Baby Bag

„არ არის საჭირო არანაირი ტესტირება, არანაირი PCR ტესტი. ნუ მივაყენებთ ზედმეტ ტრავმას ბავშვს,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„არ არის საჭირო არანაირი ტესტირება, არანაირი PCR ტესტი. ნუ მივაყენებთ ზედმეტ ტრავმას ბავშვს,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ვირუსული ინფექციების სეზონზე ბავშვებში ტემპერატურის მატების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მშობლებს ყველაზე მეტად კოვიდის ეშინიათ:

„თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, დღევანდელ სიტუაციაში მშობლებს ძალიან ხშირად აინტერესებთ: კოვიდი არ იყოს... პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, ეს არის. თუ ოჯახში ვინმეს აქვს კოვიდი და ბავშვს უდასტურდება ტემპერატურა, ეს უსათუოდ იქნება კოვიდი.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, ბავშვის ზედმეტი ტესტირებებით დასტრესვა საჭირო არ არის:

„მშობლებს ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ არ არის საჭირო არანაირი ტესტირება, არანაირი PCR ტესტი. ნუ მივაყენებთ ზედმეტ ტრავმას ბავშვს. კოვიდიც ჩვეულებრივად იმართება, როგორც სხვა ვირუსული ინფექციები. მას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება, თუ ბავშვი არ დამძიმდა.“

„მარტივი ვირუსის სიმპტომებია: ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი. ეს ძალიან დიდ დისკომფორტს ანიჭებს ბავშვს. ამ შემთხვევაში ცხვირს სჭირდება სანაცია და მოვლა. თუ ვირუსი მოხვდა ყელში, არის ფარინგიტები, ტონზილიტები, წამოხველება. ხშირად არის ხოლმე ხველა და მშობლები კითხულობენ: ჩემს შვილს პნევმონია ან ბრონქიტი არ ჰქონდეს... ხშირად ამის მიზეზი არის ის, რომ ცხვირის შიგთავსის გადადენა ხდება ხახის უკანა კედელზე, რაც ხველის პროვოცირებას იწვევს,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად