Baby Bag

დისციპლინის 9 მეთოდი, რომელიც ბავშვის თვითშეფასებას არ დააზიანებს

დისციპლინის 9 მეთოდი, რომელიც ბავშვის თვითშეფასებას არ დააზიანებს

ყველა მშობლის სურვილია, რომ თავდაჯერებული შვილები აღზარდოს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების დისციპლინისთვის დაშინების მეთოდი არ გამოვიყენოთ, რათა მათ თავი დაუცველად არ ვაგრძნობინოთ.

1. თუ ბავშვი შეცდომას უშვებს, მას აუცილებლად დაელაპარაკეთ

თუ ბავშვმა შეცდომა დაუშვა, მასთან საუბარი დაიწყეთ წინადადებით: „ვიცი, რომ შენ ამის გაკეთება არ გინდოდა...“ თქვენი შვილი მიხვდება, რომ მიუხედავად მის მიერ დაშვებული შეცდომისა, თქვენ მისი კარგი განზრახვის გჯერათ. ამის შემდეგ ბავშვს მისი ნეგატიური ქცევის შედეგებზე ესაუბრეთ და განუმარტეთ, რა გავლენას ახდენს მისი უარყოფითი ქცევა სხვა ადამიანებზე. ბავშვი უნდა დაარწმუნოთ, რომ ის კარგი ადამიანია, მაგრამ მეტი სიფრთხილე და დაკვირვებულობა მართებს.

2. ნუ გაახსენებთ ბავშვს წასულში დაშვებულ შეცდომებს

წარსულ შეცდომებზე მითითებას კარგი შედეგი არავისთვის მოაქვს. ბავშვი ჩადენილ ქცევას ვეღარ გარდაქმნის და წარსულის შეცვლის უნარი არ აქვს. მსგავსი შენიშვნები მას საკუთარი თავისადმი უარყოფითად განაწყობს. ნაცვლად ამისა, ბავშვთან ერთად მომავლის გეგმები დასახეთ და იმსჯელეთ, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა შეცდომების გამოსასწორებლად.

3. დაეხმარეთ ბავშვს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში

აზროვნების უნარის განვითარებისთვის ბავშვს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა უნდა გააცნოთ. ამ გზით ბავშვი რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას ისწავლის. თუ ის პრობლემის მოგვარებას შეძლებს, შეაქეთ მისი მიღწევები. ეს ბავშვს თავდაჯერებას შეჰმატებს.

4. იარლიყები არასდროს გამოიყენოთ

„ზარმაცი გოგო ხარ,“ „ჯიუტი ბიჭი ხარ,“ - მსგავსი ფრაზები ბავშვს საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებას უცვლის. ყურადღება ყოველთვის ბავშვის ქცევაზე გაამახვილეთ. ბავშვს აუხსენით, რომ ის კარგი ადამიანია, რომელმაც კონკრეტულ შემთხვევაში ცუდი არჩევანი გააკეთა.

5. ყოველთვის მოუსმინეთ ბავშვს

ბავშვისადმი ყურადღება აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ, რათა მან იგრძნოს, რომ ის თქვენთის მნიშვნელოვანია. მოუსმინეთ თქვენს შვილს, როდესაც ის ცდილობს აგიხსნათ, რა მოხდა. ამგვარად მისი ნეგატიური ქცევის რეალურ მიზეზს უკეთ გაიგებთ და ბავშვის განცდებში უკეთ გარკვევით.

6. დისციპლინა სწავლებას უნდა დაეფუძნოს და არა - დასჯას

უპირატესობა სწავლებას მიანიჭეთ და არა - დასჯას. ბავშვებს ყოველთვის მიუთითეთ მათი ნეგატიური ქმედებების შედეგებზე და ასწავლეთ, როგორ შეუძლიათ ქცევის გაუმჯობესება. თუ ბავშვებს შორის კონფლიქტი და უთანხმოებაა, შეცდომაზე მითითება კონფლიქტში ჩართულ ყველა ბავშვს უნდა შეეხოს. არასდროს გამოყოთ რომელიმე შვილი სხვებისგან, რადგან ეს მას თავს მსხვერპლად აგრძნობინებს.

