როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
„პოსტკოვიდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ფსიქიკისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა,“- ყარამან ფაღავას რეკომენდაციები მშობლებს
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში პოსტკოვიდის ერთ-ერთ სიმპტომზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებს კოვიდის შემდეგ ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა ახასიათებთ:
„პოსტკოვიდური სინდრომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს არის, ფსიქიკისა და ფსიქოლოგიური ასპექტების შეცვლა, შესაბამისად ქცევის. ამას რა ეშველება? წამლის იმედი მაინცდამაინც არ მაქვს. ამას სჭირდება ქცევითი თერაპია. პირველ რიგში, მეტი ყურადღება, მეტი ალერსი, მეტი გართობა. გართობაში არ ვგულისხმობ მეტ სათამაშოს. მამას, დედას თუ სცალია, უნდა მოხდეს ბავშვის აგრესიის გადართვა.“
„ბავშვებში არის ასევე ეჭვიანობის მომენტი. ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ გეყოლება დაიკო ან ძამიკო, შენ უფროსი ხარ, შენ პირველი ხარ, შენ ყველაზე საყვარელი ხარ, შენ მომეხმარები, შენ უნდა დაიცვა პატარა. ბავშვები ამას ძალიან კარგად იგებენ. ჩემს ახლობელს გოგონა ჰყავდა პირველი, მეორე ბიჭი ეყოლა. ბავშვმა უთხრა, ახლა, ალბათ, ნაკლებად გეყვარებითო. მამამ უთხრა, შენ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ხარო, ბავშვი დაწყნარდა,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.