა?


​თუ თქვენი პასუხია - მხოლოდ მაშინ, როცა პატარას ფიზიკურად უსწორდებით, ძალადობთ მასზე, პასუხი სწორი არ არის.

​პატარები ხშირად ტირიან, ხანდახან მათი ჭირვეულობა ზღვარსაც სცილდება, რასაც, ბუნებრივია, თავისი მიზეზები აქვს.

​ხანდახან ასე ხდება - ბავშვის დამშვიდების ნაცვლად გაღიზიანებული მოვლელი თუ მშობელი პატარას გაბრაზებით ანჯღრევს, ეჩხუბება და ასე ცდილობს მის დამშვიდებას. სწორედ ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ბავშვის შენჯღრევის სინდრომი. იგი განიხილება, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. ეს მდგომარეობა ძირითადად ადრეულ ასაკში გვხვდება, უხშრესად 0-1 წლის ასაკში.

​ზოგჯერ ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც, როგორიცაა თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერა. ეს გასართობი, რასაც ჩვილის მხიარული ჭყლოპინი მოჰვება, ერთნაირად ახალისებთ ბავშვებსაც და დიდებსაც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ამ დროსაც შესაძლოა, განვითარდეს.


​რატომ არის საშიში?


​საშიშია იმიტომ, რომ ბავშვის შენჯღევისას ხდება თავის ტვინის ტრავმა. ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მანძილია, შენჯღრევა კი იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქეცვა, მისი შეშუპების განვითარება, სიკვდილი.

​დამახსიათებელია აგრეთვე ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რასაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა მოჰყვება.


​რა განაპირობებს ამ სინდრომის განვითარებას ადრეულ ასაკში?

  • სხეულთან შედარებით ბავშვის თავის დიდი ზომა
  • კისრის კუნთების სისუსტე
  • თავის ტვინის სისხლძაღვების კედელი მოზრდილებთან შედარებით უფრო ნაზია და თხელი, შესაბამისად, ადვილად ზიანდება.

​აი, უეცრად და აუხსნელად განვითარებული საეჭვო ნიშნების ნუსხა:

  • გაურკვეველი ძილიანობა
  • სხეულის კანკალი
  • სუნთქვის გაძნელება
  • ღებინება
  • კრუნჩხვები
  • დამბლა
  • მხედველობის დაკარგვა
  • გაურკვეველი ძილიანობა

​რა თქმა უნდა, ეს ნიშნები სხვა დაავადებების დროსაც შეიძლება შეგხვდეს, თუმცა თუ მათ გამოვლინებას წინ უსწრებდა მშობლის ან მომვლელის მიერ ბავშვზე განხორციელებული ძალადობა, სწორედ ბავშვის შენჯრღევის სინდრომზე უნდა მივიტანოთ პირველ რიგში ეჭვი და დაუყოვნებლად მივამრთოთ ექიმს.


​ბავშვის შენჯღრევის სინდრომის შორეული შედეგები

  • მხევდელობის და სმენის დაქვეითება
  • თავის ტვინში სისხლჩაქცევა
  • კრუნჩხვები
  • კოორდინაციის დარღვევები
  • მეხსიერების გაუარესება, რაც განსაკუთრებით სწვალის პროცესში იჩენს თავს.

​ასე, რომ ფრთხილად!


​ნუ იძალადებთ ბავშვზე.


​თუ ის ტირის, შეეცადეთ მოძებნოთ ტირილის მიზეზი, აღიჭურვეთ მოთმინებით, გადაატანინეთ ყურადღება მისთვის საინტერესო საგანზე, ხოლო თუ გრძნობთ, რომ კონტროლს კარგავთ, ბავშვის მოვლაში დახმარებისათვის სხვა იხმეთ.

​აუცილებლად აუხსნით ძიძებს ან სხვა მომვლელებს, ვისთანაც ბავშვს ტოვებთ, რომ არ შეიძლება ბავშვის შენჯღრევა და უხეში მოპყრობა, რაც მასზე ძალადობას ნიშნავს.

​გასართობად კი ჰაერში აგდება-დაჭერის ნაცვლად რაიმე უფრო სახალისო და სასარგებლო მოძებენეთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად