Baby Bag

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია? - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვებში ბულინგის პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„არაადეკვატურობა ნიშნავს იმას, რომ ისე ჩაერიონ მშობლები, რომ მოცვივნენ სკოლაში, ატეხონ ერთი ამბავი და ამით კიდევ უფრო მეტი ჩაგვრის საბაბი მისცეს მჩაგვრელებს. ცემაზე უფრო ზოგჯერ ბავშვებს დაცინვის ეშინიათ. დაცინვა და ფსიქოლოგიური ბულინგი არის ძალიან მძიმე ბავშვისთვის. არაადეკვატურობაა ისიც, რომ შვილს ამუნათებენ: „რა არის, რით ვეღარ იცავ შენს თავს?!“ იქ დაჩაგრეს ბავშვი და სახლშიც ჩაგრავენ. ადეკვატურობა ნიშნავს მხარდაჭერას, გვერდში დადგომას, მოსმენას და მერე ერთად გადაწყვეტას.

ბავშვის რესურსი უნდა გაძლიერდეს, გაიგოს სკოლის ადმინისტრაციამ, სკოლაში სასურველია იყოს ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედაგოგები რომლებიც ამ საკითხზე იმუშავებენ. უფროსი მეგობრებისა და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ჩარევას ვხედავთ, რომ შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგი. სკოლის გარეთ ხდება გარჩევები, მოდიან დანით. ამას ვერავინ ვერ აკონტროლებს, ამიტომ სჯობს, მისთვის სანდო უფროსს უთხრას ბავშვმა. აუცილებელია მხარდაჭერა. არ შეიძლება ჩვენც დავაბულინგოთ ბავშვი, რომელიც ისედაც დაჩაგრულია.

ბოლო დროს განსაკუთრებით გავრცელდა კიბერბულინგი. ერთმანეთის გასაოცარი ჩაგვრა მიდის. ბავშვებში მოდებულია შიშველი ფოტოების ერთმანეთთან გაგზავნა. ამას აიძულებენ ბავშვს. მჩაგვრელს სურს ჰქონდეს რაღაც ისეთი, რითიც შემდეგ მანიპულირებას შეძლებს. აშინებს ბავშვს, რომ დედას რაღაც მოუვა, მამას რაღაც მოუვა. მასაც ეშინია. უცნაური ის არის, რომ ბავშვები აგზავნიან ამ ფოტოებს. შემდეგ ამის გასაჯაროვება ხდება. ამაზე დასცინის ყველა ერთმანეთს. ძალიან ბევრი ბავშვი ამის გამო გადადის სკოლიდან, იძულებულია უბანი შეიცვალოს. აქ სჭირდება ბავშვს ფსიქოგანათლება მასწავლებლისგან, ფსიქოლოგისგან,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაყინვის მეთოდი არის უპირატესი შენახვის სხვა მეთოდებთან შედარებით,“ - სურსათის უვნებლობის საერთაშორისო კონსულტანტი მზია კუზნეცოვა

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო კონსულტანტი მზია კუზნეცოვა გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ გაყინული პროდუქტების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ შენახვის ეს მეთოდი სხვა მეთოდებთან შედარებით უპირატესია:

„დავიწყოთ იმით, თუ რა მოსდის პროდუქტს გაყინვის პროცესში. გაყინვა საუკუნეების მანძილზე გამოყენებული მეთოდია ხილისა და ბოსტნეულის შესანახად. გაყინვის მეთოდი უფრო ცხოველური პროდუქტებისთვის გამოიყენება, თუმცა ბევრი ამ მეთოდით ხილსა და ბოსტნეულსაც ინახავს. გაყინვის მეთოდი დაფუძნებულია პროდუქტში არსებული წყლის ნაწილაკების ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებაზე. წყალი გადადის მყარ მდგომარეობაში. სხვა თვისებები ამ დროს პროდუქტში არ იცვლება. ყველა ის თვისება, რაც იცვლება დამოკიდებულია იმ ყინულის კრისტალების რაოდენობაზე, რომელიც გაყინვის პროცესში წარმოიქმნება. გაყინვის მეთოდი არის უპირატესი შენახვის სხვა მეთოდებთან შედარებით. ამას აღიარებს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სურსათის უვნებლობის მიმართულებით მუშაობს. გაყინვა უფრო მეტად განაპირობებს პროდუქტში საწყისი თვისებების: გემოს, სუნის, ფერის და სტრუქტურის შენარჩუნებას, ვიდრე შენახვის ნებისმიერი სხვა მეთოდი.“

მზია კუზნეცოვას თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის გაყინვის მეთოდს:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გავყინავთ პროდუქტს. პროდუქტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიყინოს. პროდუქტის შიდა ტემპერატურამ ძალიან მალე მინუს თვრამეტ გრადუსს უნდა მიაღწიოს. სწრაფი გაყინვის დროს წარმოიქმნება დიდი რაოდენობით და წვრილი კრისტალები, ნელი გაყინვის დროს, პირიქით, ცოტა და დიდი კრისტალები. დიდი კრისტალები იწვევს უჯრედის კედლის დაზიანებას, იცვლება პროდუქტის სტრუქტურა და ტექსტურა ირღვევა. ამას ვიზუალურადაც ვამჩნევთ, რადგან გალღობის შემდეგ პროდუქტი იშლება.“

