დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას აბიტურიენტები პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„ბარათის ამოსაბეჭდად აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით შედის ვებგვერდზე online.naec.ge. პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) იყენებს ღილაკს - „დაბეჭდეთ ბარათი“.
ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.