რა იწვევს ორსულობის დროს თირკმელში კენჭებს და არსებობს თუ არა ნაყოფში კენჭის გაჩენის შემთხვევები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა უროლოგი ეკა უგულავა.
- ზოგადად, თირკმლის, ნაღველის კენჭოვან დაავადებებზე რომ ვისაუბროთ.
- შარდკენჭოვანი დაავადება - შარდგამომყოფი სისტემის და შარდის ბუშტის დაავადება, რომლის დროსაც მათში გროვდება კენჭები.
გამომწვევი მიზეზებია:
1) ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
2) საშარდე სისტემის ანთებითი პროცესები;
3) შარდის პასაჟის დარღვევა, ანატომიური პათოლოგიებით გამოწვეული;
4) გარკვეული პრეპარატების მიღება;
5) ცხელი კლიმატის პირობებში ცხოვრება.
სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ სპეციალისტს:
უცაბედი ძლიერი ტკივილი წელ-ზურგის არეში, შარდის ბუშტის მიდამოში, გახშირებული და მტკივნეული შარდვა, საერთო სისუსტე, ღებინება, სისხლიანი შარდვა, ზოგჯერ ტემპერატურის მატება.
დიაგნოსტიკა:
1) საშარდე სისტემის ექოსკოპია;
2) შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი
3) საშარდე სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით.
მკურნალობა
- მცირე ზომის კენჭების შემთხვევაში - მედიკამენტოზური მკურნალობა;
- დისტანციური ლითოტრიფსია - 2 სმ-მდე ზომის კენჭების შემთხვევაში;
- კენჭების ექსტრაქცია შარდსაწვეთიდან ინსტრუმენტებით;
- პერკუტანეული ნეფროლითოლაპაქსია;
- ქირურგიული მეთოდი - ღია წესით ოპერაცია.
- რა იწვევს კენჭებს თირკმელში ორსულობის დროს?
- ორსულობის დროს თირკმელი გაორმაგებული დატვირთვით მუშაობს. ნეფროლითიაზი ორსულებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია უროდინამიკის დარღვევა (ნაყოფის ზეწოლა თირკმლის შარდსაწვეთებზე), ასევე ორსულის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური ცვლილებები.
- როგორ ხდება თირკმლის კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა ოსრულებში?
- ორსულში კენჭის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია აქტიური დაკვირვება და მეთვალყურეობა, რადგან პიელონეფრიტის (თირკმლის ანთების) ჩამოყალიბების შემთხვევაში არსებულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფზე. კენჭების დაახლოებით 70%-ის გამოძევება ხდება მედიკამენტოზური მკურნალობით, ჩარევის გარეშე. თუ კენჭი დიდი ზომისაა, უმეტეს შემთხვევაში ხდება შარდსაწვეთში სტენტის ჩაყენება და უროდინამიკის აღდგენა, სტენტის ამოღება ხდება მშობიარობის შემდგომ პერიოდში და გრძელდება შესაბამისი მკურნალობა.
- არსებობს თუ არა ნაყოფში კენჭის გაჩენის შემთხვევები?
- ნაყოფში კენჭები ფიქსირდება იშვიათ შემთხვევაში. მე პირადად მქონია მხოლოდ ერთი შემთხვევა, მათ მკურნალობას განაგრძობენ ბავშვთა ნეფროლოგები და უროლოგები.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად