დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საგნობრივი გზამკვლევები, რომლებიც მასწავლებლებს დისტანციურ რეჟიმში მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში დაეხმარება
თითოეული საგნისთვის მომზადდა გზამკვლევები, რომლებიც მასწავლებლებს დისტანციურ რეჟიმში მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში დაეხმარება.
მეთოდიკური რეკომენდაციები ჩამოყალიბებულია საზოგადოების მხრიდან ხშირად დასმული შეკითხვებზე პასუხის ფორმატში, დანართების სახით (ცალკეული საგნების მიხედვით) კი შემოთავაზებულია პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებზე დაფუძნებითაც პედაგოგები კომპლექსური დავალებების პირობის შექმნას და მოსწავლეთა მიღწევების შეფასებას შეძლებენ.
როგორცგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა აღნიშნავს, სექტემბრისთვის განახლებული ვერსიები დაიდება:
„მეთოდიკური რეკომენდაციები კომპლექსურ დავალებებთან და შეფასებასთან დაკავშირებით არის ის ნაწილი, რომელიც ყველა საგნისთვის საერთოა, ამიტომ ცალკე გამოვიტანეთ და აღარ ჩავრთეთ ყველა საგნის გზამკვლევში. ველით შენიშვნებს და რეკომენდაციებს.
სექტემბრისთვის დაიდება განახლებული ვერსიები. ამავე დროს, კომპლექსური დავალებების ბანკიც გვექნება, რომლებზეც ასეულობით სკოლის მასწავლებლები მუშაობენ ყველა საგანში მოხალისეობრივად,“ - აღნიშნავს მარიამ ჩიქობავა.