7. არ დაუყვიროთ ბავშვს და არ გამოიყენოთ უხეში სიტყვები

კვლევებით დასტურდება, რომ ყვირილი ბავშვს თავს დაუცველად აგრძნობინებს და აგრესიული ქცევისკენ მიდრეკილს ხდის. უხეში სიტყვებით მიმართვა ბავშვის თვითშეფასებაზე უარყოფითად აისახება და მასში შფოთვას იწვევს.

8. არ დაუწყოთ ბავშვს ჭკუის სწავლება საჯარო სივრცეში

დისციპლინა ოჯახურ გარემოში უნდა ხდებოდეს. ბავშვის საჯაროდ გაკიცხვამ ბავშვი, შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს და მას სოციუმთან ურთიერთობაში მომავალში პრობლემები შეექმნას. შესაძლოა, მან საკუთარ პრობლემებში მშობელი დაადანაშაულოს.

9. აღიარეთ ბავშვის წინსვლა და წარმატება

ბავშვს აგრძნობინეთ, რომ მას თქვენი გაბედნიერება შეუძლია. ისინი საკუთარი ძალისხმევისა და შედეგების დაფასებას ისწავლიან. თქვენ მიერ ბავშვის წარმატების აღიარება ბავშვს აგრძნობინებს, რომ თქვენ მისი გჯერათ, რაც თქვენი შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო:​ Brightside.me

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის უნდა ავცრათ ბავშვი და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს? - აცრის საკითხის ირგვლის არსებულ კითხვებს პედიატრი ნანა საპანაძე პასუხობს

როდის უნდა ავცრათ ბავშვი და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს? - აცრის საკითხის ირგვლის არსებულ კითხვებს პედიატრი ნანა საპანაძე პასუხობს

როდის უნდა ავცრათ ბავშვი და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ნანა საპანაძე.

- რა არის ვაქცინაცია?

ტერმინი ვაქცინა და ვაქცინაცია მომდინარეობს Variolae vaccinae-დან (ძროხის ყვავილი); ეს ტერმინი ინგლისელმა მეცნიერმა ედვარდ ჯენერმა მოიგონა (ზოგადად, ვაქცინის ლოგიკური იდეის ავტორი და პირველი ვაქცინისშემქმნელი), ძროხის ყვავილის ვირუსის აღსანიშნავად. ეს ფრაზა მან 1798 წელს გამოიყენა თავისი წიგნის სათაურში: „კვლევა Variolae vaccinae-ისა, აგრეთვე ცნობილი, როგორც ძროხის ყვავილი“, სადაც აღწერა ძროხის ყვავილის ვირუსის დამცავი ეფექტი ყვავილის ვირუსის წინააღმდეგ. ჯენერის მიგნებას ბევრი პესიმისტი მოწინააღმდეგე ჰყავდა წლების განმავლობაში, თუმცა, 1840 წელს ინგლისში საბოლოოდ დამტკიცდა ვაქცინაცია, რომელიც შემდგომში მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ხოლო 1881 წელს, მე–19 საუკუნის გამოჩენილმა ფრანგმა მეცნიერმა ლუი პასტერმა წამოაყენა წინადადება, რომ ჯენერის პატივსაცემად ეს ტერმინი გავრცელებულიყო ახალ დამცავ აცრებზეც, რომლებსაც მაშინ ქმნიდნენ. ასეც მოხდა.

ვაქცინა ბიოლოგიური პრეპარატია, რომელიც უზრუნველყოფს აქტიურ, შეძენილ იმუნიტეტს კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. იგი შეიცავს აგენტს, რომელიც დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმს წააგავს და ხშირად, დამზადებულია მიკრობის, მისი ტოქსინების ან მისი ზედაპირის რომელიმე ცილის მოკლული ან შესუსტებული ფორმებისგან. ეს აგენტი ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომ საფრთხედ აღიქვას, გაანადგუროს იგი და შემდეგშიც, ამოიცნოს და გაანადგუროს ამ აგენტთან დაკავშირებული ნებისმიერი მიკროორგანიზმი, რომელსაც ის შეიძლება მომავალში გადაეყაროს.

