დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“ - ეკატარინე ტიკარაძე
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება, გადაიწიოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან ინტენსიურად მუშაობენ და ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება:
„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.