Baby Bag

როგორ ვკვებოთ ვეგეტარიანელი ან მარხვაზე მყოფი მოზარდი?

როგორ ვკვებოთ ვეგეტარიანელი ან მარხვაზე მყოფი მოზარდი?

როგორ ვკვებოთ ვეგეტარიანელი ან მარხვაზე მყოფი მოზარდი - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიზე თავის ​ბლოგზე წერს. Momsedu.ge პედიატრის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

,,ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია სწორი, ბალანსირებული კვება. ეს ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა იღებდეს საკვებს სხვადასხვა ჯგუფიდან - მარცვლეულს, ხორცს, რძის პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს.

ჯანმრთელი კვების პრინციპი, ე.წ „ჩემი თეფში“ ემყარება ამ საკვები პროდუქტების შემდეგი წესით მიღებას - მარცვლეულსა და ცილებზე უნდა მოდიოდეს დღიური რაციონის 30-30%, 20-20% მოდის ხილსა და ბოსტნეულზე.

ცილის საუკეთესო წყარო ხორცი და პარკოსნებია. პროტეინებით მდიდარია ასევე რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი. ისინი შეიცავენ ცხიმში ხსნადი ვიტამინების და მინერალების დიდ ნაწილს.

ხანდახან ასე ხდება - ბავშვი უარს ამბობს ამა თუ იმ საკვების მიღებაზე, რაც მშობლებისთვის ნამდვილი თავსატეხი ხდება. უფრო მოგვიანებით მოზარდები ზოგჯერ საკუთარი არჩევანით ხდებიან ვეგეტარიანელები ან ვეგანები ან სულაც მარხვას იწყებენ.

როგორ მოვიქცეთ ისე, რომ მათი ცხოვრების წესის რჩევანსაც პატივი ვცეთ და აუცილებელი ნუტრიენტებიც მივაწოდოთ?

მოდი, ჯერ განვიხილოთ, რა არის ვეგეტარიანელობა. ხშირად ვეგეტარაინელს მას უწოდებენ, ვინც უარს ამბობს ხორცის ჭამაზე.

იცით, რომ ვაგეტარიანელების სამი ტიპი არსებობს?

  • ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელები - არ მიირთმევენ ხორცს, სამაგიეროდ უარს არ ამბობენ კვერცხზე, რძესა და რძის პროდუქტებზე.
  • ლაქტო-ვეგეტარიანელები - არ ჭამენ ხორცეულსა და კვერცხს, მათთვის რძე და რძის პროდუქტები მისაღებია
  • დაბოლოს, ვეგანები - ისინი უარს ამბობენ ყველა ტიპის ცხოველური საკვების მიღებაზე.

რა მოხდება, თუ თქვენი შვილი ვეგეტარიანელი გახდება?

ეს თქვენი თავის ტკივილია, რადგან იცით, რომ ის არ მიიღებს მისი ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ ბევრ ნივთიერებას, პირველ რიგში ცილებს, რაც ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა.

ვერ მიიღებს ასევე ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა რკინა, კალციუმი, ვიტამინი B12 და სხვა. არარაციონალურ კვებას მოჰყვება ზრდა-განვითარების დარღვევა, ხშირი ავადობა, ანემია, და ა.შ.

მაგრამ თუ თქვენ შეეცდებით, მოზარდს აუხსნათ სწორი კვების მნიშვნელობა და ხელს შეუწყობთ აუცილებელი პროდუქტების მიღებაში მისი პრინციპების დარღვევის გარეშე, ყველაფერი ასე დრამატულად როდი იქნება.

ცხრილში 👇მოცემულია ის საკვები პროდუქტები, რომლებიც ვეგეტარანელ ან მარხვაზე მყოფ მოზარდს საჭირო ნივთიერებებით უზრუნველყოფს.


საჭირო ენერგიის მისაღებად შესთავაზეთ რძის პროდუქტები (თუ მოზარდი არ მარხულობს ან ვეგანურ კვებაზე არ არის), თხილეული, ავოკადო, მცენარეულ ზეთებზე მომზადებული სალათები, პური და მარცვლოვნებისაგან მომზადებული გარნირები, ფაფები, ხილი და ბოსტნეული.

ცილა ჩვენი უჯრედებისათვის მთავარი საშენი მასალაა და თუ თქვენი პატარა ვეგეტარიანელი ხორცს არ იღებს, შეეცადეთ მისცეთ ცილის სხვა წყაროები - კვერცხის, რძე და რძის პროდუქტები, პარკოსნები.

მნიშვნელოვანია რკინის საჭირო რაოდენობა ანემიის პროფილაქტიკისათვის. ჰემურ რკინას, რომელიც სწრაფად აითვისება, ხორცი შეიცავს, არაჰემური რკინა არის მარცვლეულში, მწვანე ბოსტნეულში, კვერცხში, ჩირებში, შეეცადეთ სწორედ ეს პროდუქტები მიაწოდოთ ბავშვს რკინის მარაგის შესავსებად.

არ დაივიწყოთ, რომ საჭიროა C ვიტამინი რკინის შეწოვის გაუმჯობესებისათვის, ამაში ხილი, განსაკუთრებით ციტრუსები დაგეხმარებათ.

კალციუმი აუცილებელია ჯანმრთელი და მყარი ძვლოვანი სისტემისათვის. მისი მთავარი წყარო რძე და რძის პროდუქტებია. მცენარეული პროდუქტებიდან კალციუმს შეიცავს ბროკოლი, გოგრა, მარცვლეული, მწვანე ბოსტნეული.

თუთია აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა - განვათარების, ძვლების სიმტკიცის, ფერმენტების ფუნქციონირებისათვის. მას შეიცავს თხილეული, ბურღულეული, მწვანე ბოსტნეული.

B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლწარმოქნის პროცესებისათვის. ვეგეტარიანელს ან მარხვაზე მყოფ მოზარდს ის შეგიძლიათ სოიოს პროდუქტებით ან კვერცხით მიაწოდოთ.

მოკლედ, ვეგეტარაინელობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილი ჯანმრთელი არ იქნება. უბრალოდ ამისათვის თქვენი დიდი ძალისხმევა და კვების საკითხებში მისი განათლება იქნება საჭირო.

ჯანმრთელობას გისურვებთ!'' - აღნიშნავს თამარ ობგაიძე. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