Baby Bag

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს.

ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.

რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტპროვაიდერებს, გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. მთავრობის მეთაურმა აღნიშნული ინიციატივისთვის განათლების მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ამასთან ერთად, მინდა, მოვუწოდო თითოეულ ინტერნეტპროვაიდერს, რომ გაითვალისწინონ როგორც სტუდენტების, ასევე ჩვენი მოსწავლეების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, შესაბამისად, დისტანციურ გაკვეთილებთან. სწორედ ამიტომ იყო ტელევიზია გამოყენებული, იმისთვის, რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჯერჯერობით სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ეს კიდევ ერთი დამატებითი მიმართულებაა, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს. დღევანდელ რეალობაში დისტანციური სწავლა-განათლება შეიძლება, ძალზედ აქტუალური გახდეს ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ბატონო მიხეილ და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიეცით მოსწავლეებს კომპლექსური საშინაო დავალებები - გამოიყენეთ სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი ონლაინ პლატფორმა

განათლების კოალიციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტი დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ხორციელდება COVID-19 პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის - „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის შეიქმნა საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით.

მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ დავალებები და დამოუკიდებლად შეასრულონ, ასევე, გაეცნონ საჭირო მასალებს. სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვისაც. აქ თავმოყრილი სასწავლო რესურსები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუმსუბუქებს ონლაინ რეჟიმზე გადასვლის თანმდევ სირთულეებს.

საგნობრივი ჯგუფების განყოფილებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დახვდებათ მკაფიო, ცხადი, შემეცნებითი და საინტერესო სავარჯიშოები და დავალებები. ასევე, ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო თეორიული მასალა, დამხმარე რესურსები, ჰიპერბმულები, რომლებიც დამატებითი ცნობებით უზრუნველყოფს მათ.

დავალებების კვირეული პაკეტების შექმნაზე საგნობრივ ჯგუფებში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები და ეროვნული სასწავლო გეგმების კურიკულუმის განვითარების ექსპერტები. მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მოსწავლის ინტერესებზეა მორგებული.

სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მზადდება გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემაზე - „ბავშვთა ადრეული განვითარება - რჩევები მშობლებს".

აქ თავმოყრილი მასალა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობას შეეხება - როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვისთვის განმავითარებელი გარემო შინ, როგორ უნდა შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას სხვადასხვა ტიპის თამაშით ხელი და როგორ დავგეგმოთ ბავშვისთვის საინტერესო დღე. ასავე შეიქმნება მრავალფეროვანი ონლიანრესურსიც.

პროექტის მხარდამჭერები არიან: სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS და პირველი არხი-განათლება.

დეტალები იხილეთ ვიდეოში 

წაიკითხეთ სრულად