Baby Bag

როგორი უნდა იყოს ზაფხულის ცხელი დღის კვების რაციონი? - ენდოკრინოლოგი სალომე კალანდაძე

ენდოკრინოლოგმა სალომე კალანდაძემ ზაფხულის კვების რაციონზე ისაუბრა და ის პროდუქტები დაასახელა, რომელთა მიღებისგან ზაფხულში თავი უნდა შევიკაოთ:

„პაციენტების უდიდესი რაოდენობა სახლს ისე ტოვებს, რომ მარტო ფინჯან ყავას იღებენ და ისე მიდიან, რაც აბსოლუტურად არასწორია. ძირითადად ასეთი ფრაზები მესმის: „დილით როდესაც ვდგები, არ მშია,“ „თუ შევჭამე, მთელი დღე ვჭამ.“ ამის მიზეზი, ვფიქრობ, რომ არის არასწორად შერჩეული საუზმე, სავარაუდოდ, მაღალკალორიული, მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი, მაგალითად, ჯემი, ხაჭაპური, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, რომლის მიღების შემდეგ მალე დგება შიმშილი. დილით გირჩევთ, რომ საუზმე იყოს მსუბუქი, თუნდაც შვრიის ფაფა ხილთან ერთად, პუდინგი, რომელიც მარტივად შეგვიძლია მოვამზადოთ, ბერძნული იოგურტის და ნუშის ნაზავი დარიჩინთან ერთად ძალიან გემრიელია.

სადილზე ისეთ საკვებზე გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. ბოსტნეული არის იდეალური, კიტრი-პომიდვრის სალათა, ხილი ძალიან კარგია, ნაკლებად ცხიმიან ხორცსაც გირჩევთ. რა თქმა უნდა, შევამციროთ მაიონეზის ხმარება სალათებში. მას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს.

ზაფხულში შევამციროთ კრემიანი საკვები, მალფუჭებადი საკვები, ცხიმიანი საკვები, შებოლილი საკვები, ძეხვი, შაშხი, სოსისები. მაქსიმალურად ვეცადოთ, მივიღოთ საქართველოში წარმოებული სეზონური ხილი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ წყლის რაოდენობა გავზარდოთ.

დღის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია. არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ურჩევენ ადამიანს კვების რეჟიმს. შესაძლოა, არც იყოს მოსახერხებელი 3-4 საათში ერთხელ კვება, მაგრამ როგორც მინიმუმ, 2 კვება უნდა იყოს დღის განმავლობაში და აუცილებლად სრულფასოვანი. საკვების მიღება უნდა იყოს კომფორტული საკუთარ თავთან. არ არის აუცილებელი, რომ ეს თავს დავაძალოთ,“- მოცემულ საკითხზე სალომე კალანდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? - ,,დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში''

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? - ,,დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში''

სახე, მკლავი, მეტყველება - როგორ ამოვიცნოთ ინსულტი, რომ გადავარჩინოთ ადამიანი - თემაზე გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე საუბრობს. 

მისი თქმით, თუ ადამიანს ეცვლება სახე, ვერ იმორჩილებს მკლავს, ვერ საუბრობს - დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში:

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ. იმისათვის, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, ცხადია, დროულად უნდა ამოვიცნოთ ინსულტი და სწორედ, ამერიკაში შექმნილი აბრევიატურა FAST (face, arms, speech, time) გულისხმობს ინსულტის განვითარების ნიშნებს - ადამიანს ეცვლება სახე, მკლავს ვერ იმორჩილებს, ვერ საუბრობს და მეოთხე საწყისი ამ სიტყვისა(დრო) გახლავთ გადამწყვეტი. ოჯახის წევრმა, ქუჩაში გამვლელმა, კოლეგამ მაშინვე უნდა დარეკოს სასწრაფოში და პაციენტი დაუყოვნებლივ იყოს გადაყვანილი კლინიკაში, სადაც სიტუაციას მართავენ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. გაიდლაინებში, სასწრაფო დახმარების ექიმის დრო მნიშვნელოვნად შემჭიდროებულია, თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ადგილზე მკურნალობის დაწყებაც არ არის რეკომენდებული.  თითოეული წუთი დაკავშირებულია რამდენიმე მილიონ ტვინის უჯრედის ფუნქციონირების გადარჩენასთან,'' - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად