Baby Bag

როგორ მკურნალობენ კორონავირუსს ისრაელში? - ევგენი კომაროვსკის ინტერვიუ ექიმ ბორის ბრილთან

როგორ მკურნალობენ კორონავირუსს ისრაელში? - ევგენი კომაროვსკის ინტერვიუ ექიმ ბორის ბრილთან

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ექიმ ბორის ბრილთან ისრაელში კოვიდ-19-ის მკურნალობის წესებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ევგენი კომაროვსკი: რას აკეთებენ ისრაელში, როდესაც ადამიანს კორონავირუსი უდასტურდება?

ბორის ბრილი: როგორც წესი, არაფერს. სახლში რჩებიან, ურეკავენ ოჯახის ექიმს. პაციენტს სახლში მიუტანენ პულსოქსიმეტრს, რათა სატურაცია შეიმოწმონს. ამის შემდგომ ინფიცირებულს ურჩევენ დასვენებას, უნიშნავენ ბევრ თბილ სითხესა და სიმპტომურ მკურნალობას. საჭიროების შემთხვევაში იყენებენ პარაცეტამოლსა და იბუპროფენს.

ევგენი კომაროვსკი: ამ დროს ოჯახის წევრებთან რა მიდგომები გამოიყენება?

ბორის ბრილი: ოჯახის წევრები უნდა იზოლირდნენ. ეს სახლის პირობებში ხდება. ყველა რჩება კარანტინში, თუ სამი დოზით ვაქცინირებულები არ არიან.

ევგენი კომაროვსკი: არსებობს თუ არა რეკომენდაციები ჰაერის პარამეტრებთან დაკავშირებით, როგორ უნდა განიავდეს სახლი ამ დროს?

ბორის ბრილი: არა, მსგავსი რეკომენდაციები არ არსებობს.

ევგენი კომაროვსკი: როდის უნდა შეეხმიანოს პაციენტი ექიმს?

ბორის ბრილი: პაციენტი ყოველდღიურად ურეკავს ოჯახის ექიმს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ალტერნატიული კლინიკაც, სადაც ინფიცირებულები რეკავენ. იქ მათ სამხედროები პასუხობენ და იღებენ ინფორმაციას ინფიცირებულის მდგომარეობის შესახებ. პაციენტმა ექიმს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ტემპერატურისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ.

ევგენი კომაროვსკი: როდის ხდება პაციენტის კლინიკაში გადაყვანა?

ბორის ბრილი: თუ სატურაცია ეცემა და მდგომარეობა უარესდება, პაციენტმა სასწრაფოში უნდა დარეკოს და მას კლინიკაში გადაიყვანენ. ისრაელში არავინ იყენებს სახლში სტანდარტული იბუპროფენისა და პარაცეტამოლის პრეპარატის გარდა სხვა სახის მედიკამენტებს. მსგავსი რამ იქ არ ხდება.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ, ეს არ არის პოზიტიური მშობლობა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „Zoom განათლებაზე“ პოზიტიური მშობლობის შესახებ ისაუბრა:

„რა არის პოზიტიური მშობლობა? პოზიტიური მშობლობა ყველას ესმის, რომ ეს არის, როდესაც ხარ კარგი მამა და კარგი დედა. ეს რაში გამოიხატება? ხარ მეგობრული, ყველაფრის უფლებას აძლევ, არ სჯი, ყველაფერს უსრულებ. ეს არ არის პოზიტიური მშობლობა. პოზიტიური მშობლობა არის ბავშვის პატივისცემა, მისი საჭიროებების დანახვა, თვითმართვისა და თვითრეგულაციის სწავლება მისთვის. ჩვენ კი არ ვბრაზდებით ის რომ ბრაზდება, არ ვცდილობთ პრობლემური ქცევის ჩაქრობას, გადატანას, ბავშვის მოსყიდვას. ჩვენ ვასწავლით, როგორ დაძლიოს ბავშვმა ბრაზი. ეს მშობელმა უნდა გააკეთოს.

ყველაფრის უფლების მიცემა და ჩარჩოს არქონა ადამიანს შავ დღეში აგდებს. ნევროზის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ეს იყოს, როდესაც გარემო არაპროგნოზირებადია. როდესაც არ იცი ქცევას რა შედეგი მოჰყვება, ეს არის საშინელება. უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, გახმოვანებული წესები და ქცევის შედეგები. ისე კი არა, რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გავატარებ და ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ და წამოგარტყამ, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. ეს არის პოზიტიური მშობლობა.

ის კი არ არის პოზიტიური მშობლობა, რომ ბავშვს მოვისყიდი, წავალ, რამეს ვუყიდი. პოზიტიურ მშობლობაში განათლების მიცემისას, მშობლებს სთხოვენ, რომ რაღაცის სანაცვლოდ მატერიალური საჩუქრები არ გაუკეთონ შვილებს. სჯობს სიტყვები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი ადამიანისგან კარგი და წამახალისებელი სიტყვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური საჩუქრები,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​Zoom განათლებაზე

წაიკითხეთ სრულად