Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებლობის მაძიებლებს უფლება აქვთ, თავიანთი ვალდებულებები მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეასრულონ“ - მინისტრის ბრძანება

„მასწავლებლობის მაძიებლებს უფლება აქვთ, თავიანთი ვალდებულებები მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეასრულონ“ - მინისტრის ბრძანება

„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, დღეს, 21 მაისს გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, ​იმ მასწავლებლობის მაძიებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, უფლება აქვთ აღნიშნული ვალდებულებები შეასრულონ მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა – „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროგრამა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსით დასაქმებულმა პირმა უნდა გაიაროს მუშაობის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში, მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით.

 მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა მოიცავს:

ა) აკადემიურ კურსს;

ბ) პედაგოგიური პრაქტიკის კურსს;

გ) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბრძანების თანახმად, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვლება წარმატებულად გავლილად, თუ მასწავლებლობის მაძიებელი აკადემიურ და პედაგოგიური პრაქტიკის კურსში შეფასდება დადებითად და თუ წარმატებით ჩაბარებული აქვს ან წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას.

იხილეთ ​ბრძანება

წაიკითხეთ სრულად