Baby Bag

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანაშვილმა ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც გულმა ტკივილი არ იცის პრობლემის დროს:

„გულმა ტკივილი იცის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მას აქვს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, გადადის ხელზე, ამოდის ყბის დონეზე ან გადაეცემა კუჭს“.

მისი თქმით, აუცილებელია კუჭის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გულის პრობლემების გამოსარიცხად:

,,ყოფილან პაციენტები, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ერთი წელი სვამდნენ ბორჯომს, წყალში ურევდნენ სოდას და ეს უმშვიდებდა კუჭის ტკივილს, რეალურად კი ჰქონდათ სისხლძარღვის შევიწროვება.

რაც შეეხება, სხვა პათოლოგიებს, იქიდან გამომდინარე, რომ გული კუნთოვანი ორგანოა, მას აქვს ადაპტაციის, შეგუების უნარი. ჩემს პაციენტებს უკვირდათ ხოლმე, არასდროს არ მაწუხებდა და რატომ მაქვს აორტის სარქვლის შევიწროებაო“.

კარდიოქირურგმა აღნიშნა, რომ ხშირად, გულის აჩქარების მიზეზი შეიძლება სითხის ნაკლებობა იყოს. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა უნდა იყოს შევსებული. გააჩნია ადამიანის წონას, მაგრამ 1,5 - დან 2 ლიტრამდე წყალი ეს ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რათა სწორად იფუნქციონიროს.

წყარო: „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ყელი გვეტკინა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სუსტი ყელი გვაქვს“

„თუ ყელი გვეტკინა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სუსტი ყელი გვაქვს“
როგორ ვუშველოთ ყელის ტკივილს და სეზონური ვირუსების გართულებებს? - თემაზე მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოტორინოლარინგოლოგი ქეთი გოცაძე საუბრობს. 

„ყველა რესპირატორული დაავადება მოქმედებს ყელზე, ამიტომ ის, რომ ბევრი ვირუსი იწყება ყელის ტკივილით საგანგაშო არ არის.

რა არის ყელის სიწითლე? - მნიშვნელოვანია დიფერენცირება, რამდენად საშიშია და რატომ არის ყელი წითელი. როდესაც ხახის ლორწოვან ზონას ჩავხედავთ, უნდა იყოს ვარდისფერი, მაგრამ თუ პაციენტი მწეველია, მავნე გარემოში მუშაობს და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს, მათ უმრავლესობას ყელში აქვს ქრონიკული სიწითლე. ამიტომ, თქვენთვის რთული გასარჩევია ეს ავადობაა, თუ ქრონიკულადაა შეწითლებული. თუ ავადობაა, უნდა დაერთოს ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება და თუ ვირუსთან გვაქვს საქმე - ეს ყველაფერი ერთად არის. ხშირად, პაციენტი მოდის და მეუბნება, რომ ჩირქი აქვს ყელში. ეს არის ფიბრიდული ნადები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა და თეთრი ნადები, რომელსაც ყველა ხედავს - ექიმთან უნდა გაირკვეს, ჩირქია თუ ვირუსული ნადები,'' - აღნიშნა ქეთი გოცაძემ.

თუ მშობელმა ბავშვის ყელში დაინახა სიწითლე, თეთრი ნადები... და ამას დაერთო ყლაპვის გაძნელება, ტემპერატურის მატება, უმჯობესია, მალე მიიყვანოს ექიმთან. ხოლო, თუ შეინიშნება ზოგადი სისუსტე და ხშირი ავადობა, მაშინ მივდივართ გეგმიურად, რათა გავარკვიოთ „სუსტი ყელი“ აქვს თუ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

ოტორინოლარინგოლოგმა აღნიშნა, რომ არ არის მიზანშეწონილი თვითმკურნალობა:

,,აუცილებელია ექიმთან შედგეს სატელეფონო კომუნიკაცია და ის, როცა საჭირო იქნება, გადაგამისამართებთ ოტოლარინგოლოგთან. როდესაც მწვავე ინფექციაა, ვღებულობთ სითხეს (თბილს), ჩასაწუწნ აბებს, გამოსავლებს. თუმცა, თუ ვირუსულმა ინფექციამ 5-7 დღის შემდეგ არ ჩაიარა და ტემპერატურა ისევ აღინიშნება, მაშინ მივდივართ ექიმთან.

თუ ადამიანს ყელში მორეციდივე სტრეფტოკოკული ინფექცია აქვს, მიკრობი ცივ გარემოში აქტიურდება და ამას მოყვება ყელის ტკივილი. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, როდესაც ბავშვს ექნება იმუნიტეტი, მაშინ დავიწყოთ გაკაჟება და უცებ არ მივცეთ ნაყინი, ნელ-ნელა შევაჩვიოთ. სუსტი ყელი გადაილახება, თუ ჩვენ პორციულად მივაწვდით ცივ სითხეს ან ნაყინს. სუსტი ყელის ძირითადი მიზეზი არის იქ ჩაბუდებული სტრეფტოკოკული ინფექცია. ვირუსულ ინფექციას ვერსად ვერ გავექცევით და თუ ყელი გვეტკინა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს რომ სუსტი ყელი გვაქვს.

დიაგნოზის დასმა არის ყველაზე მთავარი. თუ გავარკვიეთ რომ პაციენტს აქვს ვირუსული ტონზილიტი და ფარინგიტი - ამას ანტიბიოტიკი საერთოდ არ სჭირდება. ხოლო, თუ სპეციფიკურ ვირუსთან გვაქვს საქმე (გრიპის ვირუსი) აქ შეგვიძლია ჩავრთოთ ანტივირუსული მკურნალობა. აღმოჩნდა, რომ მწვავედ მიმდინარე ყელის ტკივილი, რომელიც მოითხოვს ანტიბიოტიკს, არის ძალიან პატარა სეგმენტში. დიაგნოზს სჭირდება სისხლის ტესტი, სწრაფი ტესტი ყელიდან. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე და ჩირქი გვაქვს, თუ დიაგნოზის შედეგად გამოირიცხა ანტიბიოტიკის საჭიროება, მისი ზედმეტად მიღება ქმნის ბაქტერიორეზისტენტობას და შემდეგ, არსებულ ინფექციასთან ანტიბიოტიკებით ბრძოლა აღარ იქნება ეფექტური,“ - დასძინა ქეთი გოცაძემ.

წყარო: ,,დილა ფორმულაზე''

წაიკითხეთ სრულად