Baby Bag

„წუხელ საღამოს, როცა ისევ დაიწყო წვიმა...“ - 4 წელი ზაფხულის სისხლიანი წვიმიდან

„წუხელ საღამოს, როცა ისევ დაიწყო წვიმა...“ - 4 წელი ზაფხულის სისხლიანი წვიმიდან

წუხელ საღამოს, როცა ისევ დაიწყო წვიმა, ოთხი წლის წინანდელი ამბავი გამახსენდა, რომლის შემდეგაც, წვიმა არა მხოლოდ რომანტიკასთან, არამედ, ტრაგედიასთანაც ასოცირდება.

რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანებს არაფერი აახლოებთ ერთმანეთთან ისე, როგორც საერთო გასაჭირი და თავს დამტყდარი უბედურება. როცა ვგრძნობთ, რომ გასაჭირი საერთოა და ჩვენ გარდა, სხვებიც დარდობენ და განიცდიან, რაღაც უჩვეულო მექანიზმი იწყებს მუშაობას. მექანიზმი გვაიძულებს წყენის, ბრაზის, გულგრილობის, სირცხვილის დავიწყებას და მათ ადგილს კომფორტულად იკავებს ბრძოლის, გადარჩენის და დახმარების სურვილი.

ჟინი, რომელმაც მაშინ მოიცვა თბილისი, პირველი არ ყოფილა. ჩვენ გვახსოვს წლების მანძილზე მრავალი მაგალითი ერთიანობის და თავგანწირვის, მაგრამ ეს რაღაც ახალი იყო, რაღაც აქამდე უცნობი და რეალური, იმდენად რეალური, რომ ზოგჯერ დაჯერებაც კი ჭირდა.

ყველაფერი კი იმ შაბათ საღამოს დაიწყო, როცა ტალახიანმა და მკვლელმა წვიმამ მთელ თბილისს გადაუარა. მთელი ღამე წვიმდა. გადაუღებლივ აწვიმდა ზაფხულის წვიმა ქალაქს და სახლებს, და ბაღებს, და ხიდებს, და ზოოპარკს და ადამიანებს. გვაწვიმდა ჩვენც, რომლებმაც მხოლოდ მეორე დილით გავიგეთ მომხდარის შესახებ. გვაწვიმდა სისხლიანი წვიმა, რომლის წვეთებმაც ასობით სახლი გახლიჩა შუაზე, ათობით ოჯახში შეიტანა ცრემლი და ტკივილი და ათასობით ადამიანი ერთი მიზნით გამოიყვანა კვირა დილით სახლებიდან.

ადამიანებს ერთმანეთის შესაცნობად წლები გვჭირდება, თუმცა, თურმე არსებობს უფრო დიადი გზებიც, უფრო მარტივი და ამავდროულად, უფრო რთულიც. ეს გზა არასდროს დასრულდება, სანამ ჩვენ, ადამიანები ვიარსებებთ და მზად ვიქნებით სხვების დასახმარებლად.

„ვერეს ხეობისკენ ჩამავალ ჯგუფში ერთადერთი გოგო ვიყავი. წინა დღეს, დაკარგული გოგონას მამის განცხადების შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენი ძალებით გვეპოვა ცხედარი. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რამხელა რისკზე წავედი, როცა სახლიდან ადრიანად გავიპარე და აღრიალებულ ვერეს პირისპირ შევეჩეხე. ბიჭები ყველანაირად ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლები მემუშავა და ბოლოს, მათ ექიმად გამომაცხადეს და ხის ძირას დამსვეს. მიზეზი ცხადი იყო – რაღაც ძალებით, რომ მართლა ეპოვათ ცხედარი, ჩემი რეაქციის შეეშინდათ. მაშინ გავბრაზდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, მართლა რომ გვეპოვა ივლიტას გვამი, ამ გრძნობით, როგორ უნდა მეცხოვრა“.

მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდა იმას, რომ წვიმის წვეთებით დაცხრილული ქალაქის მაცხოვრებლები შიშველი ხელებით შებრძოლებოდნენ სტიქიას. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, თუმცა მუხტი არც შემდეგ დღეებში განელებულა და სულ მალე მთელი თბილისი ტრაგედიის მარწუხებისგან გათავისუფლების მიზნით შეკრული ადამიანების ჯგუფმა მოიცვა. მათ შორის ვიყავი მე.