ვაქცინის მიღებას ვაქცინაცია ეწოდება. ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებათა პრევენციის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. ვაქცინაციის შედეგად მიღებულმა საყოველთაო იმუნიტეტმა მსოფლიო მასშტაბით ამოძირკა ინფექციური დაავადება ყვავილი და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მნიშვნელოვნად შეზღუდა ისეთი დაავადებები, როგორებიც არის პოლიომიელიტი, წითელა და ტეტანუსი. ვაქცინაციის ეფექტიანობა ფართოდ არის შესწავლილი და დადასტურებული. ეფექტიანობა დაამტკიცეს ისეთმა ვაქცინებმა, როგორებიცაა: გრიპის ვაქცინა, ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა, ჩუტყვავილას ვაქცინა.

- როდის უნდა ავცრათ ბავშვი?

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ამჟამად ლიცენზირებული ვაქცინები არსებობს 25 სხვადასხვა პრევენცირებადი ინფექციის წინააღმდეგ. პროფილაქტიკური აცრებისეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრებია:

  • BCG – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა– ვაქცინაცია კეთდება დაბადებიდან 0–5 დღის განმავლობაში;
  • Hep B – B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა –ვაქცინაცია კეთდება დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში (პირველი დოზა) აცრა ტარდება მონო ვაქცინით;
  • DTP-HIB-HepB-IPV– დიფტერია, ყივანახველა(არაუჯრედული), ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპიB, B ჰეპატიტის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის(ინაქტივირებული)საწინააღმდეგოაცრა „ჰექსა“ – ვაქცინაცია ტარდება2, 3, 4, თვის ასაკში;
  • Rota–როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა.ვაქცინაცია ტარდება2- 3 თვის ასაკში;
  • PCVპნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგოაცრავაქცინაცია ტარდება2, 3, 12, თვის ასაკში;
  • MMR –წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგოაცრა –ვაქცინაცია ტარდება12 თვის და 5 წლის ასაკში;
  • DaPT-IPV – დიფტერია, ყივანახველა(არაუჯრედული), ჰტეტანუსის,პოლიომიელიტის( ინაქტივირებული)საწინააღმდეგოაცრა„ტეტრაქსიმი–ვაქცინაცია ტარდება18 თვის და 5 წლის ასაკში;
  • Td ტეტანუსის, დიფტერიიას საწინააღმდეგოაცრა- ვაქცინაცია ტარდება14 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ10 წელიწადში, 55 წლამდე;
  • HPV ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ვაქცინაციის დასაწყისი 10, 11, 12 წლის ასაკიდანორჯერედად. აცრებს შორის ინტერვალი 9 თვე). ჯერჟერობის მხოლოდ გოგონებში.

- რამდენად მიზანშეწონილია აცრის გადავადება?

იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტიაა და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი.

- შესაძლებელია თუ არა გართულება მოჰყვეს?

როგორც უკვე მოგახსენეთ, რადგანაც ვაქცინა იმუნობიოლოგიურად აქტიური პრეპარატის, მის შეყვანას შესაძლებელია თან ახლდეს რეაქციები ან გართულებები.

ვაქცინაციის შემდგომი რეაქციები – ტემპერატურის მომატება, ინექციის ადგილის შეწითლება, შესიება. პათოლოგიად არ მიიჩნევა, რადგან ისინი ორგანიზმში განვითარებულ იმუნურ პასუხს ასახავს და მკურნალობის გარეშეც გაივლის. დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ რეაქციები შესაძლოა 48 საათი გაგრძელდეს. პატარას, თქვენი პედიატრის რჩევით, სათანადო დოზით სიცხის დამწევი პრეპარატი მიეცით, ამითბავშვს ვაქცინის შეყვანის ადგილას განვითარებული ტკივილიცდაუდუმდებადა ტემპერატურაც დაიწევს. წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო აცრის შემდგომი რეაქცია შესაძლებელია მოგვიანებით მე-4-10 დღეს გამოვლინდეს, ტემპერატურის მომატებით, გამონაყრით, რაც თავისთავად გაივლის.

