Baby Bag

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი...“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი...“ - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ომიკრონის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა:

„ომიკრონზე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა. ხელახალი დაინფიცირების რისკები ამ შტამის დროს მაღალია. ის სწრაფად ვრცელდება. არის პოზიტიური ინფორმაციაც ომიკრონის შესახებ, რომ ის ნაკლებად აზიანებს ფილტვებს. მისი ფილტვებში გავრცელების სიჩქარე არის ათჯერ ნაკლები, ვიდრე დელტა შტამის და სხვა შტამების. ის ძირითადად ბრონქებსა და ზედა სასუნთქ გზებში ვრცელდება.“

„ომიკრონს, შესაძლოა, ჰქონდეს უფრო მეტად გამოხატული სიმპტომატიკა, ხველა, ყელის ტკივილი, მაგრამ არ განვითარდეს მძიმე ფილტვების ანთება, რაც კორონავირუსის მძიმე გართულებაა. აქედან არის ინფორმაცია, რომ ომიკრონმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს პანდემიის დასასრულს,“ - აღნიშნულ საკითხე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, გაბრაზების ზღვარზე ყოფნისას თავი შეიკავონ და ბავშვს არ დაუყვირონ:

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი. მიხვედი ზღვარზე, ახლა დაიყვირებ, ან გააგდებ, ან კუთხეში დააყენებ, ამ ზღვარზე ხარ. იქ უნდა გაჩერდე. უნდა გაითვალისწინო, რომ თვითონ დიდი ხარ და ბავშვი პატარაა. გამოსავალი არის! იმას თუ არ ეყურება, მე ხომ მეყურება. თუ დავეშვები და მისი სიმაღლიდან დავუწყებ ლაპარაკს, ერთმანეთს გავუგებთ. იმის ენაში უნდა შევიდე, იმის მოთხოვნილებებში უნდა შევიდე. უნდა შევიდე მის ხასიათში და მან უნდა მიმიღოს. როდესაც ერთნი გახდებით, იქ შეიძლება უთხრა: „შვილო, ნუ წახვალ გეხვეწები,“ როდესაც მეგობართან უნდა წასვლა ბავშვს, მაგრამ არ გინდა, რომ წავიდეს. ამ დროს ბავშვი გამგები ხდება. ის ასეთი გამგებია თანატოლებთან და არა დიდებთან. მე უნდა გავუხდე ის თანატოლი, რომელიც მას ყველაზე მეტად გაუგებს. ეს გამოსავალია.

როდესაც ზღვარზე ხარ, სადღაც სავარძელი გედგას, გადექი და ატირდი ცრემლებით, ხომ მაინც გეცრემლება გული. შენმა ბიჭმა თუ გოგომ გიყუროს: „რა ვუქენი დედაჩემს?“ რაც მის თავსა და გულში მოხდება, ეს უკვე აღზრდის პროცესია. აღზრდის ქიმია მიმდინარეობს. ბავშვი თავის თავს სჯის, რცხვენია, ერიდება. ცრემლები მეთოდია აღზრდისა და სულსაც წმენდს.

საღამოთი რომ დააწვენ ბავშვს, უთხარი: „შვილო, როგორი მყევხარ. დიდი ბოდიში, რომ დღეს ასე მოხდა და იქნებ ასე ვიცხოვროთ. შენ მასწავლე, როგორ ვიცხოვროთ.“ თუ ბავშვი მუქარით წავიდა: „წადი, ახლავე დახუჭე თვალები, ძილის დროა!“ მისი სული ფორიაქდება. თუ ცუდი ზღაპრები უამბეთ ბავშვს, ვიღაცამ ვიღაც დაგლიჯა, ვიღაც მოიტაცეს, 3-5 წლის ბავშვი ასეთ ზღაპრებს ვერ გაუძლებს, არ შეიძლება. მას რაღაც კეთილი უნდა გაატანო, ლოცვები, იავნანა. შეიძლება ძალიან წყნარი, კარგი მუსიკა ჩაურთოთ ბავშვს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად