„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ახალ კვლევაზე დაიწყო მუშაობა
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა) ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასების შესახებ ახალ კვლევაზე დაიწყო მუშაობა. მათ შორისაა, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში კონფლიქტის გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები და გოგონებიც.
კვლევის მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ქალებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებული პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება და მათთვის პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთა, პრობლემებზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგიების გამომუშავება და პოზიტიური ცვლილებების ადვოკატირება, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე.
მოცემული კვლევის ერთგვარი „ნოუ-ჰაუა“ სამიზნე რეგიონებში წინასწარ შერჩეული სათემო ლიდერი ქალების/გოგონების მომზადება, რათა მათ დამოუკიდებლად და კვალიფიციურად შეძლონ მონაცემების შეგროვება და პრობლემების იდენტიფიცირება. მონაცემთა შეგროვების პროცესში ერთვება ზემოაღნიშნული ექვსი სამიზნე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თემის 90 ქალი და ახალგაზრდა ლიდერი. საბოლოოდ, სწორედ მათი იდეები და საჭიროებები იქნება ინტეგრირებული სახელისუფლებო უწყებებისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებში.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ უკვე წლებია ახორციელებს მსგავს კვლებებს პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებში USAID-ის მხარდაჭერით ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიასთან“ ერთად.