როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს თვითდამშვიდება და თვითჩაძინება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ნანა ტატიშვილი
ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა ბავშვებში ძილის დარღვევის განვითარების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნული პრობლემის გენეტიკურ ხასიათს გაუსვა ხაზი:
„ძილის დარღვევის დროს ძალიან ხშირია ოჯახური წინასწარგანწყობა, განსაკუთრებით ადრეულ ჩვილობაში. ძალიან ხშირად, როდესაც მშობელს მოჰყავს ჯანმრთელი ბავშვი, ყოველგვარი გართულების გარეშე და ჩივის, რომ ბავშვს არ სძინავს, წუხს, აღმოჩნდება, რომ დედა ან მამა ასეთივე პრობლემით იყო ადრეულ ჩვილობაში. თვითონ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ არ იციან, მაგრამ თუ ბებია ახლავს, ის ამბობს: „სულ ვამბობდი, რომ შენი შვილი გადაგიხდის სამაგიეროს, მე რომ მაწვალე ადრეულ ბავშვობაში.“
ნანა ტატიშვილის თქმით, ძილის დარღვევების მთავარი გამომწვევი გარემოა და არა - გენეტიკა:
„გენეტიკაზე დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, წესების დაცვას. თუ ბავშვის ძილი დამოკიდებულია ჩვენს დროზე, როდესაც ჩვენ მოვიცლით, სტუმრებს გავუშვებთ, საქმეებს მოვრჩებით და ბავშვს მერე დავაძინებთ, ეს არის ხან ადრე, ხან უფრო გვიან, ასეთ ბავშვებს დარღვეული აქვთ ძილი. ჩემთან მოსულან მშობლები, რომლებსაც გამოცდილი აქვთ ძალიან მძიმე და სერიოზული წამლები, რომელთაც არავითარი ზეგავლენა ბავშვის ძილზე არ მოუხდენია. გაცილებით ძნელია მშობელი დავარწმუნოთ, რომ ძილის რუტინის მოწესრიგება არის ერთადერთი საშუალება ბავშვის ძილის მოწესრიგებისთვის. რეჟიმის დაცვის გარეშე არ არსებობს მედიკამენტი, არ არსებობს საშუალება, რომელიც ძილს გამოასწორებს.“
ნანა ტატიშვილმა მშობლებს მოუწოდა არ ინერვიულონ, თუ ბავშვი ძილში ხშირად წამოიყვირებს და დღისით დაძინებაზე უარს იტყვის:
„ძილში ბავშვის წამოყვირება არ არის საშიში. ერთი წლიდან სკოლამდელ ასაკამდე, ან უფრო გვიანაც, არის ღამის შიშები და კოშმარები. ეს არის ძილის მომწიფების სტადია, არის ასაკობრივი დარღვევა, რომელიც თავისით მოწესრიგდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვის დღის რეჟიმს. მშობლები ჩივიან ხოლმე, რომ ბავშვმა გაიღვიძა ერთხელ, ორჯერ. წლამდე 4-6 გამოღვიძება ღამის განმავლობაში არის ნორმა. მშობლისთვის ეს ძალიან ძნელია, რადგან ის დაღლილია. ერთი წლის მერე ბევრი ბავშვი იღვიძებს ღამის პირველ საათზე, დილის ოთხამდე თამაშობენ. ესეც ძნელი მოსათმენია, მაგრამ ნორმაა. დღის ძილს რაც შეეხება, ბევრი ბავშვი ორი წლის შემდეგ ანებებს დღის ძილს თავს. თუ მათი ძილის ხანგრძლივობა, რომელიც 11-12 საათი უნდა იყოს, სრულდება ღამის ძილით, მაშინ შესაძლებელია, რომ ჩვენ არ ვინერვიულოთ. სამი წლიდან უმეტესი ბავშვი ანებებს დღისით დაძინებას თავს. როგორც წესი ეს ძილის დარღვევა ბავშვების ნერვულ სისტემას არ აფუჭებს, როგორც მშობლებს ჰგონიათ ხოლმე. ის არც რაიმე რთულ პრობლემებს არ იწვევს.“
„ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს თვითჩაძინება და თვითდამშვიდება. როდესაც მშობელი ამოიყვანს ბავშვს საწოლიდან, ანჯღრევს, ეს არ აძლევს მას თვითდამშვიდების საშუალებას. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ თუ ბავშვი იღვიძებს, ამოვიყვანოთ, მოვეფეროთ, მივიკრათ გულზე, ვაგრძნობინოთ, რომ მასთან ვართ, შემდეგ ისევ ჩავაწვინოთ საწოლში და არ შევიმჩნიოთ მისი ჭირვეულობა. დავაცადოთ ბავშვს, რომ თვითონ დამშვიდდეს და დაიძინოს. თუ ბავშვობის ასაკში არ ჩამოუყალიბდა ბავშვს ნორმალური ძილის რეჟიმი, შემდეგ მთელი ცხოვრება ეს იქნება პრობლემა. მას მოუწევს უამრავი მედიკამენტის მიღება. ხშირად ვითარდება ძილის კიდევ უფრო რთული პრობლემები და სერიოზული პრობლემების წინაშე დგება ადამიანი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.