Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია ბავშვებში კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიკურ გართულებაზე, რაც შიშსა და პანიკას იწვევს მშობლებში

ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია ბავშვებში კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიკურ გართულებაზე, რაც შიშსა და პანიკას იწვევს მშობლებში

რა არის კავასაკის სინდრომი, რომელზეც ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია, როგორც კორონავირუსთან ასოცირებულ რაღაც მისტიკურ გართულებაზე, რაც შიშს და პანიკას იწვევს მშობლებში, - ამ თემაზე ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„ბოლო პერიოდში კავასაკის დაავადებას ხშირად ახსენებენ, როგორც ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის საშიშ გართულებას. რეალურად, შემთხვევების რაოდენობამ პანდემიის ეპოქაში მოიმატა, თუმცა თავისთავად ეს დაავადება ახალი არ არის.

კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი და ა.შ. დაავადების დროს ხდება სისხლძარღვების და გულის დაზიანება, უმეტეს შემთხვევაში, განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან. ეს არის გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში განვითარებად ქვეყნებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ამიტომ, როდესაც რომელიმე ინფექციური დაავადების მაღალი გავრცელებაა, შეიძლება დაფიქსირდეს კავასაკის დაავადების შემთხვევების მატება, მათ შორის, ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის დროს. ამჟამად აშშ-ში დაფიქსირდა კავასაკის დაავადების 85 შემთხვევა, მათ შორის 73 ნიუ-იორკში, 3 ბავშვი გარდაიცვალა. უმრავლესობას ჰქონდა დადებითი ახალი კორონავირუსის PCR ან ანტისხეულები.

ბერგამოში (იტალია, ლომბარდია), რომელიც, ფაქტობრივად, COVID-19 ეპიცენტრი იყო, ერთ-ერთ მთავარ ბავშვთა კლინიკაში დაფიქსირდა კავასაკის სინდრომის 10 შემთხვევა 2 თვის განმავლობაში (18 თებერვალი-20 აპრილი). მათგან 8-ს ჰქონდა კორონავირუსის ანტისხეულები.
ტაივანში 2014 წელს ჩატარებული კველევით, რომელმაც შეაჯამა კავასაკის დაავადების მქონე 226 ბავშვის ცხვირ-ხახის ნაცხის PCR შედეგები, გამოვლინდა, რომ 27%-ში იყო რინოვირუსი, 16%-ში ენტეროვირუსი, 16.8%-ში ადენოვირუსი და 7.1%-ში კორონავირუსი (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ახალი კორონავირუსი). კავასაკის დაავადების შემთხვევები აღწერილი იყო ბავშვებში H1N1 პანდემიის დროსაც.

წაიკითხეთ სრულად