Baby Bag

პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე, განსაკუთრებით ბავშვებში

პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე, განსაკუთრებით ბავშვებში
პიროტექნიკის გამოყენების შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. გთავაზაობთ მის პოსტს:
„ახლოვდება პიროტექნიკის აქტიური გამოყენების დრო. ეს თემა, ცხადია, ინფექციონისტის კომპეტენციას სცილდება, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს და ექიმს, ყოველწლიურად ძალიან მაწუხებს საკითხი პიროტექნიკის მავნე გავლენის შესახებ ადამიანის და ცხოველის ორგანიზმზე და გარემოზე.
- პირველ რიგში, პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ ალბათ არ ღირს ბავშვების ერთ მომენტში გახალისების მიზნით, მათ მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ვასუნთქოთ.
- პიროტექნიკის გამოყენებისას ხდება ტყვიის, სპილენძის და სხვა მავნე მეტალების მიმართ ექსპოზირება, რასაც შეიძლება ჯანმრთელობაზე შორეული მძიმე შედეგები ჰქონდეს.

​- ხშირად სწორედ ბავშვებს და მოხუცებს ასეთი ძლიერი ხმაური ძალიან აშინებთ და აწუხებთ.

​- აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომლითაც გამოვლინდა ადამიანის ფილტვის ქსოვილზე პიროტექნიკის მავნე ზემოქმედება. ასევე შეისწავლიდნენ თაგვებში სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე გავლენას, რითაც დადგინდა მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ზემოქმედება.

​- აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, დამოუკიდებლობის დღეს და ახალ წელს ტოქსიური მეტალების შემცველობა ყველაზე მაღალია წლის სხვა დღეებთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში პიროტექნიკის გამოყენების მასშტაბი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, სადაც არავითარი კონტროლი გამოყენებაზე და პიროტექნიკის ხარისხზე არ არსებობს, გასაგები გახდება, რომ ჩვენთან ეს პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია.

​- გასათვალისწინებელია ზოგადად კლიმატის ცვლილებაზე პიროტექნიკის გავლენაც, თუმცა აქ ამ გლობალურ საკითხებზე ადამიანები ნაკლებად ღელავენ ხოლმე.

​- ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი დაზიანებების და დამწვრობის რისკებიც.

​- აქვე უნდა ითქვას პიროტექნიკის გამანადგურებელ როლზე ფრინველებისთვის და ცხოველებისთვის. ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები (და არა მხოლოდ. ვისაც შინაური ცხოველები გვყავს, ვხედავთ, რა მძიმე დღეში არიან ახალი წლის ღამეს)“, - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალ წელს თქვენს შვილს ბევრ საჩუქარს ნუ მისცემთ

ახალ წელს თქვენს შვილს ბევრ საჩუქარს ნუ მისცემთ

ახალი წელი ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია. ის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას გაძლევთ. თუ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ, თქვენ ახალ წელს ამაღლებული განწყობით შეხვდებით და დღესასწაულზე მხიარულებაც არ მოგაკლდებათ. პატარებს ყველაფერი აღაფრთოვანებთ. ისინი ინტერესით ადევნებენ თვალს თქვენს წინასაახალწლო სამზადისს და თავადაც ცდილობენ მასში გარკვეული წვლილის შეტანას.

ჩვენს სტატიაში იმ სტრატეგიებზე გესაუბრებით, რომელთა დახმარებით თქვენს შვილებს დაუვიწყარ დღესასწაულს აჩუქებთ. მართალია, პატარებს ახალი წლის დადგომა ისედაც ახარებთ, მაგრამ აღნიშნული ხრიკების გამოყენებით, მათი სადღესასწაულო განწყობის ამაღლება შეგიძლიათ.

