როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
,,დელტა (ინდური შტამი) ვარიანტი მალე დომინანტური გახდება, ის უფრო მაღალი გადამდებლობით და ჰოსპიტალიზაციით გამოირჩევა''
რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია დელტა შტამის შესახებ საუბრობს. მის ნათქვამს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დელტა (ინდური შტამი) ვარიანტი მალე დომინანტური გახდება, ის უფრო მაღალი გადამდებლობით და ჰოსპიტალიზაციით გამოირჩევა.
ერთადერთი გზა არის მასიური ვაქცინაცია და საკუთარი თავის დაცვა ზოგადი რეკომენდაციებით, სულ იზოლირებული ვერ ვიქნებით რისკების სრული ელიმინაცია ნონსენსია, რისკების შემცირებაზეა საუბარი, ამიტომ უბრალოდ მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხმრავლობას, დახურულ შენობაში სადაც (თუ) ხართ გაანიავეთ ხშირად სივრცე, დისტანცია + პირბადე. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და გადადით იზოლაციაში.
რადგან ამ ეტაპზე ვაქცინები ყველასთვის არ არის და რაც არის იმასაც ვერ ვითვლით ნორმალურად, ძირითადი აქცენტი მაინც ზოგად რეკომენდაციებზეა,'' - აღნიშნავს არჩილ მარშანია.