Baby Bag

„ესენი თუ არ იცი, წერა-კითხვა არ იცი!“- ალექსანდრე ჯეჯელავა წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარების შესახებ

ტრენერმა, მენეჯმენტის სპეციალისტმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარების შესახებ ისაუბრა:

„წარმატების მისაღწევად საჭირო უნარების 12 ჯგუფია გამოყოფილი. ეს ჯგუფები სამ კატეგორიად არის და ამ სამ კატეგორიაზე ვისაუბრებ. პირველი არის წერა-კითხვის ცოდნა. ადრე ხომ იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. სამ რამეს მიენიჭა მნიშვნელობა, რომ ესენი თუ არ იცი, წერა-კითხვა არ იცი. ეს არის: ტექონოლოგია, ინფორმაციასთან მუშაობა და მედია წიგნიერება. მედიაში თუ ვერ გაერკვევი, რა ხდება, ცუდად არის საქმე. ეს სამი არის წერა-კითხვის კატეგორიაში. თუ პრიორიტეტებზე ვილაპარაკებთ, პირველი ეგ არის. სკოლამ უნდა მოხერხოს, რომ ეს წერა-კითხვის საფეხური უკვე დალაგებული იყოს.

შემდეგი უნარები არის სწავლის უნარები. 5 ჯგუფია, რომელიც უკავშირდება სწავლას. მათ შორის არის კრიტიკული აზროვნება და ისეთი უნარები, რომელიც საშუალებას გაძლევს ახალი რამ ისწავლო. ვთქვათ, ხარ 35 წლის და დაგჭირდა რაღაცის სწავლა, ადვილი არ არის, მაგრამ რაღაც უნარები გჭირდება, რომ ინფორმაცია დაამუშაო. მიზანდასახულობა გჭირდება, სტრესის დროს მუშაობის უნარები გჭირდება.

მესამე კატეგორია არის სოციალური უნარები, იმიტომ, რომ ჩვენ სოციუმში ვართ. მე ყველაფერი რომ ვიცოდე დედამიწის ზურგზე და არ გამომდიოდეს თქვენთან კომუნიკაცია, ნიჭი და ცოდნები ვერ გამოვლინდება. ამ კატეგორიაში არის კიდევ 4 უნარი. მათ შორის არის: გუნდური მუშაობა, ლიდერობა და პასუხისმგებლობა. ეს შენ საშუალებას გაძლევს, რომ ორგანიზაციაში, გუნდში, სამეზობლოში, ოჯახში იყო წარმატებული,“- მოცემულ საკითხზე ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის შოუ“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველაზე მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს არის რეცეპტისა და დანიშნულების პოლიტიკა,“ - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლიქვინაძე

„ყველაზე მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს არის რეცეპტისა და დანიშნულების პოლიტიკა,“ - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლიქვინაძე

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლიქვინაძემ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი წესების დამკვიდრების პროცესის შესახებ ისაუბრა:

„ჩვენს შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილია 11 რეკომენდაცია. ეს მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს, უფრო კონკურენტუნარიანს და გამჭვირვალეს გახდის ფარმაცევტულ ბაზარს. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია. ბაზარზე გვაქვს რამდენიმე კომპანიის დომინანტური მდგომარეობა. მეორე არის ჰოლდინგური სისტემები. ჩვენთან არიან კომპანიები, რომლებსაც იმპორტის დონიდან დაწყებული, საცალო ქსელი, კლინიკები დაზღვევა, მსვილი ჰოლდინგული ჯგუფებია. ჩვენი დაკვირვებით ეს რგოლები უფრო მეტად კომერციული ინტერესის მატარებელია, ვიდრე მომხმარებლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიმცემი. ისინი მომხმარებლებს ძირითადად საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ.“

ირაკლი ლიქვინაძის თქმით, მთავარი პრობლემა არსებული რეცეპტებისა და დანიშნულების პოლიტიკაა:

„ჩვენ ვხედავთ მთავარ პრობლემას და გვგონია, რომ ამ ნაწილის მოწესრიგებით უნდა დავიწყოთ. ეს არის დღეს არსებული რეცეპტისა და დანიშნულების პოლიტიკა. როდესაც ადამიანს დანიშნულებას აძლევენ, ძირითადად არის კონკრეტული მითითება კონკრეტულ მედიკამენტზე, რაც მოქალაქეს არ უტოვებს სხვა არჩევანს. ამ დანიშნულ მედიკამენტს გააჩნია ბევრი ჩამნაცვლებელი მედიკამენტი, რომელიც ფასით განსხვავებულია. პირობითად, ერთი დანიშნული მედიკამენტი თუ არის 50 ლარიანი, შეიძლება მისი ათლარიანი ჩამნაცვლებელი ბაზარზე რეალურად არსებობდეს და ჰქონდეს იგივე სამკურნალო ეფექტი.“

„აქ მნიშვნელოვანია ექიმის მიდგომის საკითხიც. ექიმს უნდა ჰქონდეს გარკვეული მკურნლობის პროტოკოლი და მისი მკურნალობის მეთოდებთან ეს უნდა იყოს თანხვედრაში. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს არის რეცეპტისა და დანიშნულების პოლიტიკა. ოთხ წელიწადში მხოლოდ ერთი ჯგუფის მედიკამენტიდან სამი კომპანიის მაგალითზე მოქალაქე დაზოგავდა 16 მილიონ ლარს, რომ ჰქონოდა არჩევანის საშუალება. რეცეპტი საქართველოში უნდა იყოს ელექტრონული, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს მაკონტროლებლის მხრიდან ეფექტურ კონტროლს ამ მხრივ. ეს რეცეპტი არ უნდა იყოს ერთ კონკრეტულ მედიკამენტზე ორიენტირებული. მასში უნდა იყოს რამდენიმე ალტერნატივა,“ - აღნიშნულ საკითხზე ირაკლი ლიქვინაძემ Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ Euronews Georgia

წაიკითხეთ სრულად