როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
რომელი პირბადე გვიცავს ვირუსისგან? - პირაბდეების დაცვის თემას ექიმი ლევან ხარაშვილი განიხილავს.
როგორც ექიმი აღნიშნავს, ფარი პირდაპირი მოქმედების დროს იცავს, თუმცა გვერდიდან შესაძლებელია ვირუსის შეღწევა. ამიტომ ფართან ერთად აუცილებელია ნიღბის გამოყენება.
,,ყველაზე მაღალი დაცვა აქვს N95 ნიღაბს, რომელიც მოსახლეობისთვის არ არის აუცილებელი. მას სამედიცინო პერსონალი იყენებს. ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებში საკმარისია ქირურგიული ნიღაბი, რომელიც დღეს ყველამ იცის. აქვე აღნიშნავ, რომ პირბადის სწორი გამოყენება არის მნიშვნელოვანი. ის სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს და დღეში რამდენჯერმე უნდა შეიცვალოს.''
რაც შეეხება ე.წ ბენდებას, ნაწილობრივ იცავს, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც სამედიცინო პირბადე:
,,ნაჭრის პირბადე თუ ის ერთფენიანია, არ არის ეფექტური, რადგან წვრილ ნაწილაკებს ვერ აკავებს. თუ გვინდა ნაჭრის პირბადე გამოვიყენოთ, მაშინ ის მინიმუმ სამფენიანი მაინც უნდა იყოს,'' - აღნიშნავს ლევან ხარაშვილი.