მზია კუზნეცოვა აღნიშნავს, რომ გაყინვისას ვიტამინები უფრო ნაკლებად იშლება, ვიდრე კონსერვირების დროს:

„განსაკუთრებით მგრძნობიარეა C ვიტამინი, ის ადვილად იშლება, მაგრამ ის იშლება მანამდე, ვიდრე გავყინავთ. როდესაც ის მოდის შეხებაში ლითონის ზედაპირთან, C ვიტამინის 10 % იკარგება. კონსერვირების პროცესში ადგილი აქვს თერმულ დამუშავებას. პროდუქტი როდესაც თერმულად მუშავდება, ვიტამინები გაცილებით სწრაფად იშლება, ვიდრე დაბალ ტემპერატურაზე. გაყინვისას ნელდება ქიმიური რეაქციები, ნელდება უჯრედული მეტაბოლური რეაქციები, ნელდება მიკროორგანიზმების ზრდა, შესაბამისად ვიტამინებიც უფრო ნაკლებად იშლება, ვიდრე მოხარშვის და კონსერვირების დროს. გაყინვამდე პროდუქტი უნდა მომზადდეს. ის უნდა გაირეცხოს, მოსცილდეს ყველა დაზიანებული ნაწილი. ამის შემდეგ, სასურველია, რომ პროდუქტი გაშრეს, რათა გაყინვის პროცესში დიდი კრისტალები არ წარმოიქმნას. შემდეგ ის უნდა მოვათავსოთ პროდუქტან შემხებლობაში დაშვებულ მასალაში, მაგ. ზიპ პარკებში. ზიპ პარკი პროდუქტის გასაყინად იდეალური საშუალებაა. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად გამოვტუმბოთ ჰაერი პროდუქტიდან, რაც ხარისხის შენარჩუნებას უწყობს ხელს.“

მზია კუზნეცოვას თქმით, გაყინვამდე პროდუქტების აგრესიულ დამუშავებას უნდა მოვერიდოთ:

„რაც უფრო ნაკლებად აგრესიულ პროცედურებს ჩავრთავთ მომზადების პროცესში, მით უკეთ შეინახება პროდუქტი. მოწალვა და შეწვა დაკავშირებულია თერმულ დამუშავებასთან. რაც შეეხება სხვადასხვა პროდუქტის ერთად შენახვას, ყველა პროდუქტს აქვს შენახვის სხვადასხვა ვადა. ამიტომ, სასურველია, რომ არ ავურიოთ პროდუქტები ერთმანეთში და მიქსები არ შევინახოთ. საერთაშორისო გაიდლაინებით, სახლის პირობებში გაყინული პროდუქტების შენახვის ვადა არის საშუალოდ სამიდან თორმეტ თვემდე. სეზონიდან სეზონამდე პროდუქტების მეტი წილი ინახება. გალღვობის შემდეგ ხილი შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხლად. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მას დაკარგული ექნება თავისი სტრუქტურა. ხილს უფრო მეტად ეკარგება სტრუქტურა, ვიდრე ბოსტნეულს, რადგან ის უფრო ფაქიზია, ვიდრე ბოსტნეული და ადვილად ზიანდება გაყინვის დროს. ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც მაცივარში ყინავთ, აუცილებლად ულუფებად უნდა გაიყინოს, რადგან უკვე გამლღვალი პროდუქტების ხელახლა გაყინვა არის კატეგორიულად აკრძალული. გალღვობის დროს მიკროფლორა იღვიძებს, მიკროორგანიზმები მრავლდებიან და შემდგომი გალღვობისას პროდუქტი უკვე დაბინძურებული გამოდის.“

„დაჩირების დროს პროდუქტიდან ხდება წყლის წართმევა, გაყინვის დროს კი წყალი ნარჩუნდება და გადადის სხვა მდგომარეობაში. როგორც გაყინული, ასევე ჩირი პროდუქტი არის სასარგებლო, განსხვავებით კონსერვებისგან. კონსერვები შენახვის მეთოდებში ყველაზე დაბალი პრიორიტეტისაა და ყველაზე ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ. ვერ ვიტყოდით რომ ჩირსა და გაყინულ პროდუქტს შორის რომელი უფრო კარგია, ორივე სასარგებლო პროდუქტია. შენხვის მეთოდებს შორის გაყინვა შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორც კარგი მეთოდი. ჩემი აზრით, ზამთარში სასათბურე პირობებში მოყვანილ პროდუქტებთან შედარებით გაყინულ პროდუქტებში უფრო მეტი სასარგებლო თვისებებია,“- აღნიშნავს მზია კუზნეცოვა.

წყარო: ​დილა ფორმულაზე 

წაიკითხეთ სრულად