Baby Bag

„მისდიეთ სამ მთავარ რამეს...მხოლოდ ასე ცხოვრება ბადებს კეთილგანწყობას ადამიანთა შორის, იმედსა და ჰარმონიის შეგრძნებას“ - გია მურღულიას მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

„მისდიეთ სამ მთავარ რამეს...მხოლოდ ასე ცხოვრება ბადებს კეთილგანწყობას ადამიანთა შორის, იმედსა და ჰარმონიის შეგრძნებას“ - გია მურღულიას მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

ასე ულოცავს ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთვრებას სოციალურ ქსელში. 

„საქართველოს მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას.

თუ ისწავლეთ და გაიგეთ, რა გსურთ ცხოვრებაში, რას ისახავთ მიზნად და იცით, როგორ მიაღწიოთ ამ მიზნებს ისე, რომ სხვებს იგივეს გაკეთებაში ხელი არ შეუშალოთ, მაშინ ამ წლებს თქვენთვის ფუჭად არ ჩაუვლია.

ძველთა გონიერების არ იყოს, მისდიეთ სამ მთავარ რამეს: კეთილ ფიქრს, კეთილ სიტყვასა და კეთილ საქმეს - არაფერი უკეთესი კაცობრიობას არ გამოუგონია. მხოლოდ ასე ცხოვრება ბადებს კეთილგანწყობას ადამიანთა შორის, იმედსა და ჰარმონიის შეგრძნებას.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადამიანი ტანჯვისთვის კი არა (როგორც ხანდახან ამბობენ), ბედნიერებისთვის არის გაჩენილი.

თქვენ გაქვთ უფლება იყოთ ბედნიერნი და იბრძოლოთ ამისთვის, თუმცა ამ ბრძოლის მეგზური მხოლოდ სიყვარული და სიმართლე შეიძლება იყოს.

მე მუდამ მახსოვს ჩემი მოსწავლეების ღიმილი, ფიქრი და განწყობა. ეს შეუდარებელი შეგრძნებაა და მისგან "გათავისუფლება" არასდროს მომინდება. ახლაც თვალწინ მიდგანან ჩემი მოსწავლეები.

თუმცა მე მხოლოდ ერთი ვარ მრავალთაგან.

ყველაზე მნიშვნელოვანი „ერთი“ კი საქართველოა.

ის არის ყველა ჩვენგანის მთავარი მასწავლებელი.

მას მოუყევით ყველა იმ სიკეთის შესახებ, რასაც ცხოვრებაში ხალხისთვის გააკეთებთ.

ადამიანი ამისთვის სწავლობს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი

ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.

გთავაზობთ სტატისტიკურ ანალიზს.

ცნობისთვის, დღეს ასევე გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედე​გები. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

შეგახსენებთ: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გათანაბრებული ქულების ცხრილი

შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
აბიტურიენტებს ვთხოვთ გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 25 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
წაიკითხეთ სრულად