Baby Bag

„მისდიეთ სამ მთავარ რამეს...მხოლოდ ასე ცხოვრება ბადებს კეთილგანწყობას ადამიანთა შორის, იმედსა და ჰარმონიის შეგრძნებას“ - გია მურღულიას მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

„მისდიეთ სამ მთავარ რამეს...მხოლოდ ასე ცხოვრება ბადებს კეთილგანწყობას ადამიანთა შორის, იმედსა და ჰარმონიის შეგრძნებას“ - გია მურღულიას მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

ასე ულოცავს ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთვრებას სოციალურ ქსელში. 

„საქართველოს მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას.

თუ ისწავლეთ და გაიგეთ, რა გსურთ ცხოვრებაში, რას ისახავთ მიზნად და იცით, როგორ მიაღწიოთ ამ მიზნებს ისე, რომ სხვებს იგივეს გაკეთებაში ხელი არ შეუშალოთ, მაშინ ამ წლებს თქვენთვის ფუჭად არ ჩაუვლია.

ძველთა გონიერების არ იყოს, მისდიეთ სამ მთავარ რამეს: კეთილ ფიქრს, კეთილ სიტყვასა და კეთილ საქმეს - არაფერი უკეთესი კაცობრიობას არ გამოუგონია. მხოლოდ ასე ცხოვრება ბადებს კეთილგანწყობას ადამიანთა შორის, იმედსა და ჰარმონიის შეგრძნებას.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადამიანი ტანჯვისთვის კი არა (როგორც ხანდახან ამბობენ), ბედნიერებისთვის არის გაჩენილი.

თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ბედნიერნი და იბრძოლოთ ამისთვის, თუმცა ამ ბრძოლის მეგზური მხოლოდ სიყვარული და სიმართლე შეიძლება იყოს.

მე მუდამ მახსოვს ჩემი მოსწავლეების ღიმილი, ფიქრი და განწყობა. ეს შეუდარებელი შეგრძნებაა და მისგან "გათავისუფლება" არასდროს მომინდება. ახლაც თვალწინ მიდგანან ჩემი მოსწავლეები.

თუმცა მე მხოლოდ ერთი ვარ მრავალთაგან.

ყველაზე მნიშვნელოვანი „ერთი“ კი საქართველოა.

ის არის ყველა ჩვენგანის მთავარი მასწავლებელი.

მას მოუყევით ყველა იმ სიკეთის შესახებ, რასაც ცხოვრებაში ხალხისთვის გააკეთებთ.

ადამიანი ამისთვის სწავლობს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეს გახდება ცნობილი, როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

დღეს გახდება ცნობილი, როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის განსაზღვრის შესახებ დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და მეცნიერების დარგში ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

პრესკონფერენცია, რომელზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების დეტალები გახდება ცნობილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე დაიწყება.

წაიკითხეთ სრულად