• უცველელად შეინარჩუნეთ ყოველდღიური რუტინა
დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად მშობლები ყოველდღიურ რუტინასთან გამკლავებას რთულად ახერხებენ. ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევა ბავშვებზე ნეგატიურად აისახება. არ აქვს მნიშვნელობა საახალწლო წვეულებებზე დადიხართ, თუ სახლის საქმეებითა და სადღესასწაულო სამზადისით ხართ დაკავებული, საკუთარი თავისა და ბავშვებისთვის დრო აუცილებლად უნდა გამონახოთ. ყოველდღიურად კარგად გამოიძინეთ, ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ძილისა და კვების რეჟიმს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს ბავშვები მოწესრიგებული ნერვული სისტემითა და კარგი განწყობით შეხვდნენ.
• დარჩით სახლში
ბავშვები საახალწლო წვეულებებზე ყოველდღიურად არ უნდა ატაროთ. ეცადეთ, პატარებმა დიდი დრო გაატარონ ოჯახურ და მყუდრო გარემოცვაში. მეტისმეტი ხმაური და აურზაური ბავშვების ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. შეგიძლიათ, სტუმრები სახლში მოიპატიჟოთ. ეცადეთ, მეტისმეტად ბევრ ადამიანს არ მოუყაროთ თავი, რათა ბავშვები ხალხმრავლობის გამო ძალიან არ გადაიღალონ.
• შეიძინეთ პატარა ზომის ნაძვის ხე, რომელსაც მაგიდაზე დადგამთ
პატარა ზომის ნაძვის ხე არამხოლოდ თანხების დაზოგვაში დაგეხმარებათ, მისი მოთავსება მაგიდაზეც შეგიძლიათ, რაც სახლში ქაოსისა და აურზაურისგან დაგიცავთ. პატარები ნაძვის ხეს ხელით ვეღარ შეეხებიან და თქვენც გაცილებით მშვიდად იქნებით. დიდი ზომის ნაძვის ხე, რომელიც იატაკზე უნდა დაიდგას, ბავშვების ყურადღებას იპყრობს. ისინი მას სათამაშოებს აცლიან და წიწვებს უზიანებენ. ზოგჯერ პატარები ნაძვის ხეს იატაკზეც ანარცხებენ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.
• თუ სახლში ბუნებრივი ნაძვი გაქვთ, ის ყინულის კუბებით გამოკვებეთ
მოუსვენარი ბავშვების მშობლები აღნიშნულ ხრიკს ხშირად მიმართავენ. თუ თქვენს პატარას ბუნებრივი ნაძვის მორწყვის სურვილი გაუჩნდება, მას ყინულის კუბებით სავსე ჯამი მიეცით. ბავშვი კუბებს ნაძვის ძირას დაყრის და თავს ბედნიერად იგრძნობს, რადგან საყვარელ ნაძვის ხეს სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმარება. თუ მას ჯამი დაუვარდება, ოთახი წყლით არ დაგეტბორებათ, რაც უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
• ნამცხვრები შაქრის მინანქრით მორთეთ
პატარების გასამხიარულებლად, მათ საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება უნდა დართოთ. ნაცხვრების გამოცხობის შემდეგ ბავშვები მათ მორთვაში დაიხმარეთ. პატარები საბავშვო სკამებზე მოათავსეთ და მოსართავად საჭირო ინგრედიენტებით მოამარაგეთ. ამგვარი აქტივობებით მათთვის სადღესასწაულო განწყობის ამაღლებას მარტივად შეძლებთ.
• პატარებს შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება შეუზღუდეთ
დღესასწაულებზე მშობლები ბავშვებს ტკბილეულით მეტისმეტად ანებივრებენ, რაც სწორი მიდგომა არ არის. გარდა იმისა, რომ შაქარი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ის მის განწყობაზეც ნეგატიურად ზემოქმედებს. შაქარს სხვაგვარად პატარების კოკაინსაც უწოდებენ. ბავშვები შაქრის შემცველი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ დაუმორჩილებლები ხდებიან და მათი ქცევის გაკონტროლება საკმაოდ რთულია.
• მოერიდეთ მეტისმეტ ხმაურს
მართალია, დღესასწაულზე მუსიკის მოსმენა, ცეკვა, სიცილი და ხმამაღლა საუბარი ყველას გვიყვარს, მაგრამ ბავშვებისთვის მეტისმეტი ხმაური რეკომენდებული არ არის. ეცადეთ, მუსიკა მეტისმეტად ხმამაღლა არ ჩართონ, რათა ბავშვების ნერვული სისტემა არ დააზიანოთ.
• შეზღუდეთ საჩუქრების რაოდენობა
ალბათ, ძალიან გიკვირთ, რომ სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად ბავშვისთვის საჩუქრების შეზღუდული რაოდენობით შეძენას გირჩევთ. პატარები დღესასწაულზე იმაზე მეტ საჩუქარს იღებენ, ვიდრე რეალურად ესაჭიროებათ. ბავშვები ვერ იგებენ, რომელ სათამაშოს მიანიჭონ უპირატესობა. მათ საჩუქრებისადმი გულგრილი დამოკიდებულება უჩნდებათ და სიხარულს აღარ გამოხატავენ. პატარებს განსაკუთრებით ბებიები და ბაბუები ანებივრებენ. თუ თქვენი შვილი ახალ წელს ბევრ საჩუქარს მიიღებს, მას მხოლოდ რამდენიმე მათგანი გადაეცით, დანარჩენები კი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აჩვენეთ. 

​მომზადებულია ​lifeasmom.com-ის მიხედვით

​თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად