როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვის ჭკუაზე არ უნდა იარო, ისტერიულ ბავშვს მის მოედანზე თუ გადაყევი, წაგებული ხარ,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა მშობლისა და შვილის ურთიერთობაში პატივისცემის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვმა მშობლისგან პატივისცემა აუცილებლად უნდა იგრძნოს:
„მე ძალიან თავისუფლად გავზარდე ჩემი შვილები. ეს თავისუფლება ბავშვმა ზოგჯერ შეიძლება სწორად არ გამოიყენოს. აქ არის ძალიან სერიოზული ზღვარი გასავლები. მთავარია, რომ არ დაკარგო ბავშვის პატივისცემა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შენ მას პატივს სცემ. შეიძლება მე დაგახრჩო ჩემი სიყვარულით, აღარ გინდოდეს არც ჩემი სიყვარული და არც მე გინდოდე. „მე შენ პატივს გცემ“ - ეს არის, რომ მე შენ გითვალისწინებ, შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ, შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.“
მარინა კაჭარავა მშობლებს ურჩევს, ბავშვის ისტერიას ემოციით არ უპასუხონ და მას მანიპულირების შესაძლებლობა არ მისცენ:
„ბავშვის ისტერია ყალიბდება იმით, რომ ის დაგიჭერს შენ ემოციაზე. ბავშვები შესანიშნავი მანიპულატორები არიან. არათანმიმდევრულობა სისუსტეა. ხან ვსჯი, ხან ვუცინი, ხან ვაიგნორებ. ვერ გაიგო ბავშვმა როგორ მოიქცეს. ამ დროს მშობელმა უნდა აღიაროს თავისი შეცდომა. როდესაც ბავშვს ეუბნებით: „დედა, მე შემეშალა და მაპატიე,“ ამით მას შეცდომის აღიარებას ასწავლით, აგრძნობინებთ, რომ ადამიანად თვლით. ჩვენ ვემსგავსებით მშობლებს, მოდელირებას ვაკეთებთ ქცევის. ბავშვმა ზამთარში ეზოში რომ მაისურებით და ტრუსებით მოინდომოს გასვლა, ეს კატეგორიულად არ შეიძლება. მე მშობელი ვარ და ვთვლი, რომ არ უნდა გავუშვა ბავშვი ასე გარეთ. ბავშვი თუ აყვირდება და იატაკზე გაწვება, ეს ქცევა უნდა დააიგნოროთ, ამაზე კომენტარი არ უნდა გააკეთოთ. ისევე უნდა „გაუჭედო“ ბავშვს, როგორც თვითონ, მაგრამ მშვიდად. ამის შემდეგ უნდა აიღოთ ორი სვიტრი და ჰკითხოთ, რომელს ჩაიცვამს. ასეთ დროს მე არ განვიხილავ ბავშვის არჩევანს. ბავშვი მიხვდება, რომ არ გაუვიდა. ის იმითაც კმაყოფილი დარჩება, რომ ორ სვიტრს შორის ირჩევს. ისტერიულ ადამიანს და ბავშვს აქვს თავისი მოედანი, მშობელს თავისი. შენ თუ გადაყევი მას მის მოედანზე, წაგებული ხარ. ბავშვის ჭკუაზე არ უნდა იარო. შენ თუ თვლი, რომ რაღაც არ არის მისთვის სასარგებლო, ბავშვს იმ ფორმით უნდა დაანახო ეს, რომ არ დაზიანდეს მისი პიროვნება, არ ჩათვალოს, რომ დაჩაგრეს.“
„ჰიპერმეურვეობა ნიშნავს, რომ მე შენს მაგივრად ვცხოვრობ, შენ ხარ ჩემი საკუთრება. ეს უნდა ჩაიცვა, ეს უნდა გააკეთო, ყველაფერს გისაზღვავ. ეს არის „მზრუნველობა" (მოჩვენებითი მზრუნველობა). ზრუნვა თავისთავად პოზიტიურია და არავის გვაწყენს. ბავშვს სამიდან ექვს წლამდე უვითარდება უპირატესობა. მას ხშირად ეუბნებიან: იქ დაისვრები, იქ ნუ წუწაობ, იქ ნუ თამაშობ. შესაბამისად წარმოიდგინეთ სახლში გამოკეტილი ბავშვი, რომელიც ავეჯს ეხლება, ვერაფერს კიდებს ხელს. ამ დროს ზამბარის პრინციპი მოქმედებს, შეიძლება, გადახტეს და კისერი მოიტეხოს, ან საერთოდ ვერ იფუნქციონიროს. ბავშვს არას თქმაც არ შეუძლია. თავისუფლება გადის არას თქმაზე. სანამ რაღაც შემოთავაზებაზე არა შეგიძლია თქვა, მანამ ხარ თავისუფალი,“ - აღნიშნავს მარინა კაჭარავა.