ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის საჭირო" - ინფექციონისტი
როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ თავი აარიდოს არასასურველ პროცესებს? ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ,,იმედის" გადაცემაში - ,,ჩვენი ოჯახი" სტუმრობისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არსებითია, მშობელმა ექიმს მიმართოს, როდესაც არ იცის, რასთან აქვს საქმე.
,,ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე და არა ვირუსზე - ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ დიფერენცირება, რომელთან გვაქვს საქმე ან ხომ არ გართულდა ვირუსული ინფექცია და გახდა ის ბაქტერიული. სახლის პირობებში რომ მშობელმა ეს შეძლოს, არის ძალიან რთული. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ თუ ჩვენ არ მოგვწონს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობთ, რაღაც მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი, უნდა მივმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, უნდა მისცეს თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკი. ამის საკუთარი ინტერპრეტირება მშობელმა არ უნდა მოახდინოს.
ხანდახან შესაძლოა, ვირუსიც გაგრძელდეს ათი დღის განმავლობაში და არ იყოს საჭირო ანტიბიოტიკი, ხანდახან კი შესაძლოა, ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ მეორე-მესამე დღესაც იყოს საჭირო მისი მიღება. ამის შეფასება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რადგან შესაძლოა, ბავშვს მშობელმა ანტიბიოტიკი ისეთ დროს მისცეს, როცა ეს არ შეიძლება ან პირიქით, დაგვიანებულად მისცეს და ბავშვის მდგომარეობა გართულდეს. 10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის ხოლმე საჭირო, ზოგად სტატისტიკას თუ ავიღებთ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ის აუცილებელია როგორც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ასევე - ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და იმუნური სისტემისთვის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვებრძოლოთ ვირუსს", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.