„ტალახისგან მორიგ სახლს ვწმენდდით. ბოლოს გაირკვა, რომ ეს პატარა მაღაზია ყოფილა, რომლის სიღრმეში უთვალავი სიგარეტის კოლოფი აღმოვაჩინეთ. ბიჭებმა კოლოფები ზურგჩანთაში ჩამილაგეს. შემდეგ ისინი იქვე მომუშავე ჯარისკაცებს გადავეცით. როცა მაღაზიის წმენდა დავასრულეთ და შემდეგ სახლზე გადავედით, პირველივე რაც თვალში მომხვდა, ფერადი, ნაჭრებისგან შეკერილი სათამაშო იყო. მაშინ პირველად ვიგრძენი, თუ რამხელა იყო ტრაგედია“.

ათასობით ხელი დაუღალავად მუშაობდა კვირების მანძილზე. როგორც შემდეგში აღნიშნეს, ეს იყო თბილისის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ერთიანობა და მაგალითი, რომელსაც ანალოგი არ ჰქონია. იმ დღეებში არ არსებობდა ზღვარი, არ არსებობდა დაღლა, არ არსებობდა შიმშილი, არ არსებობდა წყურვილი, არსებობდა მხოლოდ ერთი იდეა და ამ იდეის ქვეშ გაერთიანებული ათიათასობით მშრომელი ხელი.

„ბოლოს, უაზროდ მიმოფანტულ წიგნებს მივადექით. წიგნებს შორის ვიპოვეთ საოჯახო ალბომიც. ფოტოები, რომელთა წაშლა წყალსაც ვერ მოეხერხებინა, ერთ დროს ბედნიერ დროზე გვიამბობდნენ. მდუმარედ დავცქეროდით ამ ალბომს და სწორედ მაშინ ვიგრძენი მეორედ, თუ როგორი ულმობელი და თან რამხელა, იყო ტრაგედია“.

ჩვენ ტრაგედიამ გაგვაცნო ერთმანეთი. ტრაგედიამდე უბრალოდ ნაცნობები ვიყავით, რომლებიც არა თუ ესალმებოდნენ, არამედ არც კი იცნობდნენ ერთმანეთს. ასე, ერთბაშად კი გავიცანით ერთი-მეორე და იმ კვირების მანძილზე, უფრო მეტად დავახლოვდით. დღემდე ერთად ვართ. ჩვენ და ჩვენი „ტრაგედიით გაცნობილი თბილისი“.

„დღესაც კი, როცა ზოოპარკს ჩავუვლი, მესმის ხოლმე გალიებში გამომწყვდეული ცხოველების ხმა, რომლებიც სიცოცხლის წყურვილით იხრჩობიან. როცა ახალი გზით დავდივარ, ვგრძნობ, თუ როგორ შემდის წყალი ფილტვებში და როგორ ვცდილობ სასიკვდილოდ განწირული, მანქანის კარების გაღებას, როცა ვერე ხეობას გადავყურებ, განვიცდი ხელიდან გასხლეტილი სიყვარულის ანარეკლს, რომლის ნიშან-წყალსაც ამაოდ დავეძებდით მთელი დღე. ვიცი, რომ ჩემსავით ძალიან ბევრია. ისინი, ვინც საკუთარი თვალით ნახა ეს ყველაფერი, ვინც განიცადა და იგრძნო მხურვალე მზის ქვეშ მუშაობა, ვინც, უბრალოდ, გაიზიარა ეს ტრაგედია. ჩვენ არ ვცდილობთ ამის დავიწყებას. ეს ჩვენი ნაწილია. ტრაგედიის „ჩვენი მხარე“.

ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ ზოოპარკის შენობის ერთ-ერთ კედელზე მხატვრობა გაჩნდა. ნახატზე ყველაზე კარგადაა ასახული 13 ივნისის სტიქიის შავ-ბნელი მხარე. მხატვარმა ზუსტად და გარკვევით წარმოგვიდგინა ის ემოციები და განცდები, რასაც მაშინ ყველა ვგრძნობდით. ფერადი ნამუშევარი ტრაგედიის შავ-თეთრი ილუსტრაციაა, თუმცა მასში ჩვენი მომავალიც გამოსჭვივის. ის მომავალი, რომელის შენებაც ოთხი წლის წინ ერთად დავიწყეთ – ჩვენ, ადამიანებმა და ქალაქმა, რომელსაც წელსაც ატყვია ზაფხულის წვიმის სისხლიანი ნაკვალევი.

ავტორი: მაშა გვარამია

მაშა გვარამიას სხვა ბლოგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - მაშას ბლოგი

შეიძლება დაინტერესდეთ