სხვაგვარად გამოვლენილი ვაქცინაციის გართულებები შეიძლება იყოს ანაფილაქსიური (ალერგიული) შოკი, კრუნჩხვა, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევა, ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას.გართულებათა მიზეზი შესაძალებელია იყოს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები, უხარისხო ვაქცინები, ვაქცინების ტრასნპორტირებისა და შენახვის წესების, აგრეთვე ინექციის წესების დარღვევა. ამიტომ ვაქცინაცია შესაბამისი დებულებების სრულყოფილი დაცვით უნდა წარმოებდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე, მავნე მინარევებისაგან გასუფთავებული ვაქცინები იშვიათად იწვევს გართულებებს.
ვაქცინაციამდე ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რათა განისაზღვროს, აქვს თუ არა პატრას აცრის უკუჩვენება.

უკუჩვენებები კი მართლაც არსებობს, მაგალითად, ბავშვის აცრა დაუშვებელია, თუ წინა აცრაზე მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქონდა ან ამ ეტაპზე აქვს რაიმე მწვავე დაავადება. ცოცხალი ვაქცინები(მაგალითად, წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა) არ ტარდება შიდსით ან სიმსივნით დავადებულ პირებში, ორსულებში; დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას საწინაღმდეგიო აცრა დაუშვებელია პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებებისა და ეპილეფსიის დროს.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ აცრის უკუჩვენებას არ წარმოადგენს ზაფხული და გარემოს მაღალი ტემპერატურა.

- როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი აცრისთვის?

აცრების შესახებ ყველა წვრილმანს, თუ როგორ მოამზადოთ პატარა აცრისთვის, ასევე, როგორ მართოთ აცრის შემდგომი პერიოდი,თქვენი ბავშვის პედიატრი გაგაცნობთ, თუმცა შემიძლია რამდენიმე მათგანი წინასწარ გითხრათ.

  • 2 თვის ასაკში, აცრის წინ სასურველია ბავშვთა ნევროლოგმა ნახოს, რათა გამოირიცხოს ჭეშმარიტი უკუჩვენება ნევროლოგიური სისტემის დაავადების გამო;
  • კარგია წინასწარ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მომარეგება;
  • აცრის წინ ანტიალერგიული მედიკამენტების მიცემა არ არის მიზანსეწონილი, რადგანაც ეს მედიკამენტები თრგუნავენ იმუნურ რეაქციებში მონაწილე ჰისტამინის გამომუშავებას. შესაბამისად შეფერხდებასრულყოფილი იმუნიტეტის ჩამოყალიბება;
  • აცრის წინ მოზრდილ ბავშვს ეცადეთ აუხსნათ აცრის მნიშვნელობა, და გააფრთხილოთ, რომ ნემსის ჩხვლეტა არ არის სრულიად უმტკოვნეულო.
  • დღევანდელი სისტემატიზაციის პირობებში ექიმს შეუძლია პორტალიდან ნახოს ინფორმაცია თქვენი პატარას აცრების შესახებ, მაგრამ უმჯობესიათან გქონდეთ დოკუმენტი ჩატარებული აცრების შესახებ.


წლებმა დაადასტურა ვაქცინაციის ეფექტურობა დიდი ეპიდემიებისა და პანდემიების წინააღმდეგ, რომლებიც კაცობრიობას ახსოვს. ჩვენ 21-ე საუკუნის ადამიანებს ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ჯანსაღ, თავისუფალ ცხოვრებას, ვიზრუნოთ საკუთარ თავებსა და გარშემომყოფებზე.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად